მთავარი,სიახლეები

“ექიმთან არ წამიყვანეს, მარცხენა თვალში ვეღარ ვხედავ” – კონსტანტინე კოკაიას წერილი ციხიდან

21.10.2025
“ექიმთან არ წამიყვანეს, მარცხენა თვალში ვეღარ ვხედავ” – კონსტანტინე კოკაიას წერილი ციხიდან

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კონსტანტინე კოკაია შვილს, ნინი კოკაიას წერილს უგზავნის და ციხეში საკუთარი უფლებების დარღვევაზე წერს.

კონსტანტინე კოკაია წერს, რომ საპატიმროში მოხვედრის შემდეგ ცალ თვალში ვეღარ ხედავს, ციხეში ავად გახდა, მაგრამ ექიმთან არ წაიყვანეს.

„ნინი, მამი, სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ასეა:

10-11 დღეა აქ ვარ, ჩამწერეს კარდიოლოგთან – არ წამიყვანეს, ჩამწერეს თვალის ექიმთან – არ წამიყვანეს, მარცხენა თვალში ვეღარ ვხედავ.

გაციებული ვიყავი ექიმთან არ წამიყვანეს. სათვალეები წამართვეს, არ შეიძლება რკინაო.

ექიმმა 5-შუნტიან და 4-სტენტიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი.

ბიჭებმა მომარჩინეს კამერაში. სიცხეები მქონდა 1-2 დღე, უნდა ეხვეწო, რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია. კიდევ დაბლოკილი ვარ, არა ბარათი, არ დარეკო. შეზღუდვაა ჩემზე. ბიჭები მიდგანან ძმებივით გვერდით, რითაც მადლობელი ვარ, ამათ გაიხარონ და მალე გათავისუფლდნენ. მე კორპუსის ექიმთან აღარ მივალ.

ბავშვებო, მაგრად მენატრებით, მიყვარხართ. გკოცნით. მომწერეთ წერილი. ათუკა, ჭკვიანად, გთხოვ, სიტყვა გაქვს მოცემული, მჯერა,“- ვკითხულობთ კონსტანტინე კოკაიას წერილში, რომელიც შვილს, ნინი კოკაიას გაუგზავნა.

კონსტანტინე კოკაია 9 ოქტომბერს დააკავეს. 10 ოქტომბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის ცნობით, 64 წლის კონსტანტინე კოკაია სხვადასხვა დაავადებას ებრძვის. გადატანილი აქვს ინფარქტი, გულზე გაკეთებული აქვს 5 შუნტი. კოკაიას ადვოკატმა მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა, თუმცა მოსამართლე კალატოზიშვილმა არაფერი გაითვალისწინა.

„ბათუმელები“ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის სავარაუდო უფლებების დარღვევაზე, კომენტარისთვის დაუკავშირდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. გვაინტერესებდა, ეძლევა თუ არა კონსტანტინე კოკაიას სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა და თუ არ ეძლევა, რატომ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

უწყებამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კონსტანტინე კოკაიასთან ამ დრომდე არც კარდიოლოგი ყოფილა და არც ოფთალმოლოგი, რასაც ბრალდებული ითხოვდა.

„ბრალდებული კ. კოკაია 2025 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება; 2025 წლის 13 და 16 ოქტომბერს, ასევე, ჩაუტარდა  სკრინინგული, ლაბორატორიული კვლევები. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.

პარალელურად, სამედიცინო პერსონალის მიერ შესწავლილ იქნა მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბრალდებულ კ. კოკაიას აღენიშნება გულის უკმარისობა III, ესენციური ჰიპერტენზია, აორტო-კორონარული შუნტის არსებობა, არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილია კარდიოლოგის კონსულტაცია.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს შეუფერხებლად მიეწოდა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას შემოტანილი მედიკამენტები და დაენიშნა შესაბამისი დიეტური კვება.

რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას მხედველობისა და სათვალის საკითხთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ, ბრალდებულის გადმოცემით, მხედველობის გარკვეული პრობლემები აქვს მხოლოდ მარცხენა თვალში.

2025 წლის 25 ოქტომბერს დაგეგმილია ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რის შემდგომაც ბრალდებული უზრუნველყოფილი იქნება ექიმის მიერ დანიშნული როგორც სამედიცინო საშუალებებით, ისე ოპტიკური სათვალით.

რაც შეეხება ტემპერატურის მომატებას, ამ მხრივ ბრალდებულ კ. კოკაიას რაიმე სახის ჩივილით სამედიცინო პერსონალისთვის არ მიუმართავს. ამჟამად სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რესპირატორული სიმპტომები არ ვლინდება. მას კიდევ ერთხელ განემარტა ექიმის მიერ, რომ, მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მათ შორის, არტერიული წნევის მონიტორინგისთვის, უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რის შემდეგაც პარამეტრების გაზომვა მოხდება შეუზღუდავად.

ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება,“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

64-66 წლის კაცები მძიმე დიაგნოზით – ვინ დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: