„ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, ერთ წელზე მეტია ველოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ კიდევ იანვრამდე იყო დაანონსებული ერთგვარი „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ — ყველამ იცოდა, რომ რეორგანიზაციისას პირველი სამიზნე ე.წ. „პეტიციაზე ხელმომწერები“ და პოლიტიკურად „არასაიმედოები“ იქნებოდნენ“ – წერს ბათუმის მერიის უკვე ყოფილი თამაშრომელი, ნანა ანთაძე ფეისბუქზე.
მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მას სამსახურის დატოვება მოუწია. ნანა ანთაძე ბათუმის მერიის პროევროპული განცხადების ხელმომწერი იყო.
2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან.
2026 წელს ბათუმის ახალარჩეულმა მერმა გიორგი ცინცაძემ დაიწყო რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც პროევროპული პეტიციის ხელმომწერ თანამშრომლებს შტატები გაუუქმეს.
ნანა ანთაძე მერიაში 12-წლიანი მუშაობის შემდეგ პეტიციის ავტორების მასიურ დათხოვნას მერიიდან ფეისბუქის სტატუსით ეხმაურება, ის ხაზგასმით წერს, რომ შედეგის მიუხედავად, იმავეს გააკეთებდა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მის ტექსტს.
„2026 წლის 2 მარტს დასრულდა ჩემი თორმეტწლიანი ურთიერთობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან. უმრავლესობა, ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, ერთ წელზე მეტია ველოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ კიდევ იანვრამდე იყო დაანონსებული ერთგვარი „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ — ყველამ იცოდა, რომ რეორგანიზაციისას პირველი სამიზნე ე.წ. „პეტიციაზე ხელმომწერები“ და პოლიტიკურად „არასაიმედოები“ იქნებოდნენ.
რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში არ არის მხოლოდ ერთი საჯარო დაწესებულების პრობლემა. ის ბევრად უფრო გლობალურია. მისი შეფასება მხოლოდ ათეულობით უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის ჭრილში არ შეიძლება. ეს პროცესი ზოგადად დასნეულებული საჯარო სამსახურის, სისტემის პრობლემაა და თუ დიაგნოზს სწორად არ დავსვამთ, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
სანამ ამას დავწერდი, დიდხანს ვფიქრობდი: რომელი სახე-ხატი, რომელი სიმბოლო აღწერდა ყველაზე უკეთ სისტემის სიმახინჯეს?
ხელმომწერების უკანონოდ გათავისუფლება?
უსამართლობაზე მუდმივად მდუმარე ადამიანები?
თემიდასავით თვალებახვეული კომისია?
ის, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა პასუხები აფთიაქის სასწორზე აწონეს და ისე დაასკვნეს – ხელმომწერის პასუხს სულ რაღაც 0,25 ან 0.5 გრამით სჯობდა „სხვების“ პასუხი?
ყველაზე მტკივნეული ამ პროცესში ის არის, რომ მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი თვალით მენახა პიროვნების დაცემის, სულიერი გატეხის და სისტემის მიერ უპრინციპობისა თუ სიტყვის ღალატის წახალისების გზა. მძიმე იყო ამის ყურება და დაჯერება…
ჩემი პროფესია (ფილოლოგია) სწორედ სიტყვისადმი პერფექციონისტული დამოკიდებულების გამო ავირჩიე. სახარება გვეუბნება: „არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და – არა, არა“. ესაა ჩემი რელიგია და ჩემი ქრისტიანობა.
2024 წლის 30 ნოემბერს ბათუმის მერიის თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერმა 26 ადამიანმა მოახერხა ნათქვამი სიტყვის ერთგულება. ეს ბევრი შეიძლება არ არის, მაგრამ არც ცოტაა. მიუხედავად დამდგარი შედეგისა, დღესაც იმავე აზრზე ვარ და ზუსტად იმავეს გავაკეთებდი. ეს სწორი და აუცილებელი იყო.
კანონი არაა უბრალო ტექსტი — ის ხელისუფლებისა და მოქალაქეების შეთანხმებაა თამაშის წესებზე. თუ ხელისუფლება ამ შეთანხმებას ღალატობს, ის კარგავს მორალურ უფლებას, მართავდეს ქვეყანას. სიტყვის გამტეხია ასეთი ხელისუფლება. ამას ადასტურებს კანონში ის ცვლილებებიც, რომელიც მხოლოდ იმიტომ გააუარესეს, რომ „დაესაჯათ“ ხალხი, ვინც ხელისუფლებას თავისი უპირობა შეახსენა.
ჩვენი საქციელი ეწინააღმდეგება იმ დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც „ნაპოლეონი ყოველთვის მართალია“. ასეთ გარემოში პროტესტი აღქმულია, როგორც „მარჩენალზე თქვა მოსასპობიო“ და ის არღვევს სისტემის მიერ შემოთავაზებულ „ჰარმონიას“.
ეს ჰარმონია კი სხვა არაფერია, თუ არა კრიმინალური გაგებისა და ბატონყმური დამოკიდებულების უცნაური ნაზავი.
რა თქმა უნდა, ბრძოლა უკეთესი ქვეყნისთვის, სამართლიანობის აღდგენისათვის და ჯანსაღი საჯარო სამსახურისთვის გრძელდება!“ – წერს ნანა ანთაძე.
ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:






