სიახლეები

საეჭვო მიზეზი – პიაცას მეპატრონეს ვალი გადაუვადეს

30.05.2012 • • 1419
საეჭვო მიზეზი – პიაცას მეპატრონეს ვალი გადაუვადეს

პიაცა

ავტორი:ნათია ზოიძე
ბათუმის პიაცას შიდა ინტერიერი ნამდვილად ვერ ქმნის იმ გრაციოზულ შთაბეჭდილებას, რაც გარედან ჩანს. პიაცას უკვე ათვისებულ ოთხივე სართულზე თვალშისაცემია ამოცვენილი, სხადასხვა ფერის თუ სახის ხის იატაკი, რომელზეც დიდი ლურსმნებია ჩაჭედებული. არადა, პიაცას მფლობელმა გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს დავალიანების გადავადება სწორედ იმ მოტივით სთხოვა, რომ კოშკი ფუნქციურად დატვირთა. ირაკლი სამხარაძეს ბიუჯეტში 10 დეკემბრამდე 8,6 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა.

ამონარიდი წერილიდან: „შპს პიაცა ჰოლდინგი“ ვერ ახერხებს ნასყიდობის ფასიდან დარჩენილი 8 600 000 ლარის გადახდას, რისი უპირველესი მიზეზია ის, რომ ქონების შეძენის შემდეგ პიაცა ჰოლდინგი ორიენტირებული იყო შეძენილი ქონების ფუნქციური დატვირთვით, რისთვისაც სოლიდური თანხა იქნა დახარჯული. ამის გამო ჰოლდინგმა ვერ მოახერხა გადასახდელი თანხის მობილიზება“.

ბათუმის მერიისა და საკრებულოსთვის „პიაცა ჰოლდინგის“ ეს წერილი საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა ხელშეკრულებაში ცვლილების შესატანად: პიაცას ახალ მეპატრონეს 10 დეკემბრის ნაცვლად თანხის გადახდა მომავალი წლის 31 მარტამდე გადაუვადეს. ბათუმის პიაცას ახალი მფლობელი ბიუჯეტის ვალს – 8 მილიონ 600 ლარს, ახალი ხელშეკრულებით, 2012 წლის 31 მარტს გადაიხდის. არადა, ამ თანხით ბათუმის მერიას, 2011 წლისთვის, ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება-რეაბილიტაცია ჰქონდა დაგეგმილი.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად შეეფერება სიმართლეს ის მიზეზი, რის გამოც მერიამ და საკრებულომ კომპანიას თანხის გადახდა გადაუვადეს. გავარკვიეთ, რომ „პიაცა ჰოლდინგს“ ობიექტის ძირითადი ნაწილი იჯარით აქვს გაცემული. ამ დროისთვის ბათუმის პიაცაზე სულ 3 კაფე-ბარი მუშაობს – ორი პიაცას ღია სივრცეში და ერთიც – დახურულ ნაწილში. კიდევ ერთი ფრანგულ-იტალიური რესტორანიც გასახსნელად არის გამზადებული. ოთხივე ობიექტს მაისის თვიდან არა „პიაცა ჰოლდინგი“, არამედ სულ სხვა კომპანია – შპს „პიაცა მენეჯმენტი“ მართავს.

ახალი მეიჯარის – „პიაცა მენეჯმენტის“ იურისტი, ირაკლი კანდელაკი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „ინვესტიციას და ფუნქციურად დატვირთვას თავად ახორციელებენ“.

ირაკლი კანდელაკი „ბათუმელებთან“ არ აკონკრეტებს, რამდენი დაუჯდა კომპანიას 4 ობიექტის დატვირთვა, თუმცა განმარტავს, რომ ორი კაფეს მომზადების დანახარჯი, რომლებიც ღია სივრცეშია განთავსებული, მინიმალური იყო, რადგან ბათუმის მერიას იქ მოსაპირკეთებელი სამუშაოები დასრულებული ჰქონდა.

იქედან გამომდინარე, რომ პიაცაზე „სოლიდური თანხის ხარჯვის“ კვალი არ ჩანს, „პიაცა ჰოლდინგის“ მიზეზი, რის გამოც მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, დამაჯერებელი არ არის.

ცვლილებები „პიაცა ჰოლდინგსა“ და მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში

2011 წლის 15 აპრილს მერიასა და „პიაცა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰოლდინგმა კოშკი, მოედნის გარეშე, 11 მილიონად იყიდა. „ჰოლდინგმა“ 2 მილიონ 200 ათასი ლარი 20 აგვისტომდე გადაიხადა. პიაცას მშენებლობა კი, სახელმწიფო ბიუჯეტს 18 მილიონზე მეტი დაუჯდა. მოგვიანებით ბიუჯეტიდან მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩასატარებლად ერთი მილიონი ისევ გამოიყო.

29 ნოემბრის ხელშეკრულებაში, გარდა თანხის გადავადებისა, რამდენიმე ცვლილებაც შევიდა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებული აღარ არის, სახელმწიფოს, ა/რესპუბლიკის ან ბათუმის მერიის მოთხოვნის შემთხვევაში, არაუმეტეს 3-ჯერ წელიწადში, უსასყიდლოდ გამოათავისუფლოს ქონების პირველი სართულის ღია სივრცეები და დაუთმოს იგი ამ ორგანოებს შესაბამისი ღონისძიების ჩასატარებლად.

29 ნოემბერს გაირკვა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერც ბათუმის მერიამ შეასრულა – 20 აგვისტომდე მან პიაცაზე დაწყებული სამუშაოები ვერ დაასრულა. მაგრამ „პიაცა ჰოლდინგი“ „არ ითხოვს პირგასამტეხლოს“. ახალი ხელშეკრულებით ბათუმის მერიას სამუშაოების დასრულების ვალდებულება მოეხსნა.

მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე განმარტავს, რომ პიაცა საკუთარი სურვილით ამბობს უარს ამ თანხის მიღებაზე.
„მე შენ გაპატიებ, შენ მე მაპატიე. თამაშია თუ ეს რა არის?“ – ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებს რეპლიკით გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციონერი.

საეჭვო დეტალები

პიაცას გაყიდვის თემით „ბათუმელები“ რამდენჯერმე დაინტერესდა. მაშინ როდესაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე დარწმუნებული იყო, რომ „ცუდი ბიზნესმენები არ იყვნენ“ და პიაცა მომგებიანად გაასხვისეს, გაზეთმა ჟურნალისტური გამოძიებით შეისწავლა „პიაცა ჰოლდინგის“ მეპატრონის ირაკლი სამხარაძის ბიზნესშესაძლებლობები და მოახერხა თავად ბიზნესმენის ჩაწერაც, რომელიმაც თქვა: „თვითონ ის ფაქტი, რომ პიაცა ვიყიდეთ, არ არის სწორი. ფული სრულად არ გადაგვიხდია“.

ირაკლი სამხარაძემ კომპანია – შპს „პიაცა ჰოლდინგი“ 2011 წლის 23 თებერვალს, ანუ „პიაცას“ აუქციონზე გამოტანამდე 35 დღით ადრე დააფუძნა. იგი საქართველოში სხვა ქონების მფლობელი არ არის.

სამხარაძის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში წერია: – „იურიდიული მისამართი: ბათუმი, ჟორდანიას ქუჩა #20. დოკუმენტებში „პიაცას“ იურიდიულ მისამართად მითითებული 79 კვადრატული მეტრი ბინა, ძველი ბათუმის იტალიურ ეზოში, ეკუთვნის ალბინა (დოდო) ზარქუას. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ დოდო ზარქუა პიაცას ოფიციალური მფლობელის – ირაკლი სამხარაძის მამიდაა. მიუხედავად იმისა, რომ სამხარაძე ამ კომპანიის ერთადერთი მფლობელია, „ბათუმელებს“ ბიზნესმენმა უთხრა, რომ ის ერთადერთი მფლობელი არ არის.

„რაც შეეხება პარტნიორებს – პიაცით დაინტერესებულია ინვესტორთა ჯგუფი. მათგან ერთ-ერთი მე ვარ. ზუსტად ახლა მიდის მოლაპარაკება, ვინ როგორი წილობრივი მონაცემებით შემოვა. პარტნიორების ვინაობას ვერ გეტყვით. არიან, ასე ვთქვათ, სუფთა უცხოელები და ჩემნაირი უცხოელებიც. არ არის ყველა რუსეთის მოქალაქე. ზოგიერთი სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს“, – განაცხადა 3 თვის წინ „ბათუმელებთან“ სამხარაძემ.

„ბათუმელები“ ირაკლი სამხარაძეს კომენტარისთვის ამჯერადაც დაუკავშირდა. მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

კორუფციის „სუნი“

„ამას კორუფციის სუნი ასდის, პიაცა 18 მილიონი დაჯდა, 11-ად გაყიდეთ და ახლა ამ პირობას ახალი მეპატრონე ვერ ასრულებს. პიაცას მფლობელი ცხოვრობს ჟორდანიას 20 ნომერში, მე – 22-ში. ასეთ მეზობელს მე არ ვიცნობ. ეს მოუწყობელი იტალიური ეზოა და თქვენ ამბობთ, რომ კაცს, რომელსაც მილიონები აქვს, ასეთ პირობებში ცხოვრობს. მოვა დრო, პროკურატურა დაინტერესდება ამ საკითხით, ფუნქციურად დატვირთა თურმე, იმ კაფეების მეპატრონეებს კვერცხი ნისიად გაჰქონდათ გვერდით მაღაზიებიდან“, – უთხრა საკრებულოს სხდომაზე „რესპუბლიკელმა“ ირაკლი ჩავლეიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ ჩავლეიშვილს უპასუხა: „მე რომ პროკურორი ვიყო, ამ საკითხით არ დავინტერესდებოდი, რადგან საფუძველს ვერ ვნახავდი თქვენს განცხადებაში. დანარჩენი პროკურატურამ გადაწყვიტოს“.
პიაცას საკითხით პროკურატურა მართლაც იყო დაინტერესებული, თუმცა ოდნავ განსხვავებულ კონტექსტით. წყაროს ინფორმაციით, რომელიც პოლიციელია და ამ საქმეზე გარკვეულწილად თვითონაც მუშაობდა, პროკურატურა პიაცას მშენებლობაზე დახარჯული თანხის კანონიერებას სწავლობს. წყაროს ცნობით, პროკურატურამ დოკუმენტების გაყალბების ფაქტები აღმოაჩინა: „600 კაცამდე დავკითხეთ. მუშების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვა, რომ სახელფასო უწყისზე დაფიქსირებული თანხა არ აუღიათ. მაგალითად, მუშა როცა ამბობდა, რომ თვეში 300 ლარი აიღო, იმ დოკუმენტში 300-ის წინ ან 1-იანი ეწერა, ან 2-იანი“.

სამართალდამცავებმა ამ საქმეზე რამდენიმე ეჭვმიტანილიც დააკავეს, თუმცა დაკავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

გადაბეჭდვის წესი