სიახლეები

მარტოხელა დედა ამბობს, რომ მის შვილს სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს

03.02.2015 • 1614
მარტოხელა დედა ამბობს, რომ მის შვილს სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს

 

11 წლის გ. რ.-ს („ბათუმელები“ არ ასახელებს ვინაობას, რადგან შემთხვევა არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება) ტკივილები უკანა ტანში 21 ივლისს, შუაღამით, 12 საათის შემდეგ გაუძლიერდა. გ-ს დედა, თ.რ. სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. მას შემდეგ, რაც ბავშვს ტკივილი არ შეუჩერდა, დედამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. თ.რ. ამბობს, რომ შესაბამისი დახმარების გაწევა სასწრაფოს ექიმმა ვერ შეძლო, „მერე ექთანმა იყოჩაღა, მოდი, ბავშვთა საავადმყოფოში წავიყვანოთო და სასწრაფო დახმარების მანქანით წავედით ანგისაში, ბავშვთა საავადმყოფოში. დაგვხვდა მორიგე ექიმი, რომელმაც მკითხა, რაშიაო საქმე. ავუხსენი, რომ ბავშვს სწორი ნაწლავი სტკიოდა. სასწრაფოს ექიმი ამბობდა, არ ვიცი, რა დიაგნოზი დავუწერო, მიკარნახეო და აპირებდნენ ოსტოეხონდროზის დაწერას. შევეპასუხე – ექიმო, ამ დიაგნოზით თუ გამიშვებთ, რა უნდა გაუკეთონ ბავშვს-მეთქი. მითხრეს, აბრძანდით ქალბატონო, მე-2 სართულზე, ქირურგთანო.“

 

ბავშვთა ქირურგიაში მორიგე ექიმი რენე თანდილავა იყო. სწორედ მის მიმართ აქვთ პრეტენზიები თ.რ.-ს. იგი ამბობს, რომ ექიმმა არათუ გასინჯა მისი შვილი, არამედ არც კი დაინტერესებულა, რა ჩივილებით მიიყვანა დედამ ბავშვი ღამის ორ საათზე საავადმყოფოში.

 

„გამოვიდა ეს ექიმი და მეძახის, აქ მობრძანდითო. – ყვება თ.რ.- ავუხსენი, ბავშვს ტკივილები აქვს-მეთქი. ჯანმრთელობის პოლისი, რომელიც ხელში მეჭირა, გამომართვა და რა არის ეს, ღამის 2 საათზე რომ მოდი, წადი ჩეკი მომიტანეო. ვუთხარი, არ მეკუთვნის გადახდა, სოციალურად დაუცველი ვარ-მეთქი. მაშინ კონსულტაციის გადახდის ქვითარი მომიტანეთო, არც ეს მეკუთვნის ექიმო და ბავშვი გამისინჯეთ-მეთქი. არაო – მითხრა. არც უკითხავს, ტკივილები რამდენ ხანს ჰქონდა, როდის დაეწყო… მომართვა უნდა მოგეტანა მაშინო. ვუთხარი, ექიმო, ღამის 2 საათზე როგორ უნდა მომეტანა მომართვა, სად უნდა მენახა ბავშვთა ექიმი. მაშინ დაბადების მოწმობა მომეციო, ჩანთაში ქსეროასლი მქონდა და ამოღებას ვაპირებდი, და არა ნამდვილი მეტრიკაო. ორიგინალი სკოლაში ინახება და ხვალ მოგიტანთ-მეთქი და არაო. უკან გამომიშვეს ბავშვის გაუსინჯავად, სახლში დავბრუნდი, რა უნდა მექნა. კარგი და ბავშვს ქუჩაში სისხლის დენა ატყდომოდა, რა უნდა გამეკეთებინა?! რა უფლებით არ გამისინჯა ბავშვი, რადგან სოციალურად დაუცველი და მარტოხელა დედა ვარ – ადამიანი არა ვარ?!“ _ კითხულობს თ.რ.

 

ქირურგი რენე თანდილავა ბათუმის უნივერსიტეტში ასწავლის და ანგისის დედათა და ბავშვთა ცენტრში რამდენიმე წელია მუშაობს. იგი ამბობს, რომ თ.რ.-ს პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან მას საბუთები მოწესრიგებული არ ჰქონდა. რენე თანდილავა უარყოფს, რომ პაციენტისგან დაბადების მოწმობის ორიგინალი მოითხოვა: „ვუთხარი, გაარკვიეთ „ემერჯენსში“ (რეგისტრატურა) და არ არის პრობლემა-მეთქი. ეს არის ტყუილი, არავითარი საბუთი არ ჰქონდა, ჰქონდა მხოლოდ დაზღვევის პოლისი, რაც საკმარისი არ იყო. ჩვენთან არის ასეთი წესი და ეს ჩემი დადგენილი არ არის: ნებისმიერი ავადმყოფი პირველ რიგში უნდა გატარდეს ემერჯენსში, რეგისტრატურაში, როდესაც რეგისტრატორი დააფიქსირებს კომპიუტერში, რომ ეს ავადმყოფი შემოვიდა, შემდეგ მიეცემა მას მიმართულება, ვინ სად გასინჯავს და რა სამედიცინო მომსახურება უდნა გაეწიოს. მე უფლება არ მაქვს, უფასოდ, ან სხვა კაბინეტში, ან „ხვალ მოვიტან დოკუმენტებს“ – ამის საფუძველზე მოვემსახურო ავადმყოფს.“ – განმარტავს რენე თანდილავა.

 

„ბათუმელების“ შეკითხვას, რამდენად სწორია კრიტიკულ მდომარეობაში ღამის ორ საათზე კტივილისგან შეწუხებული პაციენტისგან საბუთების მოთხოვნა, რენე თანდილავა ასე პასუხობს: „თუ ავადმყოფი კრიტიკულ მდომარეობაშია, დაჭრილია და ასე შემდეგ, რასაკვირველია დაუყოვნებლივ ვუწევთ დახმარებას. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ქალბატონი ამბობდა, ორი დღეა ტკივა ბავშვს უკანა ტანიო. ხომ შეიძლებოდა მოეყვანა დღისით, არა, ღამის ორ საათზე, სასწრაფოთი ისარგებლა – ეს ჩემი ვარაუდებია. მე გუშინაც ვიყავი მორიგე, პაციენტმა გააგზავნა ვიღაც სახლში, მოიტანა დოკუმენტაცია და გააფორმა. მაგრამ ამ ქალბატონმა არ ისურვა ეს. მე ვუთხარი, გაერკვია ე.წ. ღამის მენეჯერთან და თუ ის დათანხმდება, ჩემი თავი გენაცვალოთ-მეთქი. და ორი დღეა ბავშვს ტკივილები აქვს, ხომ შეიძლებოდა ამის მოწესრიგება, მითუმეტეს, რომ გაქვს პოლისი, იცი, რომ უმწეო ხარ და გეკუთვნის უფასო სამედიცინო დახმარება. ორად ორი ქაღალდი აქვთ მოსატანი, მაგრამ ეზარებათ. მითუმეტეს, რომ ეს არის სახელმწიფო დაწესებულება და მე არ მაქვს უფლება, უფასოდ მოვემსახურო ვინმეს. მე ამას არ ვამართლებ, მაგრამ რა ვქნა, მე ჩემს დაწესებულებაში არ ვარ.“

 

თ.რ. კი ამბობს, რომ მას თან ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა, თუმცა სამედიცინო დახმარება მის 11 წლის შვილს არ გაუწიეს. მეტიც, სოციალურად დაუცველი დედა ამბობს, რომ მისი შემთხვევა არ გაუფორმებიათ რეგისტრატურაში, მას არ მიუღია შესაბამისი ქვითარი, მორიგე ექიმმა იგი უბრალოდ რენე თანდილავასთან გაგზავნა, მისი უარის შემდეგ კი სახლში დაბრუნდა და შეეცადა ნაცნობ-მეგობრებისგან გაეგო, რით შეიძლებოდა დახმარებოდა 11 წლის შვილს, რომ ტკივილები მოხსნოდა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების უფასოდ გამოყენებას, სასწრაფო დახმარების ავტომობილს პაციენტი დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადაჰყავს საავადმყოფომდე უფასოდ.

 

თ.რ. – მ საკითხის შესასწავლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურს მიმართა. სამინისტროს ეს უწყება სადაზღვევო კომპანიებს, სამედიცინო დაწესებულებებს, ექიმებსა და პაციენტებს შორის წარმოქმნილ პრობლემებს სწავლობს და აგვარებს. თ.რ. ამბობს, რომ მათგან პასუხს ელოდება, თუმცა მედიაციის სამსახურის უფროსი, ანზორ ბალაძე მიიჩნევს, რომ საკითხი უკვე მოგვარებულია – „ჩვენ მოვუსმინეთ ქალბატონ თ-ს და მან მიიღო ჩვენგან განმარტება“ – ამბობს ანზორ ბალაძე. იგი დასძენს, რომ თ.რ.-ს არ დაუწერია ოფიციალური განცხადება, რომლის საფუძველზე მედიაციის სამსახური დაიწყებდა საქმის შესწავლას, ამის შემდეგ კი საქმე შესაძლოა გადაეცეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც მსგავს შემთხვევებს შეისწავლის.

 

თ.რ. -ს თქმით, 11 წლის გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა იგი ამბობს, რომ მედიაციის სამსახურში განცხადებას აუცილებლად დაწერს ამ შემთხვევის შესახებ: „უსამართლობა ხშირად უმოქმედობაში გამოიხატება“ -ამბობს ის, – „ასეთი რამ სხვებსაც შეიძლება შეემთხვეს.“

გადაბეჭდვის წესი