„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. ამის შესახებ კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
დღეს, 16 ოქტომბერს, კობახიძემ განაცხადა, რომ რესურსების ოპტიმიზაციას და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრებას ასე ხედავენ:
„გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამისათვის გარდამავალი ეტაპი იქნება უზრუნველყოფილი თითოეული სტუდენტისთვის.
შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.
ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს,“- თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი.
„რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების პრობლემას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი,“- განაცხადა მან.
კობახიძემ ასევე ისაუბრა პროფესურის ანაზღაურებაზეც. მისი თქმით, სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის, როგორიც არის სახელმძღვანელოების, სტატიების მომზადება და ა.შ.
„ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი და სწორედ ასე უნდა ჩამოყალიბდეს უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა ძირითადი ბირთვი და ეს პროცესი მოგცემს ჩვენ, მათ შორის უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობას პროფესორ-მასწავლებლებისთვის. დღეს თუ საშუალო ანაზღაურება არის 2 ათასი ლარი, უმაღლესი რანგის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის როგორიც არის სახელმძღვანელოების მომზადება, სტატიების მომზადება და ა.შ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხარისხის თვისებრივად ამაღლებას უმაღლესი განათლების სისტემაში.
რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, მათ შეიძლება, ჰქონდეთ კონკრეტული სტატუსები, მაგრამ ისინი უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ დასაქმებული საათობრივ საწყისებზე და ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






