მთავარი,სიახლეები

64-66 წლის კაცები მძიმე დიაგნოზით – ვინ დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე”

17.10.2025
64-66 წლის კაცები მძიმე დიაგნოზით – ვინ დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე”

„4 ოქტომბრის საქმეზე“ 17 ოქტომბრის მდგომარეობით 62 ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა ნაწილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ.

„ბათუმელები“ სამი დაკავებულის შესახებ გიამბობთ. 64 წლის კონსტანტინე კოკაიას, 64 წლის ალექსანდრე გოგოლაძეს და 66 წლის ზაქრო ალბუთაშვილის შესახებ.

სამივე შემთხვევაში ადვოკატებმა სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, თუმცა სასამართლომ სამივე დაკავებულის მიმართ წინასწარი პატიმრობა გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით.

სამივე საქმე სააპელაციოშია გასაჩივრებული და დაკავებულები სააპელაციოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

“4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებულმა 64 წლის კონსტანტინე კოკაიამ ციხეში ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ოჯახი საპატიმროში მისთვის ოფთალმოლოგის ვიზიტს ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

კონსტანტინე კოკაიას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 10 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე კოკაიას ადვოკატმა და ოჯახმა არაერთი „ფორმა 100“ წარადგინეს, მოსამართლემ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა.

პროკურატურა კი ისევ მოუწოდებს დაკავებულების ადვოკატებს „წარადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები“.

  • ვინ არის კონსტანტინე კოკაია

კონსტანტინე კოკაია 64 წლისაა, გულში სტენტით და ახლა უკვე ცალ თვალში დაკარგული მხედველობით.

ის 2013 წლამდე „თბილსერვის ჯგუფში“ მუშაობდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან სამსახური დაკარგა და უმუშევარი დარჩა. 2019 წლის შემდეგ კონსტანტინე სხვადასხვა დაავადებას ებრძვის.

„სულ აწუხებდა წნევები, სისუსტე. 2019 წელს დაემართა ინფარქტი და იმ ინფარქტის მერე დასჭირდა სტენტების ჩასმა, სტენტების მიუხედავად განუმეორდა ისევ ინფარქტი და გაუკეთდა შუნტირება. ხუთი შუნტი აქვს გულზე გაკეთებული.

მისთვის აუცილებელია მოძრაობა, რომ სისხლმა იმოძრაოს, ასევე სწორი კვებაა. ძალიან ბევრ მედიკამენტს იღებს, რასაც სჭირდება მუდმივი კონტროლი. ასევე სჭირდება რეგულარულად ექიმთან ვიზიტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება და მედიკამენტების ცვლილება.

პირველივე სასამართლოზე წარვადგინეთ 8 „ფორმა 100“, ასევე წარვადგინეთ ყველა დოკუმენტი, სადაც დათარიღებული იყო მისი სტაციონარში მოხვედრა. მისთვის ხშირად გვჭირდებოდა სასწრაფო. წარვადგინეთ ჩატარებული კვლევები, ოპერაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. მოსამართლემ არაფერი გაითვალისწინა, პროკურორი კი გამოვიდა და თქვა, რომ „ჩვენ არაფერი არ წარგვიდგენია“. ამ განცხადების შემდეგ, დამატებით გადაეგზავნა ყველა დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, პროკურატურასაც და გამომძიებელსაც. იმედია სააპელაციოზე მაინც გაითვალისწინებენ რამეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კონსტანტინეს შვილი, ნინი კოკაია.

ნინი კოკაიას თქმით, 15 ოქტომბერს ადვოკატისგან შეიტყო, რომ მამამისმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ოჯახმა მოითხოვა ციხეში კონსტანტინე კოკაია ოფთალმოლოგს, ნევროლოგს და კარდიოლოგს მოენახულებინა – მისი მრავალმხრივი დაავადებებიდან გამომდინარე.

თუმცა 17 ოქტომბრის მდგომარეობით ეს თხოვნა დაკმაყოფილებული არაა.

კონსტანტინე კოკაია შსს-მ 9 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალად სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის [პრეზიდენტის სასახლე] ხელში ჩაგდება და ჯგუფური ძალადობა ედება.

  • ვინ არის ალექსანდრე გოგოლაძე

სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნას ელოდება 64 წლის ალექსანდრე გოგოლაძეც. ის თბილისში ერთ-ერთი პირველი დააკავეს 6 ოქტომბერს „4 ოქტომბრის საქმეზე“. პროკურატურა მას სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდებას, ჯგუფურ ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

ალექსანდრე გოგოლაძეს სიმსივნე აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, მოსამართლემ არსებული მდგომარეობა არ გაითვალისწინა და ალექსანდრე გოგოლაძე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ უკვე მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, ასევე დოკუმენტაცია გადაუგზავნეს პროკურატურას და ახლა ელოდებიან როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო და შეუცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ წინასწარ პატიმრობას სიმსივნით დაავადებულ პატიმარს გირაოთი.

  • ვინ არის ზაქრო ალბუთაშვილი

სიმსივნე აქვს კიდევ ერთ დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილს. ზაქრო ალბუთაშვილი 66 წლისაა და რამდენიმე წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, 66 წლის კაცს მარცხენა თირკმელი ამოკვეთილი აქვს სიმსივნის გამო. დაკავებამდე ზაქრო ალბუთაშვილი დაცვაში მუშაობდა. მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო, დამატებით კვლევებზე მისვლასაც ვერ ახერხებდა, მას ტკივილები აწუხებდა.

დაკავებულის ოჯახს ამ ეტაპზე მედიასთან საუბარი არ სურს. მათ იმედი აქვთ, რომ იქნებ პროკურატურამ ან სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინოს 66 წლის კაცის მდგომარეობა და წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: