მთავარი,სიახლეები

საფეხბურთო აკადემია გონიოში პორტუგალიელი და ქართველი მწვრთნელებით – ვინ ჰპირდება ბავშვებს უფასო ვარჯიშებს

05.03.2026
საფეხბურთო აკადემია გონიოში პორტუგალიელი და ქართველი მწვრთნელებით – ვინ ჰპირდება ბავშვებს უფასო ვარჯიშებს

საფეხბურთო კლუბი „გონიოს“ თავის ბაზაზე საბავშვო საფეხბურთო აკადემიას ხსნის. აკადემიის გენერალურ მენეჯერად პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში მოიწვიეს, შეიკრიბა სამწვრთნელო შტაბიც, ქართველი და პორტუგალიელი მწვრთნელებით.

აკადემიამ უკვე გამოაცხადა მიღება ბავშვებისთვის, ვისაც ფეხბურთელობა სურს. კლუბის ინფორმაციით, ვარჯიშები 10 მარტიდან დაიწყება.

„საფეხბურთო კლუბი „გონიო“ უნდა გახდეს ადგილი, სადაც ქართველი ბავშვების ნიჭი და ევროპული პროფესიონალიზმი ერთმანეთს შეხვდება,“ – ასეთია გონიოს ბავშვთა აკადემიის გზავნილი.

კლუბის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, ნებისმიერი ბავშვისთვის სწავლა უფასო იქნება. აკადემია ეძებს ტალანტებს, რომლებსაც გზას გაუხსნის ევროპული საფეხბურთო სივრცისაკენ.

„მე და ჩემი მეგობრები 90-იანებში გაზრდილი ბავშვები ვართ, რომლებიც ფეხბურთით ცხოვრობდნენ. ქუჩაში მიპოვეს ფეხბურთის თამაშის დროს. მერე ჩემით ვცადე – ბათუმიდან თბილისში წავედი, ჩემი სახსრებით ვიცხოვრე. გამომიძახეს საქართველოს 15-წლამდელთა და შემდეგ 17-წლამდელთა ნაკრებში. მერე ოჯახური პირობების გამო მომიწია ბათუმში დაბრუნება. თითქმის მსგავსი ისტორია აქვს ჩემს მეგობარ დავით დოლიძეს. კარგი მონაცემები ჰქონდა, კარგად თამაშობდა, მაგრამ ჩვენი ოცნება ფეხბურთელობაზე ოცნებად დარჩა.

როცა გავიზარდეთ, გადავწყვიტეთ სხვა ბავშვების ოცნებები აგვეხდინა. შევქმენით გონიოს ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ხაზგასმით ვამბობ, აქ სწავლა ყველა ბავშვისათვის იქნება უფასო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა რუსლან პაშკოვმა.

რუსლან პეშკოვის თქმით, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბების იდეა დავით დოლიძეს გაუჩნდა, საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ პრეზიდენტს.

„დავითმა თავისი პირადი ფინანსები ჩადო ამ აკადემიაში. ასევე ეხმარებიამ მისი მეგობრებიც. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ირაკლი ბერიძეს, რომელიც ჩვენი ტექნიკური დირექტორია. სამწვრთნელო შტაბიც და ყველა, ვინც აქ ვართ, ფეხბურთზე შეყვარებული ერთი დიდი ოჯახია,“ – ამბობს აკადემიის მენეჯერი.

  • ვის შეუძლია მონაწილეობა და რას სთავაზობს აკადემია ბავშვებს – კლუბის გზავნილები

ნებისმიერ ბავშვს, თუ მას უკვე შეუსრულდა 9 წელი, შეუძლია მიმართოს აკადემიას და უფასოდ ისწავლოს.

საფეხბურთო აკადემიაში სწავლა 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს შეეძლებათ. ყველა მათგანი უფასოდ ისწავლის.

გონიოს აკადემიას სამი ღია სტადიონი აქვს – გონიოში, ახალსოფელსა და ჭარნალში.

„ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა დავამატოთ ერთი სტადიონი – ე.წ. მანეჟი, გადახურული, ხელოვნური სტადიონი, რომ ზამთრის პირობებშიც, როგორც უფროსმა გუნდმა, ისე ჩვენი აკადემიის ბავშვებმა ივარჯიშონ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა რუსლან პაშკოვმა.

რუსლან პეშკოვის თქმით, აკადემიაში მისულ ბავშვებს დახვდებათ პროფესიონალი სამწვრთნელო შტაბი და გარემო, სადაც პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.

აკადემიის აღსაზრდელებთან პორტუგალიელი მწვრთნელები იმუშავებენ, ქართველ მწვრთნელებთან ერთად. 

მისი თქმით, სწორედ ამის ნიშანია ის, რომ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერად ბრუნო ფერნანდეში მოიწვიეს. ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, პორტუგალიის ჩემპიონი, თასის მფლობელი და UEFA-ს თასის მფლობელი საფეხბურთო კლუბ „პორტუსთან“ ერთად.

„ჩვენი ამბიცია: ევროპული სტანდარტი გონიოში. ჩვენი მიზანი მარტივია – შევქმნათ გარემო, სადაც ქართველი ნიჭიერი ბავშვები ევროპული ფეხბურთის სულს ეზიარებიან. ბრუნო ფერნანდეშს ჩამოაქვს ის ცოდნა და დისციპლინა, რომლითაც პორტუგალიამ მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი აჩუქა,“ – ასეთია საფეხბურთო აკადემიის გზავნილი მომავალი პატარა ფეხბურთელებისადმი.

საფეხბურთო აკადემიის მენეჯერის, რუსლან პეშკოვის თქმით, აკადემია, გარდა იმისა, რომ ბავშვებს უფასოდ ასწავლის, ყველა პირობას შეუქმნის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდნენ.

„გვინდა მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბავშვებს ყველაფერი. მოვიდა ბავშვი ვარჯიშზე, დაიწყო ვარჯიში, მერე რა ხდება?

ქართულ საფეხბურთო რეალობაში მერე ყველაფერი მშობელზეა დამოკიდებული.

ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი შევცვალოთ. ბავშვს, რომელიც იქნება წარჩინებული, მონდომებული, მონაცემები ექნება და ნიჭით დაჯილდოებული, ყველანაირ პირობას შევუქმნით. შეეძლებათ წასვლა უცხოეთში შეკრებებზე. გვყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი აგენტები, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ – შეხვედრებს, სინჯებზე წასვლას და პერსპექტივის გახსნას.

ამასთან, რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო ბავშვთა ფეხბურთში – ბავშვებს, რომლებიც აკადემიებში თამაშობენ, უფროს გუნდში გადასვლის პრობლემა ჰქონდათ სულ და ეს პრობლემაც გადაჭრილია ჩვენთან. გვყავს ორი გუნდი, რომელთაგან ერთი რეგიონულ ლიგაშია, ის იბრძვის და ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ გადავიყვანოთ მეოთხე ლიგაში.

ასევე გვყავს ჩვენი ძირითადი გუნდი. საფეხბურთო აკადემიის მიზანია, მინიმუმ სამ წელიწადში, აღსაზრდელებიდან ერთი – პირველი მერცხალი, ჩვენს გუნდს შეუერთდეს,“ – ამბობს რუსლან პეშკოვი.

გონიოს საფეხბურთო აკადემიაში სწავლა 10 მარტიდან დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: