მთავარი,სიახლეები

“ლელო” პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს – სარჩელი სასამართლოში

27.10.2025
“ლელო” პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს – სარჩელი სასამართლოში

დღეს, 27 ოქტომბერს,  საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა პარტია “ძლიერი საქართველო-ლელომ” და მოითხოვა “ქართული ოცნების” მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა.

სარჩელი სასამართლოში “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ შეიტანა.

“ლელოს” განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართული.

“ძლიერი საქართველო-ლელო” საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან, მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს.

“აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს.

გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე, როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

“ქართული ოცნება” აპირებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, ხოლო კონკრეტული პირებისთვის – პოლიტიკაში საქმიანობის უფლების შეზღუდვას.

ისინი ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: