უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პიარისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის საშინელი შედეგების კადრების კვლავ გამოყენებას და ქმედებას მორიგ არამეგობრულ ნაბიჯებად აფასებს.
„ამგვარი ცინიკური ნაბიჯები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ. იწვევს სამართლიან აღშფოთებას უკრაინულ საზოგადოებაში,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინული მხარე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ „ქართული ხელისუფლება ემორჩილება მოსკოვს“:
„სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ ეშინია საქართველოს მთავრობას მოსკოვის. როგორ უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რაც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, – წერია განცხადებაში.
საგარეო უწყება მოუწოდებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულწრფელები საკუთარი ხალხის წინაშე და თავიანთ გვერდებზე უფრო რეალისტური სურათი გაავრცელონ: „რუსული ტრიკოლორი მარჯვნივ, ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები მარცხნივ“.
უწყების განცხადებით, „ეს სურათი უკეთ ასახავს რეალობას, რადგან მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ ომს, არამედ ევროპულ მომავალს დააშორა“.
მიუხედავად კრიტიკისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რჩება მტკიცე და თანმიმდევრულ პოზიციაზე საქართველოს მეგობარი ხალხის მხარდაჭერის საქმეში – „მათი მისწრაფებებისკენ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“.
ფოტოზე კადრი „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ვიდეო-რგოლიდან, რომელზეც მარცხენა მხარეს უკრაინაში დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსი ჩანს, მარჯვენა მხარეს კი შადრევანი ვაკის-პარკიდან, სადაც 2022 წელს 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა და დაიღუპა.






