მთავარი,სიახლეები

„სოფლის საძოვარზე აკაწრული ტექსტის გამო დამაჯარიმა მერიამ“- აქტივისტი როსტო ზარანდია

25.12.2025
„სოფლის საძოვარზე აკაწრული ტექსტის გამო დამაჯარიმა მერიამ“- აქტივისტი როსტო ზარანდია

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ გეოგლიფის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი – „მეგობარი აქტი“, 13 ნოემბერს გამოჩნდა ანაკლიის სანაპიროსთან.

„აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით“ – ამ მიზეზით უჩივლა აქტივისტს ზუგდიდის მერიამ.

„სოფლის საძოვარზე აკაწრული ტექსტის გამო დამაჯარიმა მერიამ“ – წერს ფეისბუქზე როსტო ზარანდია.

„მეგობარი აქტის“ „ამოკაწვრით“ როსტო ზარანდიამ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა გააპროტესტა, რომელიც აქტივისტის აზრით ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

„გამოხატვის ფორმად გამოვიყენეთ ეს ფორმა – აგროარტი, რათა ჩვენი მოლოდინი დაგვეფიქსირებინა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესთან დაკავშირებით და მადლიერება გამოვხატეთ გაწეული შრომისთვის.

ასევე, გვინდოდა გვეჩვენებინა ქართველ ხალხსა და რუსულ მთავრობას შორის პოზიციათა განსხვავება დასავლელი პარტნიორების მიმართ.

ფაქტია, საქართველოში დემოკრატიის ზრდაში აქამდე დასავლეთი დიდ შრომას დებდა და არც მომავალში უნდა ვიყოთ რუს მტერთან პირისპირ, მოკავშირეების გარეშე.

არაფერი დამიზიანებია, არაფერი მიმიტაცებია. ჩემი ქვეყანაა და მინდა გავივლი მინდორში, მინდა არა.

ვერავინ დამასანქცირებს ამის გამო. კანონი არ დამირღვევია, ბუნებისთვის ზიანი არ მიმიყენებია, პირიქით“- ამბობს „ბათუმელებთან“ როსტო ზარანდია და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

როსტო ზარანდია ამ გეოგლიფის გამო დააჯარიმეს.

გეოგლიფისთვის როსტო ზარანდიას მერიის გარდა, გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროც უჩივის, – „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების“ მოტივით.  სასამართლო ხვალ, 26 დეკემბერსაა დანიშნული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: