მთავარი,სიახლეები

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების დაპატიმრებისა და დაშინების პრაქტიკა – „პუბლიკა“

24.10.2025
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების დაპატიმრებისა და დაშინების პრაქტიკა – „პუბლიკა“

ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილს უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს „პუბლიკის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელებს იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჰყავდათ მანქანაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს.

მოგვიანებით, ფაქტის გახმაურებისა და ფართოდ გავრცელების შემდეგ, ის სახლში დააბრუნეს და უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“, თუმცა ბასტი მგალობლიშვილი აღწერს გარემოებებს, რაც საწინააღმდეგოს ამტკიცებს – პოლიციის თანამშრომლებმა იცოდნენ მისი სახელი, გვარი, მისამართი; მის სახლთან იცდიდნენ დილიდან; იცოდნენ, რომ სტუმრად ჰყავდა ბებია და ა.შ.

ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი „პუბლიკის“ დაფუძნების დღიდან აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ბოლო დღეების განმავლობაშიც აშუქებდა რუსთაველის პროტესტს.

„პუბლიკა“ მისი დაკავების ფაქტს აფასებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და განიხილავს ხელისუფლების მცდელობად, ჩაახშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„პუბლიკის“ ჟურნალისტები ხშირად გამხდარან როგორც პოლიციის ძალადობის, ასევე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და პროპაგანდის სამიზნე.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოში მომუშავე მედიის ყოველდღიურობა, თუმცა არ ვაპირებთ, შევეგუოთ მას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების ცემის, დაპატიმრების, დაშინებისა და ყველა სხვაგვარი რეპრესიის პრაქტიკა.

თავისუფლება მზიას ამაღლობელს!“ – წერას გამოცემა „პუბლიკა“.

დღეს, 24 ოქტომბერს, პოლიციამ გზის გადაკეტვის ბრალდებით 21-მდე მოქალაქე დააკავა.

ბოლო დღეებში პოლიციამ მინიმუმ 7 ჟურნალისტი დააკავა – ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია, აფგან სადიგოვი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაიკო ბოკერია და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: