რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ დილისკიში? – ორივე მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
კორუფციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა კორუფციაში ერთვება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი, ასევე ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე.
- ბატონო გოჩა, რას ნიშნავს, როცა კორუფციის ბრალდებით იჭერენ დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებს, მაგალითად ხულოს მერიის თანამშრომელს, ხაშურის საკრებულოს წევრს, ან გორის საკრებულოს დეპუტატს?
ეს ნიშნავს, რომ კორუფცია სრულად მოდებულია საჯარო სისტემაში. მასშტაბების მიხედვითაა – მაღალი თანამდებობის პირები, მაღალი დონით კორუფციაში არიან გარეულები, მხილებულები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები.
შედარებით დაბალი თანამდებობის პირები – სპეციალისტები, განყოფილების უფროსები, სამსახურის უფროსები, შესაბამისად, დაბალი კატეგორიის კორუფციულ ფაქტებში არიან მხილებული.
ნებისმიერი კორუფციული გარიგებით დაინტერესებული პირის უკან, ეს იქნება დაწესებულების ხელმძღვანელი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი თუ ნებისმიერი სხვა, დგანან ის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ შესყიდვების მიმართულებით, ასევე საფინანსო მიმართულებით, მაგალითად სატენდერო კომისიის წევრები, რომლებიც იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
დგანან ის პირები, რომლებიც აწესებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მოთხოვნებს სამუშაო გამოცდილების ან გარკვეული ფინანსური ბრუნვის შესახებ, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს პოტენციურმა მიმწოდებელმა.
ნებისმიერი დაწესებულების ხელმძღვანელი, როცა გეგმავს კორუფციულ გარიგებაში შევიდეს მიმწოდებელთან და ამისთვის ამუშავებს კორუფციულ სქემას, ამ პროცესში დოკუმენტურად შემსრულებლები არიან ის სპეციალისტები, რომლებიც სატენდერო კომისიის წევრები არიან.
სატენდერო კომისიის წევრი მინიმუმ უნდა იყოს 3 ადამიანი. თუ ერთ კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში ხელმძღვანელი იქნება მხილებული კორუფციაში, იმ დაწესებულების სატენდერო კომისიის წევრებიც არიან პასუხისმგებლები.
შეიძლება პირდაპირი ინტერესი არ ჰქონდეთ გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ მინიმუმ ირიბი ინტერესები ექნებათ – უმოქმედობა, გულგრილი დამოკიდებულება, აუცილებლად გამოიკვეთება.
ხულოს მერიის შემთხვევა რომ ავიღოთ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა ხულოს მერიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გახლდათ შესყიდვების სამსახურის უფროსი.

გოჩა მჟავანაძე
ეს რას ნიშნავს? – რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლის დონეზე არ გადაწყდებოდა, რა სახის შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო. ამ სახის გადაწყვეტილებებს იღებენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები: მერი, ვიცე-მერი და ასე შემდეგ.
ბრალდება ამბობს, რომ ამ კაცმა, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიისგან ნაკლები საქონელი ჩაიბარა, მაგრამ გააფორმა დოკუმენტურად ისე, რომ თითქოს სრულად ჩაიბარა.
რა არის კანონით გაწერილი, როდესაც ტენდერი ტარდება, ვინ მონაწილეობენ ამ კანონის აღსრულებაში? სატენდერო კომისიის წევრები.
მაგალითად, დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება იღებდეს გადაწყვეტილებას, შეიძლება პირადი ინტერესი ჰქონდეს, მაგრამ ამ პროცედურებს, დოკუმენტურ გაფორმებას, დასაბუთებას, ყველაფერს აკეთებს ის სპეციალისტი, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ამ შესყიდვაზე.
შესაბამისად, აქ უფლებამოსილების გამიჯვნა ცოტა რთულია, ანუ ვის რა წილი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რა თქმა უნდა, გამოსაკვლევია კომპეტენტური ორგანოების მიერ… ზოგადად კი, მოქალაქის თვალით დანახული კორუფცია ასე წარმომიდგენია – ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია როგორც ხელმძღვანელი, ასევე ის სპეციალისტი, რიგითი თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელს ხელს უწყობს ან ნებით, ან უნებლიეთ კორუფციული გარიგებისა და მიზნების მიღწევა-რეალიზებაში.
- წლებია მედია, არასამთავრობო სექტორი საუბრობდა კორუფციაზე. ახლა კი სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურები ამბობენ, რომ კონკრეტული საჯარო პირები იყვნენ ჩართული კორუფციაში. ჩვენ ვხედავთ დაკავებულ წვრილ ჩინოვნიკებს და არავინ პასუხობს კითხვას – ეს ხალხი მარტო როგორ ახერხებდა ამხელა კორუფციული სქემების აშენებას. თქვენი აზრით, მათი ხელმძღვანელები მინიმუმ უნდა დაიკითხონ?
აუცილებლად უნდა დაიკითხონ, როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე საინტერესოა გამოიკვეთოს შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციები და უმოქმედობა. რიგ შემთხვევებში არაკომპეტენტურობაც ან უგულო დამოკიდებულება.
ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას ჰყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელმაც აღნიშნული ფაქტები უნდა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საკრებულოს მაკონტროლებელი ფუნქცია. შეიძლება უშუალოდ კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია კონკრეტულ მომენტამდე არ ჰქონდათ, მაგრამ რას აკეთებს საკრებულო იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული დადასტურდა მათივე ხელისუფლების მიერ და იმ გუნდის მიერ, რომელსაც წარმოადგენენ?
მინიმუმ უნდა ჩატარდეს სამსახურებრივი მოკვლევა, დაბარებული უნდა იქნას შესაბამისი პირები, უნდა დაისვას კითხვები და მოითხოვონ ამომწურავი პასუხები.
მე არ მახსენდება პრაქტიკაში მსგავსი რამე მომხდარიყოს.
ასევე მნიშვნელოვანია, რას აკეთებდნენ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირები. მსხვილ შემსყიდველ ორგანიზაციებში იქმნება მიღება-ჩაბარების კომისიები და ინსპექტირების ჯგუფები, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.
- ყოველდღე გვესმის, რომ „ოცნების“ ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკებს იჭერენ კორუფციის ბრალდებით. თქვენი აზრით, რა პროცესს ვუყურებთ ახლა, მართლა ებრძვის „ოცნება“ თავის რიგებში კორუფციას თუ ეს პოლიტიკურად სჭირდება?
კორუფციის წინააღმდეგ ჩანაწერებს სისხლის სამართლის კოდექსში, „ოცნება“ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ერთი ჯგუფი, რომელიც დაწინაურებულია ოლიგარქის ხელისუფლებაში, კორუფციის შესახებ კანონს იყენებს სხვა კონკურენტი ჯგუფების ჩასაძირად, როგორც პოტენციურ კონკურენტებს ოლიგარქიულ სისტემაში. იმისათვის, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს ამ ჯგუფმა. ამასთან, საზოგადოების თვალში ამ ყველაფერს ფუთავენ, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
მე არ მჯერა ამის. კორუფციასთან ბრძოლა ნიღაბია, რომელიც მოირგეს, თუმცა ვფიქრობ, მოქალაქეები ნათლად ხედავენ რეალურ მიზნებს.
ბათუმის მაგალითზე შემიძლია გესაუბროთ. იცით როდის დავრწმუნდები, რომ „ოცნება“ კორუფციას ნამდვილად ებრძვის? როდესაც ყველა უკანონო მშენებლობას, ყველა უკანონო ბიზნესს მიაკითხავენ.
მაგალითად, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ ორ წელზე მეტია ავტოდრომია უკანონოდ მოწყობილი. ამ ბიზნესის მფლობელს სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონდა მუნიციპალიტეტთან, არ იხდიდა იჯარის ქირას და როგორც ვიცი, დღემდე სარგებლობს. ამის პარალელურად, ამ კომპანიის ხელმძღვანელი, „ქართულ ოცნებას“ და მათ მხარდაჭერილ კანდიდატებს წინასაარჩევნოდ ურიცხავს თანხას.
მეორე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო: ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან დავითაძის ბოტანიკური ბაღში მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით არის კითხვები. აუდიტის დასკვნა დევს, რომ ძალიან დიდი ოდენობით მიუღებელი შემოსავლები აღურიცხავია. ამაზე წერდა მედია, ამაზე დაწერეს დასკვნები კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციებმა, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. ეს კაცი დღეს ირაკლი კობახიძის გუნდს წარმოადგენს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ამხელა რეგიონის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრის მმართველ ორგანოში, ბათუმის საკრებულოში.
როცაა კონკრეტული ფაქტები არ არის გამოძიებული, რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს, რომ კორუფციას ებრძვიან შერჩევით.
რეალურად, კორუფციას კი არ ებრძვიან, ებრძვიან კონკრეტულ პიროვნებებს კორუფციის ნიღბით.
ხულოს მერიის თანამშრომლის დაკავება ამის ნათელი მაგალითია. დაკავებული პირი არის თორნიკე რიჟვაძის ოჯახთან დაახლოებული. მისი დაკავების შემდეგ გაჩნდა გონივრული ეჭვი საზოგადოებაში, რომ ეს არის ბრძოლა თორნიკე რიჟვაძის და მისი გუნდის წინააღმდეგ, ანუ დაბალ დონეზე. ერთგვარი სიგნალია, რომ ვიღაცების მიმართაც შეიძლება დაისვას შემდგომში კითხვითი ნიშნები.
- როდესაც კორუფციის ბრალდებით აკავებენ კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელს ან ათავისუფლებენ სამსახურიდან და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს ან რომელიმე სხვა თანამშრომელი, ეს რას ნიშნავს? როგორია მუნიციპალური მოწყობა, შეიძლება ისე მოიპაროს ფული სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ მასში სხვა თანამშრომლები ჩართულები არ იყვნენ?
გამორიცხულია. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში მინიმუმ სამი წევრი უნდა იყოს სატენდერო კომისიაში. გამორიცხულია, ერთმა პიროვნებამ – მოადგილის, სამსახურის ხელმძღვანელის, სპეციალისტის დახმარების და მათი მონაწილეობის გარეშე მოახერხოს კორუფციული სქემის დატრიალება.
ვერ გააკეთებ და ამ სქემით ვერ იშოვის ფულს, ასევე ზემდგომის გარეშე, ვისთანაც ხარ ანგარიშვალდებული. როგორც აღვნიშნე, შიდა აუდიტის სამსახურის, მაკონტროლებლების და საკრებულოს გარეშე, რომელიც ვალდებულია ნებისმიერი პროექტი გააკონტროლოს და დასვას კითხვები, რომელსაც არ სვამენ, ამას ვერ გააკეთებ.
გამორიცხულია, რომ ერთმა პირმა, დამოუკიდებლად, სხვების ხელშეწყობის გარეშე, რაიმე კორუფციულ სქემა დაალაგოს და უკანონო შემოსავალი მიიღოს.
- მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო საგამოძიებო უწყებები ამბობენ, რომ ბრალდებულები მარტო იყვნენ ჩართული კორუფციაში…
წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კორუფციას კი არ ებრძვიან, არამედ კორუფციას იყენებენ კონკრეტული პირების, ჯგუფების დასასჯელად.
ერთის დაკავებით სხვებს უგზავნიან სიგნალს – შემდეგი თქვენ იქნებით.
თუ დირექტორი კორუფციულ გარიგებებშია მხილებული, წარმოუდგენელია, რომ მისი მოადგილის ან სამსახურის უფროსების მიმართ არ გაჩნდეს კითხვები.
- როგორც მოქალაქე, როგორ აღიქვამთ, რა დონის კორუფცია გვაქვს ახლა ქვეყანაში?
არ ვარ იმ ასაკის, რომ შევარდნაძის პერიოდი კარგად მახსოვდეს, მაგრამ რაღაც მონაკვეთი მაინც მახსოვს. მაგალითად, ძალიან კარგად მახსოვს, როცა ოჯახის წევრთან ერთად ვმგზავრობდი ავტომობილით, გზებზე საგზაო ინსპექტორები იდგნენ და ქრთამის სახით 1-2 ლარს თუ არ მისცემდი, ვერ გაივლიდი.
აქამდე ჯერ არ დავსულვართ, მაგრამ თუ განვლილი დღეების ქრონიკას გადახედავთ – რომელი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები დააკავეს, დაინახავთ, რომ რეალურად, ყველა დონეზეა კორუფცია. რიგითი სპეციალისტების დონეზეც კი, რომლებიც ცნობებს გასცემენ ან საპროექტო დოკუმენტაციების დამუშავებისას ხარვეზს ადგენენ.
ელიტური კორუფციის ნათელი მაგალითები გვაქვს – თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ციხეშია, ყოფილი პრემიერი კი გირაოთია გარეთ.
ერთი მაგალითი მახსენდება – სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, რომელმაც გასცა ცნობა, რომ კონკრეტული ფერმერის მიერ მოყვანილი კარტოფილი იყო ვითომ ის კარტოფილი, რომელიც არ იყო რეალურად მისი მოყვანილი.
ანუ სოფლებშია კორუფცია ჩასული მერის წარმომადგენლების დონეზეა.
მერის წარმომადგენელი არის ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე, რომელიც მუნიციპალიტეტში წარმოადგენს ხელისუფლებას და იმის დონეზეც კი არის კორუფცია.
- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმისთვის, რომ კორუფცია მოისპოს?
ხელისუფლება არაფერს გააკეთებს – მათი შექმნილია და შემუშავებულია ეგ კორუფციული სქემები. შესაბამისად, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და ისეთი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რომ კორუფციული გარიგებების საშუალებები და ნიადაგი აღარ არსებობდეს.
თორემ ამ მმართველი ჯგუფიდან არაფრის მოლოდინი მაქვს, რომ ესენი რამე სასიკეთოს შეცვლიან. აუცილებელია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც არის კორუფციის და სხვა ბევრი უკანონობის ნათელი გამოხატულება.
- რას უქადის ქვეყანას მსგავსი მასშტაბის და სიღრმის კორუფცია?
სიღარიბეს, ლუკმა-პურის არ ქონას. სიღატაკისკენ წავა ეს ქვეყანა. რამდენიმე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იქნება მდიდარი, უზრუნველყოფილი, მათი შვილები, ოჯახის წევრები… და იქნება მეორე კატეგორია, რომელსაც ლუკმა-პურის ექნება მხოლოდ. თავის გატანისთვის იქნება მისი ყოველდღიური ცხოვრება და ბრძოლა. საშუალო ფენა, რომელიც დღესაც ძლივს არსებობს, გაქრება.
ეროვნული, საჯარო სიმდიდრე, რომელიც უნდა შეიქმნას და გადანაწილდეს თანაბრად, ვერ გადანაწილდება, რადგან ბიუჯეტს მიღმა, ანუ საჯარო სივრცის მიღმა იქნება აღებული თანხმობა და ეგ ბიუჯეტში არ აისახება, როგორც შემოსავალი. შესაბამისად, ამ შემოსავალს დაკარგავს თითოეული ოჯახი.
მდიდრები უფრო მეტად გამდიდრდებიან და უფრო მეტ დოვლათს შექმნიან საკუთარი ოჯახებისთვისმ ხოლო ღარიბები უფრო ნაკლებს მიიღებენ და უფრო მეტი სოციალური პრობლემის წინაშე დადგებიან.
მდიდრებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ, რომ ღარიბების მოსყიდვა სცადონ და უფრო მეტად გაიძლიერონ საკუთარი ყოფა და ძალაუფლება.
ეგ იქნება მოცემულობა.
______________
ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი – ფოტოკოლაჟი.






