მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის სოფელ კორომხეთში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ჩამოერთვა

29.10.2016
ქედის სოფელ კორომხეთში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ჩამოერთვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა  ექსპროპრიაციის უფლება ქედის რაიონის სოფელ კორომხეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ქემალ და ჟუჟუნა ჯაბნიძეების საკუთრებაშია.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ნაკვეთის მთლიანი ფართობი 5000 კვ/მ-ია, თუმცა საექსპროპრიაციო ფართობი აქედან არის 35 კვ.მ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსებით ხორციელდება ახალციხე – ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების [,,შუახევის“ და ,,კორომხეთის“ ჰესები] მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ახალციხის არსებული 500/400 კვ-იანი მუდმივი ძაბვის ქვესადგურიდან იწყება და ბათუმის არსებულ 220 კვ-იანი ქვესადგურს დაუკავშირდება. ხაზის მთლიანი სიგრძე 150 კილომეტრია. სწორედ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში [ნაწილობრივ] მოექცა ქემალ ჯაბნიძის და ჟუჟუნა ჯაბნიძის  თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

„დადასტურებულია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსიტემამ“ მესაკუთრეებს შესთავაზა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის – 35 კვ.მ. გამოსყიდვა. მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ წერილობითი უარი განაცხადეს. ვინაიდან მითითებულ მესაკუთრეებთან ვერ ხორციელდება ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, პროექტის განხორციელებისათვის არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: