მთავარი,სიახლეები

ზელენსკი განმარტავს, რა შორი მოქმედების იარაღი აქვს ამჟამად უკრაინას

05.03.2026
ზელენსკი განმარტავს, რა შორი მოქმედების იარაღი აქვს ამჟამად უკრაინას

ვაშინგტონში ბოლო ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ გაზეთ „The Independent“-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა იძულებული გახდა, საკუთარი შორი მოქმედების რაკეტები შეექმნა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზელენსკიმ მაშინ სცადა თეთრი სახლის ხელმძღვანელი დაერწმუნებინა, რომ ევროპისთვის მიეყიდა შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის რაკეტები, რათა უკრაინას მათი მიღება შესძლებოდა.

თუმცა მისი მცდელობები საბოლოოდ ჩაიშალა. ახლა კი ამ რაკეტებს დიდი ოდენობით იყენებენ ირანის წინააღმდეგ. ზელენსკის თქმით,  ირანის წინააღმდეგ რაკეტების გამოყენების რაოდენობის შესახებ მან სხვადასხვა შეფასება ნახა.

„2000? ზუსტად არ ვიცი, რამდენი იყო პირველი ორი დღის განმავლობაში. იცით, რამდენი ვთხოვე შეერთებულ შტატებს? – 200. მინიმუმ 100 ვთხოვე“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი დიდი ბრიტანეთისგან ახლა იღებს Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს და ფრანგულ SCALP-ს, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს საკუთარი ეფექტურობა. დანარჩენი შორი მოქმედების იარაღს კი უკრაინა ექსკლუზიურად აწარმოებს.

„ჩვენ დიდი ბრიტანეთიდან ვიღებთ „Storm Shadows“-ს და ეს გვეხმარება. ის ძალიან კარგი იარაღია. ასევე, საფრანგეთიდან ვიღებთ SCALP-ებს, წარსულში კი შეერთებული შტატებისგან  ATACMS-ებს ვიღებდით შეზღუდული რაოდენობით. მაგრამ სულ ესაა. 200 ან 250 კილომეტრზე მეტი დიაპაზონის მქონე სხვა არაფერი მიგვიღია სხვა ქვეყნებიდან. არასდროს.

შორი მანძილის – 500-1000 კილომეტრი და მეტი შესაძლებლობების – ყველა ეს უკრაინაში შემუშავდა“, – ირწმუნება ზელენსკი.

აქამდე დიდმა ბრიტანეთმაც აღნიშნა, რომ უკრაინული FP-5 Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა ამერიკულ Tomahawk-ზე უფრო მძლავრი და ეფექტურია. Flamingo-ს მოქმედების რადიუსი 3000 კმ-ს აღწევს – ორჯერ მეტი, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი – და მისი ტვირთამწეობაც ორჯერ მეტია – ერთ ტონა ასაფეთქებელ ნივთიერებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: