მედიის განვითარების ფონდმა და მითების დეტექტორმა მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი ტენდენციების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა.
კვლევის მიხედვით, „მითების დეტექტორმა“ 2025- 2026 წელს (აპრილის ჩათვლით) მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა.
აქედან ყველაზე გავრცელებული (26 შემთხვევა) ვიზუალური მანიპულაცია იყო. ვიზუალური მანიპულაცია თავის მხრივ მოიცავდა 15 ვიდეომანიპულაციასა და 11 ფოტომანიპულაციას.
გამოვლინდა თაღლითობის 6 შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტების ვიზუალს მეტწილად სამედიცინო მედიკამენტების რეალიზების მიზნით იყენებდნენ.
გამოვლინდა ასევე მანიპულაციისა და უკონტექსტო შინაარსის გავრცელების 4 და დეზინფორმაციის გავრცელების 3 შემთხვევა და ჟურნალისტების სახელით და ჟურნალისტის წინააღმდეგ ციტატის გაყალბების 3 მაგალითი.
ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ტაქტიკები დივერსიფიცირებულია.
ყველაზე ხშირად, 12 შემთხვევაში, ჟურნალისტების/მედიის მიკერძოებაში დადანაშაულება და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივება ხდებოდა.
ამასთანავე თითქმის თანაბრად გამოიყენებოდა გენდერული დეზინფორმაციისა და სლატშეიმინგის ტაქტიკა.
შედარებით ნაკლებად – თაღლითურ პოსტებში მეტი სანდოობის მოსაპოვებლად მეინსტრიმული მედიის ჟურნალისტების ვიზუალს იყენებდნენ. დეზინფორმაციული და მანიპულალციური მასალები ჟურნალისტების წინააღმდეგ ასევე მოიცავდა მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას, გაქილიკებას და შეურაცხადად გამოცხადებას, ორმაგ სტანდარტებში და ერთ შემთხვევაში ჯაშუშობაში დადანაშაულებას.
დეზინფორმაციული, მანიპულაციური შინაარსის ყველაზე ხშირი სამიზნე ტვ პირველის ჟურნალისტები იყვნენ, ასევე პატიმრობაში მყოფი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და მისივე დაფუძნებული გამოცემები, რასაც პროპაგანდისტული ნარატივებიც ემატებოდა.

- დეზინფორმაცია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
მედიის განვითარების ფონდისა და მითების დეტექტორის კვლევაში ნათქვამია, რომ პატიმრობაში მყოფი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, სახაროვის პრემიის მფლობელი მზია ამაღლობელი როგორც დეზინფორმაციის, ასევე მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე იყო, რასაც ანონიმური ფეისბუქგვერდებისა და ანგარიშების კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც ერთვოდა.
“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელი დამნაშავედ მანამ გამოაცხადა, ვიდრე სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე ვერდიქტს გამოიტანდა და ის პოლიციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა.
აღნიშნული ქმედება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მზია ამაღლობელს მისი რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან სასამართლომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა პირველივე სხდომაზე შეწყვიტა.
მზია ამაღლობლის საქმეში პოლიტიკური მოტივების უარყოფის მიზნით მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნინო წილოსანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, სახელისუფლებო ტელე იმედის ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ჟურნალისტს დარღვეული უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
მათ მიერ გავრცელებული, განმეორებადი გზავნილები იდენტური შინაარსის იყო და ამკვიდრებდა აზრს, რომ ეს ფაქტი საქმეში პოლიტიკური მოტივების არარსებობას ადასტურებდა, რადგან გარდაუვალი მარცხის თავიდან ასაცილებლად ამაღლობელმა საერთაშორისო მართლმსაჯულების შესაძლებლობებით არ ისარგბელა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის მზია ამაღლობელს ამ განცხადებების გაკეთებამდე გაცილებით ადრე ჰქონდა მიმართული, ხოლო 23 ივნისიდან სტრასბურგის სასამართლოს მოპასუხე მხარესთან – საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდა დაწყებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები მანიპულაციურად აშუქებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე გერმანიის ელჩის განცხადებასა(Postv) და ინფორმაციას გერმანიაში ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით (ტვ იმედი).
გაშუქება მიზნად ისახავდა დაემკვიდრებინა აზრი, რომ ამაღლობელის საქმის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკა დაუსაბუთებელი და საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების გამოვლინება იყო.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სოციალურ მედიაში კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც (CIB) გამოვლინდა. ერთი მხრივ, ანონიმური ფეისბუქგვერდები მის დისკრედიტაციას სხვადასხვა პოსტებით, მათ შორის გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდნენ, მეორე მხრივ ყალბი ანგარიშები ონლაინ გამოცემების „ინტერპრესნიუსის“, News.on.ge-ის და Tabula-ს კომენტარებში აქტიურობდნენ და ჟურნალისტის შესახებ ნეგატიურ კომენტარებსა და რეაქციებს ტოვებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ერთ-ერთი ტროლის კომენტარებს სახელისუფლებო მედიაც (კვირა, რეპორტიური, news-hub პრაიმ-ტაიმი) კოორდინირებულად ციტირებდა.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ანგარიშს რამდენიმე სახელი და ფოტო აქვს გამოცვლილი, მათ შორის სხვისი კუთვნილი და მედიაშიც განსხვავებული ვიზუალით და სახელით არის ციტირებული”, – ნათქვამია კვლევაში.
დეზინფორმაციული და მანიპულაციური მასალები ასევე ვრცელდებოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის სხვა მედიების მიმართ: ფორმულა, მისმინე, კავკასია, მთავარი არხი, მთის ამბები. ერთ შემთხვევაში კი სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.
ფეისბუქზე გავრცელებულ თაღლითურ პოსტებში გამოყენებული ჟურნალისტები მეტწილად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებიდან (საზოგადაოებრივი მაუწყებლის არხი, იმედი, რუსთავი) იყვნენ, ასევე ევრონიუს საქართველოდან და ქვიარ-ფემინისტური გამოცემა „აპრილიდან“.






