5 დღე გავიდა BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოსვლიდან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ისევ არ განუმარტავს, რა ქიმიური ნივთიერება შეურია შსს-მ წყლის ჭავლში, რომლითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია.
სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ.
„ჩანს, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის,“ – ამბობს დიპლომატი, “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი.
„ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო ვალერი, როგორ აფასებთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების რეაქციებს მას შემდეგ, რაც BBC-მ გაუშვა ცნობილი საგამოძიებო ფილმი?
ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია იცვლება. თავიდან იყო მთლიანი უარყოფა ყველაფრის და ახლა უკვე არის აღიარება, რომ რაღაც ფხვნილი იყო წყალში გარეული. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს ფხვნილი იყო სრულიად დასაშვები და არანაირ დარღვევას არ წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, ჩანს, რომ საქმე არის ძალიან სერიოზულად და ეს აწუხებს „ქართულ ოცნებას“.
საქართველო ისევე, როგორც კიდევ 132 ქვეყანა, არის საერთაშორისო კონვენციის მონაწილე ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს იმავე დასახელების ორგანიზაციას. ამ კონვენციით საქართველოს აქვს აღებული საკუთარ თავზე ძალიან გასაგები და ნათელი ვალდებულებები, რომ არ უნდა შეიძინოს, არ უნდა მოახდინოს ტრანსპორტირება, გამოყენება მსგავსი ქიმიური ნივთიერებების და უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო გამოძიებასთან, თუ ეს საჭირო გახდა.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე „ქართული ოცნებაც“ არის იმ აზრზე, რომ საქმე არის ძალიან სერიოზულად. სხვათა შორის, აქ ჩატარებული გამოძიება არ იქნება საკმარისი. უნდა დაიკითხონ არა მხოლოდ პროტესტის მონაწილეები და შესაბამისი მკვლევრები, რომლებიც აღრიცხავდნენ, ასე ვთქვათ, ამ ნივთიერების ზემოქმედებას ადამიანებზე, არამედ შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც, რომლებიც იყვნენ საქმეში ჩართულნი. უნდა დაიდოს ისეთი დასკვნა, რომელიც დააკმაყოფილებს სრულიად არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო წრეებსაც.
ეს ისეთი საკითხია, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მტკივნეულად აღიქმება, საერთოდ, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი ასეა. რაც უფრო სერიოზულად მიუდგება ამ საკითხს „ქართული ოცნება“, მით უფრო კარგი იქნება მისთვისაც და საქართველოს ავტორიტეტისთვისაც საერთაშორისო არენაზე.
- ეს ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, რას გვეუბნება ხელისუფლების შიდა სამუშაოზე, საინფორმაციო სტრატეგიაზე და რაც მთავარია, პასუხისმგებლობაზე
ჩემი აზრით, ეს მიუთითებს, რომ კოორდინაციის ჯაჭვი არის „ქართულ ოცნებაში“ მორღვეული. იმიტომ, რომ ჯერ უარყოფა, შემდეგ თქმა, რომ – დიახ, ეს რაღაც ფხვნილი იყო, მაგრამ არ იყო აკრძალული…
ჯერ ერთი, თუ არ იცის ბატონმა ირაკლი კობახიძემ რომელი ფხვნილი იყო, რატომ ამბობს იმას, რომ ეს არ იყო აკრძალული? ეს ხომ უნდა დაადგინოს გამოძიებამ?
ერთმანეთის საწინააღმდეგო და რაღაც გაუგებარი გზავნილები რომ გვესმის, მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად საქმის კონტროლი „ქართული ოცნების“ მიერ ვერ წარმოებს… ანდა მაშინ სხვა რამესთან, უფრო სერიოზულთან გვაქვს საქმე, რაც ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზული დარღვევები იყო.
ყოველ შემთხვევაში, ამის გატარება და თითქოს ჩაფარცხვა – არ გამოვა. ძალიან სერიოზული რეზონანსი მიიღო.
126 ათასზე მეტი ნახვა აქვს BBC-ის ამ საგამოძიებო ფილმს 4 დღეში უკვე Youtube-ზე. ეს მონაცემი ყოველ საათში იზრდება და შესაბამისი გამოხმაურებებიც არის უკვე.
მე ვფიქრობ, თუ როგორ დააღწევს ამ კრიზისულ ვითარებას „ქართული ოცნება“ თავს, იქნება დამოკიდებული მხოლოდ მის სერიოზულ რეაქციებზე.
ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში გარედან, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ხომ ძალიან დახურული სისტემაა და ძალიან რთულია, გარედან მივხვდეთ, თუ რაზე მსჯელობენ, რაზე საუბრობენ, როგორ აანალიზებენ ვითარებას „ოცნებაში“… დღესდღეობით ჩანს ისე, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.
- გამოითქვა ასევე ვარაუდი, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები იყო რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომ სპეციალურად აბნევს „ოცნების“ ხელისუფლება ხალხს, რომ სიმართლე გაიბლაროს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
არ მგონია. გასაგებია, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, ისევე, როგორც ნებისმიერი მეზობლის წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, სხვა ამბავია. თავიდან საქმე გვქონდა დაბნეულობასთან, შემდეგ – სტრატეგიის ვერ ჩამოყალიბებასთან.
იმიტომ, რომ პრობლემა არის რთული. ეს შემთხვევა ძალიან არტყამს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ავტორიტეტს.
ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“, თუ როგორ გაუმკლავდეს ამ სერიოზულ პრობლემას. აქედან გამომდინარე არის ეს ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული გზავნილები გაჟღერებული.
- თუ გამოძიებით ბრალდებები დადასტურდება, როგორ უნდა შეფასდეს ძალოვანი სტრუქტურების ქმედება იურიდიული, ეთიკური და პოლიტიკური კუთხით? მათ შორის, როგორ უნდა შეფასდეს თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებაც?
ეს არის დამოკიდებული იმაზე, რა ფაქტები დადგინდება.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ქიმიური შემადგენლობის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს თავისთავად არის სერიოზული დანაშაული, რაზეც შესაბამისმა ადამიანებმა, ვინც ამაზე გადაწყვეტილება მიიღო და შეასრულა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ.
რომც დავუშვათ, რომ რაც გამოიყენეს, არ არის აკრძალული ქიმიური ნივთიერება, ის ფაქტი, რომ თვეების განმავლობაში აქციის მონაწილეებს აწუხებდათ ჯანმრთელობის პრობლემები – ქავილი, ღებინება, თვალების და კანის წვა, წნევა და ა.შ. – მეტყველებს იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, ეს დასაშვები ნივთიერებაც იყო გამოყენებული არაპროპორციული ზომით, ჭარბი ოდენობით. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ გარკვეული სამართლებრივი შედეგები უნდა დადგეს.
რაც უფრო ადრე გაირკვევა ყველაფერი, მიეცემა ამას შესაბამისი შეფასება, მათ შორის სამართლებრივი, გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები და დაისჯებიან, მით უფრო კარგი იქნება თვით „ქართული ოცნებისთვის“.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოაყალიბოს ქმედითი სტრატეგია ამ კრიზისთან მიმართებაში, რომელიც უპასუხებს იმ მოლოდინებს, რაც გაჩნდა როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო არენაზე.
- რას მოუტანს საქართველოს ასეთ სკანდალში გახვევა? რა გავლენა ექნება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით რა გავლენას იქონიებს?
აქ შეიძლება ორი რამ მოხდეს: თუ იქნება გამოძიებული ეს საქმე ობიექტურად და დაისჯება ის ხალხი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ამაში, პროპორციულობა ამ ბრალეულობის უნდა დადგინდეს, რა თქმა უნდა, გამოძიების მეშვეობით. თუ ეს იქნება სათანადოდ გამოძიებული და ობიექტურობაში არავის არ შეეპარება ეჭვი – არც შიგნით ქვეყანაში და არც გარეთ – მაშინ ნაკლები დანაკარგებით გამოვა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე საქართველო ამ ამბიდან.
თუ ობიექტური გამოძიება არ ჩატარდა და გაჩნდა ეჭვი როგორც ქვეყანაში, ასევე გარეთ, მაშინ ვფიქრობ, რომ გარდაუვალია სერიოზული სანქციების ამოქმედება შესაბამისი პირების მიმართ, რომლებმაც არ აწარმოეს ეს გამოძიება შესაბამის დონეზე, ან ხელი შეუშალეს მას.
პირველ რიგში, ამაზე დასკვნას გააკეთებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომლის მონაწილე საქართველოც არის. კონვენცია აქვს რატიფიცირებული საქართველოს. 193 ქვეყანაა ამ კონვენციის მონაწილე. მეხუთე პრეზიდენტმა უკვე მიმართა ამ ორგანიზაციას შესაბამისი თხოვნით, რომ ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამიტომ, ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც გაიწოვება თავისთავად და აქტუალურობას დაკარგავს. ამ პრობლემას ბოლომდე ჩაჰყვებიან საერთაშორისო მოთამაშეებიც და რა თქმა უნდა, ჩვენც.
ქართულ საზოგადოებას აწუხებს ეს ამბავი. შეიძლებოდა ლეტალური შედეგით დამთავრებულიყო ხომ?! მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროტესტებში, ყველას ერთნაირი ჯანმრთელობა ხომ არ აქვს?! ამ ნივთიერებამ შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს იმდენი ვერაფერი დააკლოს, მაგრამ იმოქმედოს ადამიანზე, რომელსაც რაღაც აწუხებს.
- რა უნდა ქნას ახლა ოპოზიციამ სამოქალაქო სექტორმა და ხალხმა? რა უნდა გააკეთონ, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს?
ჩემთვის რთული სათქმელია, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით. თამასა ისე მაღლა არის უკვე აწეული, საზოგადოებამ დამატებით რა უნდა მოიმოქმედოს, არ ვიცი. უბრალოდ უნდა გავაძლიეროთ, მოთხოვნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომ ეს გამოძიება იყოს ობიექტურად ჩატარებული.
ამ თემაზე მუდმივად უნდა იყოს ფოკუსი და საუბარი. სხვას ვერაფერს ვიზამთ, რადგან ყველა ინსტიტუტზე უპირობო კონტროლი აქვს აღებული „ქართულ ოცნებას“ და აქ საზოგადოებრივი ზეგავლენის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია.
ამავე თემაზე:
BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს






