მთავარი,სიახლეები

პატრიარქობის 3 კანდიდატი – ვინ არიან ისინი

28.04.2026
პატრიარქობის 3 კანდიდატი – ვინ არიან ისინი

დღეს, 28 აპრილს, გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი),  მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

წმინდა სინოდში 39 მღვდელმთავარია, დღეს გამართულ სხდომას კი 38 ესწრებოდა. სხდომაზე არ იყო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

პატრიარქობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.

ხმები ასევე მიიღეს: წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოზმა.

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს, დადგენილია პატრიარქის არჩევის წესი. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

გთავაზობთ პატრიარქობის კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომელიც მომზადებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიების მიხედვით.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სწორედ ამ სამი კანდიდატიდან ერთი გახდება.

  •  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

შიო მუჯირი (ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა.

შიო (ელიზბარ) მუჯირი ბერად აღიკვეცა 1993 წლის 5 იანვარს, დიაკვნად აკურთხეს 1995 წლის 19 აგვისტოს, ხოლო მღვდლად აკურთხეს 1996 წლის 6 მაისს.

ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, ხოლო მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს 2009 წლის 20 სექტემბერს. მიტროპოლიტობა ებოძა 2010 წლის 2 აგვისტოს.

2017 წლის 23 ნოემბერს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაასახელა.

კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო

განათლება

შიო (ელიზბარ) მუჯირმა დაწყებითი საშუალო განათლება თბილისში, 53-ე საშუალო სკოლაში მიიღო. პარალელურად კი სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში.

1988 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

1998 წელს შიო (ელიზბარ) მუჯირმა დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე.

2001 წლიდან სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

საეკლესიო ცხოვრება

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ელიზბარ მუჯირი 1991 წელს  მორჩილად მივიდა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და  სახელად შიო უწოდეს. ბერი შიო ჯერ მონასტრის ტრაპეზარი იყო, შემდეგ კი ეკონომოსი.

1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელ-მონაზონი შიო თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

2001 წლის ოქტომბერში გახდა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე. 18 მარტს შეკრებიულმა სინოდმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი  

მეუფე იობი, ერისკაცობაში – ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი დაიბადა 1960 წლის 25 მაისს, სოფელი სნოში (დაბა ყაზბეგი).

1988 წლის 3 იანვარს აღიკვეცა ბერად, 1988 წლის 19 იანვარს აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1988 წლის 27 მარტს აკურთხეს მღვდლად.

1992 წლის 17 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად, ხოლო 1996 წლის 25 დეკემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსობა.

2000 წლის 28 ნოემბერს გახდა მიტროპოლიტი.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი

  • განათლება  

მეუფე იობი (ელგუჯა) აქიაშვილმა 1977 წელს დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა. 1978 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1982 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად. 1983 წელს კი საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილე გახდა. 1984 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად.

1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

  • საეკლესიო ცხოვრება

ელგუჯა აქიაშვილი სტუდენტობის წლებში სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი იყო. 1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ელგუჯა აქიაშვილი ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად იობი. იმავე წლის 19 იანვარს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 28 მარტს – მღვდლად.

1988 წლის 22 ივნისს მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მღვდელმონაზონი იობი მონაწილეობდა აჭარაში მოწყობილ მისიონერულ მოგზაურობაში.

1989 წლის 3 სექტემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, იმავე წლის ოქტომბერში გადაიყვანეს აჭარაში, სხალთის ახლადგახსნილ მამათა მონასტერში.

1990 წლის 28 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იღუმენი იობი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1990 წლის სექტემბერში არქიმანდრიტი იობი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, კომანის მონასტერში, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იძულებული გახდა დროებით კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო.

1990 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც.

1992 წლის მაისში სინოდმა მეუფე იობი გამოარჩია მანგლელ ეპისკოპოსად.

1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი იობი დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.

1992 წლის 25 დეკემბერს მეუფე იობი გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.

1995 წლის გაზაფხულზე წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ეპისკოპოსი იობი დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად.

1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით.

2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს. არის საღვთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.

  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლი, ერისკაცობაში – გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი 1956 წლის, 18 ივლისს,  თბილისში.

დიაკვნად აკურთხეს 1989 წლის 14 ოქტომბერს, მღვდლად აკურთხეს 1990 წლის 27 მარტს. ბერად აღიკვეცა 1996 წლის 21 მარტს, ხოლო იმავე წლის 24 მარტს აკურთხეს ეპისკოპოსად.

მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს 2003 წლის 7 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა ებოძა 2007 წლის 3 ივნისს. მეუფე გრიგოლი არის საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 განათლება

მიტროპოლიტი გრიგოლი (გურამ) ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის 134-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1973 წელს.

1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1991-1994 წლებში კი თბილისის სასულიერო აკადემიაში.

საეკლესიო ცხოვრება

1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ.

1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხა დიაკვნად და განამწესეს ბათუმის საკათედრო ტაძარში.

1990 წლის 24 მარტს, დიაკონი გურამი აკურთხეს მღვდლად და დაადგინეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად.

1991 წლის 6 მაისიდან პარალელურად ახლადამოქმედებული აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

მამა გურამმა ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვრობის დროს გამოსცა არაერთი საეკლესიო წიგნი, დააფუძნა ყოველთვიური ჟურნალი „წყარო“.

1993 წლის 15 ივლისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება.

1996 წლის 21 მარტს ეპისკოპოსმა იობმა დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ბერად აღკვეცა და ეწოდა გრიგოლი.

1996 წლის 23 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

1996 წლის 24 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა.

2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით კი ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია.

შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც. 2003 წლიდან მეუფე გრიგოლი მოიხსენიება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტად.

ფოთისა და ხობის ეპარქიაში ამჟამად 5 მოქმედი საპატრიარქოს საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებაა.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა, წმიდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრი „ნუგეში“, ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ – გამაჯანსაღებელი ცენტრი, ფოთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი (თავშესაფარი მშობლების მზრუნველობას მოკლებულთათვის).

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა სინოდის სხდომის ოქმი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: