მთავარი,სიახლეები

ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს – კაცი, რომელსაც აქციაზე სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს

04.12.2024 •
ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს – კაცი, რომელსაც აქციაზე სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს

აქტივისტი და უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი მათ შორისაა, ვინც დაკავების და ცემის შემდეგ იზოლატორში არ შეუყვანიათ – ის იმდენად მძიმედ იყო, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა:

„აქტივისტი ვარ და ხშირად ვარ აქციებზე, მაგრამ არასოდეს დავუკავებივარ. იციან, რომ არ ვაშავებ, სხვა დროს არც კი მოსულან ჩემთან. პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გაზი გამოიყენეს, გაიფანტა ხალხის ნაწილი. ზოგი ავიდა ბესიკის ქუჩაზე, მეც გავყევი მათ, იქ რამდენიმე დასამალი ადგილია. მეგობარმა გამისწრო წინ და დადგა დროშით, მარტო იდგა და მასთან მივედი, იქ ვიდექით ერთად დროშებით. მოულოდნელად მოვიდნენ, თანვე გადავიდნენ შეურაცხყოფაზე ძალიან მძიმე ფორმებით.

დამაკავეს, სინამდვილეში ეს დაკავება არც იყო, ჩემი შემთხვევა იყო პირდაპირ ძალადობა, ისე გავილახე, რომ ასეთ გალახულებს აღარ აკავებენ. ლაივში იყო ჩემი დაკავება, ძალიან მათრიეს, ხელში აყვანილი მივყავდი ათამდე ადამიანს. წამიღეს და შემაგდეს მანქანაში, გამატარეს სადამსჯელო კორიდორი, მაგინეს, მაფურთხეს, წიხლებს მირტყამდნენ. ჩემი დაკავება ლაივში იყო, ეს იცოდნენ ამიტომაც ერთი ეუბნებოდა არ დაარტყათო, ვვარაუდობ იმის გამო, რომ არ გამოჩენილიყო კამერაში, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. ეს იყო სადამსჯელო კორიდორები, გავიდნენ, რაღაცას გასცდნენ.“

გია ჯვარშეიშვილი გვიყვება, რომ ამის შემდეგ ავტომანქანაშიც იძალადეს მასზე, ძალადობდნენ ფსიქოლოგიურადაც, აყენებდნენ შეურაცხყოფას: „პოლიციელები მეუბნებოდნენ მოგტ – თო“.

გია გვიყვება, რომ ავტომანქანაში ტელეფონი, საფულე და სხვა პირადი ნივთები ამოუღეს ჯიბიდან, წაართვეს ზურგჩანთა.

გია ჯვარშეიშვილს ორი ნეკნი ჩაუმსხვრიეს. ამბობს, რომ ამის გამო ვერ ახერხებდა დაჯდომას:

„რომ მირტყამდნენ, ვერ დავჯექი, ისინი უფრო მეტ ტკივილს ვერ მომაყენებდნენ, ვიდრე იყო ნეკნი. ძირს დამაგდეს, შემდეგ მარშუტკის ბოლო ნაწილში გადავხოხდი. ვეგდე იქ ბოლოში, ვერ ვსუნთქავდი, სადღაც 15 წუთი იქ ვიყავი, ერთი ბიჭი შემოაგდეს, ისიც სცემეს. შემდეგ მოვიდა პოლიციელი და მიხვდა, რომ ნეკნი მქონდა გატეხილი, თქვა სასწრაფოთია გადასაყვანიო. მოვიდა სასწრაფო, ექიმმაც დაადასტურა გადასაყვანიაო, ამის შემდეგ საავადმყოფოში გადამიყვანეს.“

გია გვიყვება, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას არ უგინებიათ და „განსხვავებული ფორმატის“ შეურაცხყოფას აყენებდნენ:

„არ მომიწონეს წვერის სიგრძე, „ბომჟი“ მეძახეს, ექიმებზე ზემოქმედებასაც ცდილობდნენ, ჰიპოკრატეს ფიცი რომ არ გქონდეთ დადებული, ეს რა სამკურნალოაო ეუბნებოდნენ, მაგრამ ექიმებზე მინდა ვთქვა, რომ სამედიცინო პერსონალი მოწოდების სიმაღლეზე იყო, მათ აბსოლუტური ადამიანობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. წამოსვლისას აქციაზე დაკავებულს ფული როგორ გამოგართვათო. ტაქსით გამომიშვეს, როდესაც გაიგეს, რომ წართმეული მქონდა ყველაფერი.“

გია ამბობს, რომ ორი ნეკნის გატეხა ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ამან „უფრო მაგარ ცემას გადაარჩინა.“

გია ჯვარშეიშვილმა ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა შშმ პირის ცემის ფაქტს და ზვიად რატიანის დაკავებას:

„ამას აკეთებს სისტემა, არასასურველ პირებს ექცევა ასე – მეტი დაშინება რომ უნდათ, მეტია დაკავებული და მეტიც გალახული, თორემ სხვა დროსაც ხდება გალახვა, სულ ხდება. არ ჩანს ხოლმე ისე, მე ბოლო წლებში არ ვყოფილვარ აქციებზე ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ხუთი წლის წინ ვიყავი.“

გია ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ ისეთი მასშტაბის დანაშაულის შემდეგ, როგორიც ამ აქციებზე ჩაიდინეს, ბრძანების გამცემი ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს:

„ძალადობის ამ მასშტაბზე როცა მიდის ხელისუფალი… მე საერთოდაც ვთვლი, რომ არ არიან ლეგიტიმურები, ვინც გასცემენ ბრძანებას. ჩვენ ვამბობთ, რომ მეორედ საბჭოთა კავშირი აღარ გავხდებით. შეუძლებელია, საბჭოთა კავშირი გაგვხადონ.

ძალიან ცოტა დარჩა უკვე, ვინც არ გამოსულა აქციებზე. ჩვენ ხომ გვინდა შევდგეთ საზოგადოებად, რომელიც ამაყობს, ვეფხისტყაოსანი აქვს საამაყოდ, პათეტიკა არ მინდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ არის ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება, რომ ვიყოთ ძლიერები, ლაღები და დამოუკიდებლები. გამოვა ხალხი, ვინ შეიძლება, რომ ეს ძალადობა მიიღოს? ან რამდენ ხანს ეყოფათ ის პროპაგანდა, რომ მაშხალით შეიძლება მეტი ზიანის მიყენება, ვიდრე ასობით გაზის ბალონს რომ ისვრიან.

მძიმეა საკმაოდ, კეფაში რომ მოხვდეს, დააგდებს ადამიანს და შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს. რომ ისვრიან, ფიქრობენ იმაზე თავში ვის მოხვდება? გარდა იმისა, რომ გაზით გვაზიანებენ ათასობით ადამიანს.“

გია ჯვარშეიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ პირადი ნივთები, მისი პირადობის მოწმობა არც სასწრაფო დახმარების ექიმს გადასცა პოლიციამ, როცა ექიმმა პაციენტის რეგისტრაციისთვის მოითხოვა. გიას უფლებებს იურისტი ილონა დიასამიძე იცავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: