სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში სურსათის ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნება.
დროებითი კომისია მუშაობას 3-4 თებერვლიდან დაიწყებს და მას „ოცნების“ დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„[დროებითი კომისიის შექმნის] ინიციატივა მოდის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. დადგენილების პროექტი ორშაბათს გამოვა ბიუროს სხდომაზე. იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი მომზადებული იყოს სამუშაოდ, გაცნობებთ, რომ დადგენილების მიღების შემდეგ საპროცედურო კომიტეტი განსაზღვრავს კომიტეტის შემადგენლობის რაოდენობას. აქედან გამომდინარე გამოთვლის კვოტებს თითოეული ფრაქციისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ კომისია შედგებოდეს14 კაცისგან. თუ საპროცედურო კომიტეტი ამ ინიციატივას გაიზიარებს, კვოტები შემდეგნაირად განაწილდება: უმრავლესობას კომისიაში არ უნდა ჰყავდეს უმრავლესობა, ამიტომ გამოვა 7 წევრი ქართული ოცნებისთვის, 3 წევრი „ხალხის ძალისთვის“, 3 წევრი ფრაქცია „საქართველოსთვის“ და ერთი წევრი „ევროსოციალისტებისთვის“ ანუ 7+3+3+1. გთხოვთ, მოემზადოთ, ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება კომისიის მუშაობაში,“ – თქვა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 29 იანვარს გამართულ ბიუროს სხდომაზე.
პაპუაშვილის მიერ დასახელებული სამი პოლიტიკური ჯგუფიდან ოპოზიციად მხოლოდ გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ თუ მივიჩნევთ. „ევროსოციალისტები“, ისევე როგორც „ხალხის ძალა“, სინამდვილეში „ოცნების“ დანაყოფია პარლამენტში.
შალვა პაპუაშვილის თქმით კომისიის ჩამოყალიბება 3 თებერვლიდან დაიწყება და მომდევნო კვირის ბოლომდე სრულფასოვან მუშაობას დაიწყებს.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე შექმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელიც სურსათის ფასებს სწავლობს.
ამავე თემაზე:
სუპერმარკეტებში არაფერს ამბობენ ფასების კლებაზე – ვის ეკუთვნის ისინი


