2025 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ 2.9 მილიონი საქართველოს მოქალაქე წავიდა, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
მოგზაურთა უმეტესი ნაწილი, 43.5 პროცენტი, 31-50 წლის იყო.
საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა იმყოფებოდა თურქეთსა (836 ათასი ვიზიტი) და რუსეთის ფედერაციაში (367 300 ვიზიტი). თურქეთში მოგზაურობაში იგულისხმება ერთდღიანი ვიზიტებიც, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში პროდუქტის ან წამლების საყიდლად გადადიან.
საერთო სტატისტიკა ასე გამოიყურება – თურქეთს ეწვია საქართველოს მოქალაქეთა 36.2 %, რუსეთის ფედერაციას – 15.9%, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეწვია მოგზაურთა 18%, სომხეთს – 14,4%, აზერბაიჯანს – 1.9% და სხვა ქვეყნებს, ჯამში – 13.6 %.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მიერ 2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 36.1 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
„2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა და 1 068.6 ლარი შეადგინა,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.






