„შეაჩერეთ ჩვენი შვილების მომავლის ნგრევა!“ „ნუ ჩაგრავთ ბავშვებს!“, „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენი მონაწილეობის გარეშე!“ – ამ და სხვა სლოგანებით გაიმართა დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში, განათლების სამინისტროსთან მშობლების საპროტესტო აქცია.
მშობლები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას, რომელიც, მათი აზრით, ბევრ კითხვას აჩენს, პასუხები კი არ ისმის.
„მათთან სხვა არხებით და საშუალებებით ვერ მოვახერხეთ ჩვენი ხმის მიტანა, ამიტომ აქ შევიკრიბეთ იმ იმედით, რომ აი, ამ ფანჯრებიდან ვიღაცები გადმოიხედავენ და მოგვისმენენ, რადგან სხვა გზა, უბრალოდ ვეღარ ვიპოვეთ.
ჩვენს ქვეყანაში განათლების პოლიტიკა კეთდება ასე, რომ რამდენიმე კაცი შეიკრიბა და დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტეს, რა ტიპის განათლების სისტემა სჭირდებათ ჩვენს შვილებს.
ადამიანები, რომლებსაც განათლების სფეროსთან შეხება არ ჰქონიათ, ამ სისტემაში არ უმუშავიათ და საჯარო სკოლაში ფეხი არ შეუდგამთ, წყვეტენ, როგორი განათლება უნდა მიიღონ ჩვენმა შვილებმა“ – ამბობს მედეა ტურაშვილი.
მშობლების თქმით, მათ არავინ უხსნის, როგორ გაზრდის დაანონსებული რეფორმა განათლების ხარისხს ან როგორ უზრუნველყოფს მიდგომა – „ერთი ფაკულტეტი – ერთ ქალაქში“ განათლების ხარისხს და ხელმისაწვდომობას.

მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმას აპროტესტებენ
აქციაზე გაჟღერდა კონკრეტული მოთხოვნები, თუ რას უნდა აკეთებდეს განათლების სამინისტრო სკოლებში მათი შვილების უკეთესი მომავლისთვის.
კერძოდ:
„ნებისმიერი განათლების რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საკითხებს:
- მოწესრიგდეს სკოლების ინფრასტრუქტურა, დაცული იქნეს ჰიგიენა და უსაფრთხოება;
- სასწრაფოდ აშენდეს ახალი სკოლები და უმოკლეს ვადებში დასრულდეს მშენებარე სკოლები;
- სკოლები აღიჭურვოს ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით და სპორტული დარბაზებით თუ მოედნებით;
- შემცირდეს მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში, სკოლაში დარჩეს მხოლოდ ერთი ცვლა, გაიზარდოს შესვენებების დრო ბავშვებისთვის;
- სკოლამ იზრუნოს კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე;
- სკოლაში ხელმისაწვდომი გახდეს კვება;
- შეიქმნას ხარისხიანი სახელმძღვანელოები და დამატებითი რესურსები;
- მომზადდნენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები და სკოლებში გაიზარდოს მათი რაოდენობა. გაძლიერდეს ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური პროგრამები;
- დაიხვეწოს მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამები და სწავლების მეთოდოლოგია;
- შემუშავდეს საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის მხარდაჭერის სისტემა;
- გაძლიერდეს მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამა, რომ ახალგაზრდა კადრებს ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის მოტივაცია“.
მშობლები ასევე შეეხნენ უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებსაც. მათი აზრით, უნივერსიტეტებში უნდა შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა, სტუდენტებს დაენიშნოთ შესაბამისი სტიპენდია და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ღირსეული სტუდენტური სამუშაოები.
ასევე, სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ კვლევებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
„ქართული ოცნება“ აპირებს 2026 წლიდან სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაიწყოს ახალი რეფორმა, რომელსაც სპეციალისტების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა, ისინი მიიჩნევენ, რომ ე.წ. რეფორმა, რომელსაც „დეფორმაც“ კი უწოდეს, გამოიწვევს განათლებაზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, უნივერსიტეტების იზოლაციას და მათი ავტონომიის გაუქმებას.
ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაანონსებული რეფორმის შედეგად ტოტალურად გაიზრდება ხელისუფლების კონტროლი როგორც სკოლებზე, ასევე უნივერსიტეტებზე.
_____________
ამ თემაზე:
„საქმე გვაქვს ფარსთან და არა წესრიგთან“ – მანანა რატიანი „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე






