მთავარი,სიახლეები

ზიანი 400 ლარია? – ციხეში, მილიონების მითვისებაში ბრალდებული – გარეთ! – „ოცნების“ სამართალი

27.10.2025 •
ზიანი 400 ლარია? – ციხეში, მილიონების მითვისებაში ბრალდებული – გარეთ! – „ოცნების“ სამართალი

„შეუძლებელია აქ სამართალზე ვისაუბროთ. სამართალს „ქართული ოცნება“ და რეჟიმი იყენებს მხოლოდ სათავისოდ,“ – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკოსი მაია კოპალეიშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა სამართალთან გვაქვს საქმე, როცა ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მითვისებას ედავებიან და გირაოთი გაათავისუფლეს, ამ დროს კი, მაგალითად, პარლამენტის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის, რამაც 400-ლარიანი ზიანი გამოიწვია, ორი ახალგაზრდა ციხეში გამოკეტეს?

ციხეში დატოვეს ის ბრალდებულებიც, რომლებმაც საპროცესოს გაფორმების იმედით ბრალი აღიარეს, მაგრამ როცა საქმე მილიონებს ეხება, „ოცნების“ პროკურატურას ყოფილი პრემიერის პატიმრობა საერთოდ არ მოუთხოვია – ღარიბაშვილის შემთხვევაში კი, მთავარმა პროკურორმა გვითხრა, ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად დამნაშავედ მიიჩნევსო და მას პირდაპირ მილიონი ლარის გირაოს სახით გადახდა შესთავაზეს.

რამდენიმე საქმეს გაგახსენებთ ახლო წარსულიდან, როცა ზიანი არათუ მილიონები, არამედ 400 და 500 ლარია. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ეს ადამიანები დღემდე ციხეში რჩებიან.

  • არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვეს – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 534 ლარია 

2025 წლის 22 აგვისტოს არჩილ მუსელიანცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 წლის ბრალდებულმა 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტროსადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.

არჩილ მუსელიანცი

მუსელიანცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

პროკურორი ანი ხუბეჯიშვილი მას ედავებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას.

არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ რეჟიმთან, რეჟიმის პროკურატურასთან, რეჟიმის უწყებებთან. რაც გინდათ, ის გიქნიათ. ჩაკეტილი ვარ, მეტს რას მიზამთ?!“ – ასეთი იყო არჩილ მუსელიანცის პოზიცია ჯერ კიდევ იანვრის პროცესებზე და მას მერე აზრი არ შეუცვლია.

ჯერ კიდევ დეკემბერში, მუსელიანცისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ,,ნეტგაზეთს” უყვებოდა, რომ პოლიციელები არჩილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, აიძულებდნენ, დაესახელებინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როგორც წამხალისებლები და დავალების მიმცემები.

„ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვერ გამოიყენეს, რისთვისაც სჭირდებოდათ… შეიძლება არც დაეკავებინათ სისხლით, თუკი მიაღწევდნენ მიზანს. მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ იმას წამოეგებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგ შემთხვევაში ციხეც შერჩებოდა და პლუს, ამის ჩვენებასაც გამოიყენებდნენ რომელიმე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ. ეს იყო ამის დაკავების ერთადერთი მიზანი. მეტი არაფერი“, – ამბობდა დიმიტრი ვარდიაშვილი არჩილ მუსელიანცის პატიმრობის პირველ თვეებში.

  • კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარია ციხეშია

კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო  – „რუსული ოცნება“ პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დღემდე ციხეშია.

ელენე ხოშტარია დააკავეს 2025 წლის 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მან კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის სოლიდარობის ნიშნად, რომელიც მანამდე კალაძის ბანერზე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს და გირაო შეუფარდეს.

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

ელენე ხოშტარიას დაკავება უფლებადამცველებმა შეაფასეს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ეს არის სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი აქტი.

  • საპროცესოს დაჰპირდნენ, მაგრამ მოატყუეს –  3-3 წლით დააპატიმრეს 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სათვალთვალო კამერების დაზიანებისთვის ბრალდებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ჰქონდათ ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საპროცესო შეთანხმების დაპირების გამო, ბრალდებულებმა ბრალის აღიარება გადაწყვიტეს, თუმცა საბოლოოდ „ოცნების“ რეჟიმმა მათ საპროცესოზეც უარი უთხრა: მოსამართლე ლილი მსხილაძის თქმით, „ქვეყანაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა სისტემატური სახე მიიღო”. მოსამართლემ ეს დაასახელა საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და შეღავათების არგამოყენების მიზეზად.

დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი

როგორც დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი ჰყვებიან, დანაშაულის ჩადენის მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. შემთხვევის დღეს სამსახურიდან, რუსთაველის მიმდებარედ, ერთ-ერთი რესტორნიდან ერთად გამოვიდნენ. რუსთაველის გამზირზე ორი, შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანი შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, რომ აპირებდნენ 112-ის კუთვნილი ვიდეოკამერების დაზიანებას და დახმარება სთხოვეს. ნიღბიან უცნობებს თან ჰქონდათ კიბე, რომლის გამოყენებითაც სიმაღლეზე ასვლას აპირებდნენ. მუმლაძე და ხუტაშვილი დათანხმდნენ დახმარებას.

ზარალის ოდენობა ამ შემთხვევაში 12 100 ლარი იყო.

  • პარლამენტის დროებითი ჯებირი დაზიანდა, ზიანი 400 ლარია – 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი ციხეში რჩებიან  

400-ლარანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულ ახალგაზრდებს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსაა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 2025 წლის 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებულ რკინის ჯებირზე, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან იყო დამაგრებული. ჯებირის ღირებულება 250 ლარი იყო, მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებდნენ – ამბობდნენ, რომ ჯებირი დააზიანეს, თუმცა უარყოფდნენ ჯგუფურად მოქმედებას.

საპროცესო შეთანხმების პირობებით, ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 2025 წლის ნოემბერში დატოვებენ.

  •  რა ხდება მაშინ, როცა პოლიტიკა არაფერ შუაშია, ზარალი კი 60 ლარია – ერთი საქმე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან 

თუ ქონებრივ ზიანზე სისხლის სამართლის ბოლო საქმეებს გადახედავთ, ნახავთ, რომ საქმე მხოლოდ პოლიტიკური შეხედულების გამო დევნასთან არ გვაქვს: „ოცნების“ სამართალი შეიძლება შეეხოს ნებისმიერს, ვისაც შესაძლოა არაფერი აკავშირებს წინააღმდეგობასთან, ხმის ამოღებასთან, რუსთაველის ქუჩაზე დგომასთან…

2025 წლის სექტემბერში უზენაესმა სასამართლომ განიხილა ემზარ მ.-ს საქმე. მას 60-ლარიანი ზარალისა და ფიზიკური ძალადობისთვის, რასაც სხეულის დაზიანება არ მოჰყოლია, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სიტუაცია ასეთია:

ემზარ მ. დაახლოებით ღამის 11 საათზე მიდის ერთ-ერთ კლინიკაში და „დიაზეპამის“ გაკეთებას ითხოვს. „მას შემდეგ, რაც კლინიკის თანამშრომლებმა უარი განუცხადეს მედიკამენტის გაკეთებაზე, გაბრაზებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, მარჯვენა ხელი დაარტყა კლინიკის მიმღების მაგიდაზე განთავსებულ დამცავ ფარს, აიღო დამცავი ფარის დამჭერი ლითონი და ერთხელ, თავის არეში ჩაარტყა დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რა დროსაც ბ. ტ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მის დამშვიდებას შეეცადნენ კლინიკის თანამშრომლები, თუმცა, იგი განაგრძობდა ხმამაღლა სიტყვიერ შეურაცხყოფას შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მიმართ.

ე.მ.-მ ზემოაღნიშნული ქმედებით საავადმყოფოს მიაყენა 60 ლარის  ქონებრივი ზიანი, გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც შეფერხდა კლინიკის ფუნქციონირება,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ეს კაცი ხულიგნობის მუხლით გაუსამართლებიათ, აპელაციის ეტაპზე კი, მას „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიხედვით, სასჯელი 5 წლამდე შეუმცირდა.

უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

  • ყოფილი მოსამართლე: „როცა ქონება დაუყადაღეს და მილიონები ამოიღეს, ღარიბაშვილის გირაო – მილიონი ლარი ვინ გადაიხადა?“ 

„ღარიბაშვილის შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ არის კორუფციასთან ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა, რაც არის ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულება, სისტემური ხასიათს უნდა ატარებდეს და არა, აი, ასე შერჩევითად… „ოცნების“ ყველა ეს ქმედება ემსახურება ერთობლიობაში მხოლოდ რეჟიმის განმტკიცებას.

შესანიშნავად იცოდნენ, ვინ რას აკეთებდა 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე… ეს საქმეები აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება: არცერთს არ დაგინდობთ, მე თუ არ მომეწონებით და ყველა პოლიტიკურ ოპონენტს გავანადგურებ.

ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ყოველგვარი სამართლებრივი შეფასებისგან ძალიან შორს არის“, – გვიყვება მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პარტია „ახლების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და თსუ-ს პროფესორი.

ყოფილ მოსამართლეს ასეთი კითხვა გაუჩნდა: თუ ირაკლი ღარიბაშვილს მილიონები აღმოუჩინეს ჩხრეკის დროს და ქონება დაუყადაღეს, ვინ გადაუხადა მას გირაო – 1 მილიონი ლარი?

„თუ სხვა შემთხვევაში მთელი საქართველო აგროვებს ხოლმე ჯარიმის თანხას, როცა შემოსავლის სრულიად არმქონე ადამიანებს აჯარიმებენ 5 ათასი ლარით, რატომ არ ჩანს ვინ გადაუხადა გირაო ირაკლი ღარიბაშვილს?“

მაია კოპალეიშვილი

იმის საილუსტრაციოდ, რომ „ოცნების“ რეჟიმის პირობებში საქმე სამართალთან ვერ გვექნება, მაია კოპალეიშვილი ყურადღებას ამახვილებს, მაგალითად, დავით მატიაშვილზე. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების სამსახურების უფროსია.

„დავით მატიაშვილმა ქალებზე იმდენი იძალადა სასამართლოში, წესით, ეს ადამიანი დღეს თანამდებობაზე არ უნდა იყოს, მაგრამ ვნახეთ, როგორ მიეგება ირაკლი ღარიბაშვილს და შემდეგ უკანა კარიც გაუხსნეს…“ – აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა „ბათუმელებთან“.

მაია კოპალეიშვილს ვკითხეთ პოლიტიკური ლიდერების პატიმრობაზეც, მათ შორის, ელენე ხოშტარიაზე – პროკურატურის მტკიცებით, კალაძის ბანერის დაზიანებისთვის ზარალი 570 ლარია.

მაია კოპალეიშვილი განმარტავს, რომ ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას და სხვა შემთხვევებშიც სასამართლოს შეეძლო აღკვეთი ღონისძიება საერთოდ არ გამოეყენებინა, მაგრამ საარჩევნო ბანერის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის:

„ბანერის დაზიანება არავითარ შემთხვევაში არ არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, არავითარ შემთხვევაში. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გათვალისწინებული ქმედება და პირდაპირ გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით.

ესეც აჩვენებს, როგორი აღტყინებულია სისტემა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ,“ – ამბობს მაია კოპალეიშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქონებრივი ზიანი 150 ლარიდან უკვე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

  • ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ ბრალის წარდგენას და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებას ისე წარმოაჩენს, თითქოს კორუფციას ებრძვის. სინამდვილეში, რა სქემით აკეთებინებს ფულს ივანიშვილი ჩინოვნიკებს? 

„როდესაც გვეუბნებიან, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთანო, თანამშრომლობა რას ნიშნავს? – თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ისეთი საკითხები გააჟღეროს, რომელიც არ იყო გამოძიებისათვის მანამდე ცნობილი და ამ ადამიანის მხრიდან გახდა ეს ცნობილი. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ ხდება შესაბამისი რეაგირება სხვა პირების მიმართ?

რა თქმა უნდა, ყველაფერი წინასწარ ცნობილია. ივანიშვილი იყენებს ამ მეთოდს, რომ შემდეგ თუ ვინმეზე გაბრაზდება, ანგარიშსწორებას შეძლებს. ეს ყველაფერი სუსმაც იცოდა და სხვა სამსახურებმაც, მაგრამ ვიდრე ივანიშვილისგან არ ექნებათ თანხმობა, არავინ იღებს გადაწყვეტილებას. ივანიშვილი კი, თავის მხრივ, ექვემდებარება რუსეთს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას მართავს რუსეთი და არა „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლება,“ – გვითხრა მაია კოპალეიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: