მთავარი,სიახლეები

რა იქნება თურქეთის როლი, თუ კავკასია რუსეთს ზურგს აქცევს და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ

28.07.2025 •
რა იქნება თურქეთის როლი, თუ კავკასია რუსეთს ზურგს აქცევს და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ

„რუსეთისთვის აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. არსებობს თურქეთის ფაქტორი,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო პროვოკაციებისთვის მოიცლის, მას უკვე აქ გააქტიურებული თურქეთი დახვდება.

სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს. როგორ იზრდება ამ დროს თურქეთის რეგიონული როლი და რა იცვლება საქართველოსთვის, თუ ის რუსეთის ორბიტაზე დარჩება? – „ბათუმელებმა“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლისთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ქამრან, რა როლს იძენს თურქეთი რეგიონში ახლა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ რუსულ ორბიტას მოშორდნენ? 

თურქეთი აქამდეც აქტიურად ცდილობდა რეგიონის გადამწყვეტი ფაქტორი გამხდარიყო, შეიძლება უპირობო ვერა, თავისი შეზღუდული რესურსების გამო, თუმცა ვხედავთ, რომ თურქეთი აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში.

შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი ასრულებს მედიატორის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის: თუ დააკვირდებით, ალიევის და ფაშინიანის თურქეთში ვიზიტებს შორის მცირე დროა, ანუ თურქეთმა კონსულტაციები გაიარა ჯერ ერთ მხარესთან, შემდეგ – მეორესთან.

  • რამდენად ანგარიშგასაწევია თურქეთის გააქტიურება კავკასიის რეგიონში რუსეთისთვის, რომელმაც შესაძლოა მოიცალოს თავისი ტრადიციული მეთოდისთვის და სამხედრო პროვოკაცია დაგეგმოს? 

დიახ, რუსეთი ამას ყოველთვის ცდილობს. ის ამ დრომდე პროვოკაციებით ახერხებდა ამ რეგიონის სახელმწიფოები თავის ორბიტაზე შეენარჩუნებინა.

აზერბაიჯანი შესაძლოა პატარა სახელმწიფო რუსეთის გადმოსახედიდან, მაგრამ ამ ეტაპზე აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. ერთია, რომ რუსეთი უკრაინაში იბრძვის და იბრძვის წარუმატებლად – მას არ გააჩნია რესურსი ცალკე სამხედრო კამპანია წამოიწყოს კავკასიაში, მეორეს მხრივ კი, არსებობს თურქეთის ფაქტორი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამას არ დაუშვებს.

ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებობს შუშის დეკლარაცია, რაც გულისხმობს ნატოს მეხუთე მუხლის პრინციპით მოქმედებს: თუ ვინმე თავს დაესხმება ერთ სახელმწიფოს, მეორე სახელმწიფო ვალდებულია, რომ გაააქტიუროს სამხედრო კომპონენტი და ჩაერთოს.

ქამრან ოსმანლი

  • სომხეთს ვინ დაიცავს? თანაც სომხეთში არსებულ გიუმრის რუსულ ბაზაზე რუსები სამხედროებს ამატებენო. 

დიახ, სომხეთი დაუცველი რჩება თავის ყოფილ მოკავშირესთან პირისპირ. შესაძლებელია, აფხაზეთის მსგავსი სცენარით განვითარდეს მოვლენები – მართალია, სომხეთს სეპარატისტები არ ჰყავს, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაში ბევრია ისეთი, ვინც რუსეთის მიმართ ლოიალურია.

სამწუხარო იქნება, თუ ეს მოხდება.

  • თუ ეს მოხდება, თურქეთი თვალს დახუჭავს, როცა მას ამბიცია აქვს რეგიონულ ლიდერობაზე? 

თურქეთის ინტერესია, რომ რეგიონში იყო მშვიდობა, სტაბილურობა. ის კონფლიქტების მოგვარების ინიციატივით გამოდის იგივე სირიის, უკრაინის და სხვა კონფლიქტებში.

თურქეთს არ გააჩნია ბერკეტები, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთი, ან სხვა სახელმწიფო გააჩეროს.

თურქეთს შეუძლია აქტიურად ჩაერთოს აზერბაიჯანის შემთხვევაში თუ იქნება თავდასხმა, ასევე საქართველოს შემთხვევაში – საქართველოში მოგეხსენებათ გადის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალები, რომელიც თურქეთის პირდაპირ ინტერესშია, გადის ნავთობსადენი და გაზსადენი, ასევე ყარსამდე მიმავალი რკინიგზა. ამიტომაც, აზერბაიჯანსა და საქართველოში თურქეთს სერიოზული ინტერესები გააჩნია, შესაბამისი რესურსებიც აქვს ჩადებული. მაგრამ სომხეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, თურქეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.

  • ფაშინიანი ჩავიდა ერდოღანთან სალაპარაკოდ. აღინიშნა, რომ ერდოღანიც აპირებს სომხეთში ჩასვლას. ჩანს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივა?

ერდოღანის სომხეთში ჩასვლის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. თუ ასე მოხდება, საინტერესოა, როგორ დახვდება მას ადგილობრივი მოსახლეობა.

ფაშინიანი როცა ჩავიდა თურქეთში, იქ ადგილობრივ სომხებს შეხვდა და სასულიერო პირებსაც – მათთან ჰქონდა დისკუსია. ეს საინტერესოა, რადგან ერევანში ფაშინიანს დაპირისპირება აქვს კათოლიკოსთან. არ არის გამორიცხული, თურქეთიდან სომხეთში ჩაიყვანოს კიდეც სასულიერო პირები, რომლებიც მის მიმართ ლოიალურად იქნებიან განწყობილი.

სომხეთს თუ სურს, რომ გამოვიდეს რუსული ორბიტიდან, მას აუცილებლად მოუწევს ნაბიჯების გადადგმა, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები საბოლოოდ დალაგდეს. თუ სომხეთი არ გახსნის საზღვრებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება და დარჩება რუსეთის გუბერნია, მიჯაჭვული რუსეთზე, რომელიც რაღაც ერთეული იქნება. ასე რომ, ამის აუცილებლობა საზოგადოებამ და მთავრობამ უნდა გაიაზროს და შერიგებაზე წავიდნენ.

ვიდრე ხელი არ მოეწერება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, მანამდე რაღაც ახალ პროექტებსა და პროგრესზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მედიაში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ აი, უკვე შეთანხმდნენ, ამერიკული კომპანიები შემოდიან და ასე შემდეგ. რეალურად ჯერ არ არის არაფერი კონკრეტული.

  • არსებობს მოსაზრება, რომ სინამდვილეში თურქეთი არ არის მზად რეგიონული ლიდერობისთვის – ეკონომიკურად სუსტია, ასევე დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აქვს, ერდოღანი ოპოზიციონერებს დაერია და ციხეებში გამოკეტა, ამიტომაც დასავლეთის მხარდაჭერაც მას ამ პროცესში არ ექნება.  

თურქეთს უზარმაზარი სურვილი აქვს, გახდეს რეგიონში ლიდერი სახელმწიფო. ამავდროულად, თურქეთის აქილევსის ქუსლია ეკონომიკა, რომელიც ძალიან დასუსტებულია. ყველაფრის თავი და ბოლო ფინანსებია იმის მიუხედავად, რომ თურქეთს აქვს ძლიერი სამხედრო კომპონენტი, თავისი არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ბევრ კონფლიქტში სწორედ თურქული შეიარაღება გამოიყენეს და გამოიყენეს ძალიან წარმატებულადაც.

თურქეთის შიდა კრიზისი მოქმედებს ერდოღანის პრესტიჟზე, მაგრამ გადამწყვეტი მაინც გეოპოლიტიკაა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერდოღანი სჭირდება ახლა ევროკავშირს და მის თითოეულ სახელმწიფოს. ამას გარდა, ერდოღანი დაახლოებულია ტრამპთან და მის გარემოცვასთან – ეს განცხადებებშიც კარგად ჩანს. როცა ტრამპი ამბობს, რომ ერდოღანი მისი მეგობარია და მას შეუძლია კონფლიქტების გადაჭრა. იგივე სირია-ისრაელის საკითხიც ტრამპმა, ასე ვთქვათ, თურქეთს მიანდო.

ასე რომ, თურქეთში არსებული კრიზისის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია და ევროკავშირიც ფსონს ერდოღანზე დებენ. დასავლეთი ხედავს ყველაფერს, რაც თურქეთში ხდება, განცხადებებიც კეთდება, მაგრამ ეს პროცესები რომ ყოფილიყო სადღაც 10 წლის წინ, თურქეთი ძალიან მძიმე სანქციების და წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. დღევანდელ პირობებში კი, იქეთ რუსეთ-უკრაინის ომია, აქეთ ახლო აღმოსავლეთის პროცესებია, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებია რეგიონში – ამ ფონზე დასავლეთს სჭირდება თურქეთის სახით სანდო და ძლიერი პარტნიორი, მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირებისა.

ამიტომაც, მოგვწონს თუ არა, ერდოღანი ე.წ. პოლიტიკური ცხოველია – გრძნობს სიტუაციას, რაც ხდება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ და შეუძლია ისარგებლოს სიტუაციით თავის სასარგებლოდ. იგივე იმამოღლუს დაჭერა შეეძლო 5 წლის წინაც, მაგრამ მაშინ ეს ვერ გაბედა. დღეს კი, იმამოღლუც დაიჭირა და მასთან ერთად ოპოზიციური პარტიის კიდევ 104 წევრი.

თურქეთი უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ, რეგიონულ სახელმწიფოდ, რომელიც ეკონომიკურად არ ყვავის, მაგრამ უკვე არის მთავარი მოთამაშე, რომლის გარეშეც კონფლიქტების გადაჭრა შეუძლებელიც კი ხდება. მოლაპარაკებების მაგიდაზე სხვადასხვა სახელმწიფო ითხოვს, რომ იყოს თურქეთის მხარე. ეს აქამდე არ ხდებოდა.

  • რა გათვლებით უნდა მოქმედებდეს ამ დროს საქართველო და როგორ შეიცვლება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა, თუ თურქეთი გახდება ლიდერი ჩვენს რეგიონში, საქართველო კი, რუსეთის აგენტი? 

მე არა მგონია, რომ თურქეთმა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რადგან ამ ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობებია… თურქეთის გაძლიერება ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან ჩვენ თურქეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თურქეთი აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს გვიჭერს და ასე შემდეგ.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ დაიკარგოს ეს ნდობა და ინტერესი, რაც რეგიონულ მოთამაშეს გააჩნია.

გვესმის ექსპერტებისგან, რომ საქართველო კარგავს თავის სტრატეგიულ როლს. მე ასე მგონია: თუ კავკასიის რეგიონში იქნება მშვიდობა, ამით ყველა იხეირებს, ჩინეთიდან წამოსულ ტვირთებს კი, ისევ დასჭირდება დერეფანი და დიდი აბრეშუმის გზა. მთავარია, საქართველოს წესრიგში ჰქონდეს ინფრასტრუქტურა: გზები, რკინიგზა, მაგისტრალები, პორტები….

ის, რაც ახლა კავკასიაში ხდება, გაგრძელდება წლები, მინიმუმ 5-10 წელი დასჭირდება ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხის გარკვევას: ადგილობრივ მოსახლეობაშიც ჯერ უნდობლობაა ერთმანეთის მიმართ. ასე რომ, უცებ ეს ყველაფერი ვერ დალაგდება. ჩვენ ვართ ხიდი ცენტრალურ აზიამდე მიმავალ გზაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: