ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დალი ფუტკარაძე დანიშნეს.
მანამდე ამ პოსტს დავით დიასამიძე იკავებდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.
„აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ – წერს მერია.
დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა.
მან 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, საბავშვო ბაღების პედაგოგებს საჩუქრები გადასცა.
„ეგ საჩუქრები პრეზიდენტის სახელით მოვიდა. ეს იყო ერთი ბოთლი შამპანური და ერთი ბოთლი ღვინო პედაგოგებისთვის. ბაღის სხვა თანამშრომლები რომ არ დაგვჩაგვროდა, მერიამ პრემიების თანხა გამოგვიყო. 100-პროცენტიანი პრემიები საახალწლოდ გავეცით, სააღდგომოდ კი ყველა თანამშრომელზე -70 – პროცენტიანი”, – ამბობდა მაშინ „ნეტგაზეთთან“ დალი ფუტკარაძე.
ის ამ თანამდებობას 2013 წლამდე იკავებდა, შემდეგ კი დალი ფუტკარაძე განათლების სამინისტროში მინისტრის მრჩევლად გადაიყვანეს. დღეს, 17 ნოემბერს კი, დალი ფუტკარაძე ძველ თანამდებობას დაუბრუნდა.






