თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ პროფესორს, ადმინისტრაციამ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. პროფესორები მიიჩნევენ, რომ მათი უნივერსიტეტიდან გაშვებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ღიად გამოხატავენ პოზიციას და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.
„განათლებული ადამიანი მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ვეღარ გაზრდიან მონებს“, – ამბობენ პროფესორები.
შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს გიორგი გოცირიძეს, მის მეუღლეს ქეთევან გიგაშვილს, ასევე გაათავისუფლეს სამსახურიდან ქეთევანის და, მზია გიგაშვილი (ასისტენტ პროფესორი), ნინო ძამუკაშვილი და ნინო გოგიაშვილი.
პროფესორების განცხადებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება ე.წ. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. ეს, მათი აზრით, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული „რეფორმის“ ფარგლებში დაგეგმილ წმენდას უკავშირდება.
„ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა.
გიორგი გოცირიძე 2003-2004 წლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც იყო, თუმცა ამჟამად, პროფესორის თანამდებობა ეკავა უნივერსიტეტში.
მისი თქმით, ე.წ. რეორგანიზაციის ფარგლებში კონკურსი 9 სექტემბრიდან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მას და მის მეუღლეს, ასევე კიდევ სამ აკადემიურ პერსონალს, ხელშეკრულება 13 ივლისს შეუწყვიტეს.
„რა თქმა უნდა, მოტივი პოლიტიკურია, რადგან იმ კრიტერიუმებს, რომელიც საკონკურსო პირობებში ჩაწერეს, არაფერი აქვს საერთო კვალიფიკაციასთან, მეცნიერულობასთან, აკადემიურობასთან, ეს არის ადმინისტრაციასთან ლოიალობის ტესტი. მეორე – როცა უნივერსიტეტი ამბობდა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობაა და ამიტომ აცხადებს რეორგანიზაციას, მე შევთავაზე აქედან ძალიან უმტკივნეულო გამოსვლის გზები: ნაცვლად 60 ათასი ლარისა, რომელსაც ჩვენი გათავისუფლებით დაზოგავდნენ, 260 ათას ლარს გამოათავისუფლებდნენ. თუმცა არანაირი პასუხი და განხილვა არ დაწყებულა ამაზე.
ჩვენ კონკურსის გზით გვქონდა ეს თანამდებობები 2020 წლის 9 სექტემბერს დაკავებული და ახლა, კონკურსამდე გაგვიუქმეს ეს ხელშეკრულებები“, – ამბობს გიორგი გოცირიძე „ბათუმელებთან“.

გიორგი გოცირიძე
მისი თქმით, რეორგანიზაციას საფუძვლად დაუდეს 2025 წლის 13 ივლისის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც წერია, რომ შტატებს ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ამცირებენ.
„როცა 2025 წლის 2 ივნისს, განგაშის ზარები შემოჰკრეს და თქვეს, სტუდენტები აღარ გვყავს და შტატები უნდა შევამციროთო, უნივერსიტეტის რექტორმა შექმნა კომისია, რომელმაც 4-5 ადამიანზე მორგებული კრიტერიუმები შეიმუშავა, რადგან ჩვენ უნდა გავეშვით.
აკადემიურობის და მეცნიერულობის 9 კრიტერიუმიდან მარტო ორია წარმოდგენილი და ისიც ნაწილობრივ ასახავს ჩვენს აკადემიურობას. დანარჩენი არის „მადლობა“, „საყვედური“, რექტორის მიერ პროფესორების საბჭოებში შეყვანა და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო მომართული.
მაგალითად, კრიტერიუმს „მადლობა“ ენიჭებოდა 3 ქულა. ანუ რექტორის მადლობები უნდა გვქონოდა, რომ ეს კრიტერიუმი დაგვეკმაყოფილებინა.
ნინო გოგიაშვილმა „გაფრთხილება“ მიიღო იმის გამო, რომ ის შუალედური წერების დროს, რომელსაც საგამოცდო ცენტრი იბარებს და პროფესორი არაფერ შუაშია, იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ქეთევან გიგაშვილმა კი „გაფრთხილება“ მიიღო იმის გამო, რომ ავად ყოფნის დროს დისტანციურად ჩაუტარა სტუდენტებს ლექცია, თუმცა შემდეგ ეს საათები მაინც აანაზღაურა. ანუ 6-ის ნაცვლად 12 საათი ჩაატარა, მაგრამ მაინც გამოუცხადეს საყვედური.
ეს ყველაფერი ხდებოდა 2023 წლის მარტიდან, როცა პირველი რუსული კანონი შემოიტანეს და ჩვენ, ეს 5 ადამიანი სულ გარეთ ვიყავით აქციებზე და ახლაც გარეთ ვართ.
ჩემი რექტორობის დროს, მე და ჩემმა მეუღლემ უნივერსიტეტს მილიონზე მეტი ლარი მოვუტანეთ სამეცნიერო გრანტებით. მსგავსი პრეცედენტი თელავის უნივერსიტეტს არ აქვს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩაბმული ვართ იმ დამღუპველი საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ატარებდა – ამცირებდა სპეციალობებს. ჩვენ ვეუბნებოდით რექტორს, რომ ეს გამოიწვევდა სტუდენტების შემცირებას და პროგრამების დახურვას. ასეც მოხდა“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.
მისი თქმით, სპეციალობების შემცირებამ, სწავლების ხარისხის დაცემამ, აკადემიური პერსონალის გადინებამ გამოიწვია სტუდენტების რაოდენობის შემცირებაც. ამას დაემეტა მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში და სტუდენტების ნაწილმა სტატუსები შეიჩერა.
„24 სპეციალობა იყო ჩემი რექტორობის დროს და ახლა 8 თუ 10 სპეციალობაა დარჩენილი“- გვეუბნება ის.
მისი აზრით, ამ კრიზისების მიუხედავად, უნივერსიტეტის კრიტიკულად განწყობილი პროფესორების გაშვება მაინც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.
„მე მგონი კობახიძის დაანონსებული „რეფორმისთვის“ მზადება თელავის უნივერსიტეტმა პირველმა დაიწყო.
საერთოდ, საქართველოში „ოცნებამ“ ინტელექტუალურ საზოგადოებას ბრძოლა გამოუცხადა, ეკონომიკური ბრძოლაც მათ შორის. თემურ-ლენგი რომ იქცეოდა ხოლმე ისე, როცა ეკონომიკური ომი გამოუცხადა საქართველოს და ადრე გაზაფხულზე გამოილაშქრებდა ხალხს ყანები რომ არ დაეთესა… მერე, გვიან შემოდგომაზე, რომ თუ ვინმემ მოასწრო დათესვა, ის წაეღო.
ანალოგიური ეკონომიკური ომი აქვს გამოცხადებული დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას ინტელექტუალური ელიტისთვის, პატრიოტი ხალხისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას იცავენ. ვინც ამის წინააღმდეგ ხმა იმაღლებს, იმათი მარგინალიზაცია უნდა მოხდეს.
უნდათ, რომ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დავდგეთ, შემოსავლები არ უნდა გვქონდეს, განდევნილი უნდა იყვნენ ყველა სივრციდან. აი, ამისი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა ჩვენს უნივერსიტეტში“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.
ის ერთ ეპიზოდს იხსენებს წინა ხელისუფლების დროიდან, რომელიც ასევე აკადემიურ სფეროში კრიტიკული აზრის დევნას უკავშირდებოდა.
„ნაციონალების“ დროს მაღალ თანამდებობაზე მყოფ ერთ პირს ვკითხე, რატომ აწვებით ასე ხალხს, ხომ იცით ფიზიკის კანონია, რაც უფრო დიდი დაწოლა, უფრო დიდი აქვს უკუძალა-მეთქი და ასე მიპასუხა – ისე უნდა დააწვე, რომ გადაამტვრიოო. ასე იქცევიან ესენიც.
არ ვიცი შეძლებენ თუ ვერა უნივერსიტეტების გადამტვრევას. ვნახოთ. შესაბამისად, ეს გათავისუფლებაც ერთგვარ მოტივაციას გვაძლევს ბრძოლისთვის – პრიორიტეტების დალაგებაში უკეთ დაგვეხამარა. ჯერ ქვეყანას უნდა მივხედოთ და მერე დაბლაც დალაგდება. მათ შორის უნივერსიტეტებშიც“, – გვეუბნება გიორგი გოცირიძე.
ის კრიტიკულია თავისი ყოფილი კოლეგების მიმართ, რომლებიც დღეს დუმილს ამჯობინებენ.
„ახლა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უმრავლესობა გაჩუმებულია. მე ისტორიკოსი ვარ პროფესიით და თითზე ჩამოსათვლელი ისტორიკოსები თუ აქტიურობენ და ააშკარავებენ „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრიობას.
ანტიევროპულზე უკვე აღარ ვსაუბრობ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ კურსზე ვსაუბრობ, რომლითაც წყალს გაატანეს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა; ის სისხლი, რომელიც საუკუნეების წინ კი არა, გუშინ და გუშინწინ დაიღვარა და დღესაც იღვრება. ეს არის დამღუპველი, როცა პატრიოტებს, ახალგაზრდებს სახის ძვლებს ულეწავ და იმას უკეთებენ ადამიანებს, რასაც უკეთებენ გნებავთ მზიას, გნებავთ სხვებს. ეს უპატიებელია.
ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც ეს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს. და თუ ამას არ აპროტესტებ, ეს კიდევ უფრო დამთრგუნველია. 30-იან წლებში სხვა კი არაფერი ხდებოდა. ჩვენ უკვე ვიცით, 30-იან წლებში ვინ სად ვიდგებოდით“, – გვეუბნება ის.
მისი გათავისუფლების ამბავს იუმორშიც ატარებს, რადგან ამბობს, რომ დღევანდელი რექტორი, მისი მაგისტრანტი და დოქტორანტი იყო.
„ჩემი ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია და ახლა გამიშვა სამსახურიდან.
ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ დამიწერა ფეისბუქზე, ესეც ჩაივლის, ოღონდ „გამზრდელი“ ხელმეორედ აღარ წაიკითხოო. ასე გადაგვაქვს იუმორში, მთავარია ქვეყანას ვუშველოთ“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.

ნინო გოგიაშვილი
ნინო გოგიაშვილი (ფსევდონიმი ნუციკო დეკანოზიშვილი) ასოცირებული პროფესორია. ისიც ე.წ. რეორგანიზაციის გზით გამოუშვეს სამსახურიდან.
„ჩვენ, ხუთნი ვაპროტესტებდით არსებულ რეჟიმს და ყველა გაგვიშვეს.
მივმართეთ სასამართლოს და ვასაჩივრებთ, როგორც საკონკურსო პირობებს, ასევე გათავისუფლებას.
კატასტროფულად შემცირდა სტუდენტების რაოდენობა, ძალიან ბევრი სტუდენტი იჩერებს სტატუსს არასწორი მენეჯმენტის გამო. ეს რეორგანიზაცია ჩვენზეა რომ არის მორგებული, ჩანს ყველაფრით. თავიდან, რექტორმა შალვა ჭკადუამ გაგვიუქმა ფეისბუქზე მეგობრობა, ბოლოს დერეფანშიც კი აღარ მომესალმა. თელავი პატარა ქალაქია და ძალიან მარტივად ვრცელდება ხმები. მეუბნებოდნენ, რომ მე უნდა გავეშვი თანამოაზრეებთან ერთად.
რეპრესირებულ მდგომარეობაში ვიყავი, არ მესალმებოდნენ თანამშრომლები, თვალს მარიდებდნენ, ამომიღეს საორგანიზაციო საბჭოებიდან, არ მომცეს უფლება ჩამეტარებინა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც გასულ წელს ძალიან აქტიურად განვახორციელე. პირდაპირი ზეწოლა, ჩემი მარგინალიზაცია მიმდინარეობდა. სხვათა შორის, იყო პოლიტიკური მუქარები, რომელიც პირდაპირი და ირიბი გზებით წამოვიდა გაცილებით მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მხრიდან. ამაზე სასამართლოში ვისაუბრებ.
რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებსაც ასე ექცეოდნენ“, – ამბობს ნინო გოგიაშვილი.
მისი აზრით, ეს დევნა ვერ იქნება მხოლოდ ადმინისტრაციის ინიციატივა, „ამას აქვს დავალების სახე“, -ამბობს ნინო.
„გასაგებია რომ „ოცნების“ მთავრობას სურს მოსპოს ქვეყნის მთავარი ბერკეტი – განათლება, რადგან განათლებული ადამიანი მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ვეღარ გაზრდიან მონებს.
მეც ძალიან საშიში აღმოვჩნდი რეჟიმისთვის, რადგან ვასწავლი ოთარ ჭილაძის „გოდორს“, ვასწავლი „გორა მბორგალს“, ვასწავლი ჩხეიძეს და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი, მე-20 საუკუნის ლიტერატურა ხომ – რეპრესიები. და რა თქმა უნდა, ყოველთვის შემოდის თანამედროვე კონტექსტი.
აი, ეს თავისუფალი აზრი არ მოსწონთ და არ სჭირდებათ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, მაღალი თავისუფლების ხარისხის, ეროვნულ პოზიციაზე მდგომი აკადემიური პერსონალი.
ის კოლეგები, რომლებიც არათუ არ გამოხატავენ სოლიდარობას, არც კი გვესალმებიან და ორაზროვან პოსტებსაც კი წერენ, რომ თურმე დავიმსახურეთ ასეთი მოპყრობა, სისტემის წარმომადგენლები არიან და მიჰყვებიან ამ არაჯანსაღ დინებას“, – გვეუბნება ნინო გოგიაშვილი.
ის ამბობს, რომ პროტესტში ყოფნის გამო, ჰქონდა მოლოდინი, რომ გაუშვებდნენ უნივერსიტეტიდან, თუმცა მისთვის თავისუფლება სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანია.
„მე გამიჭირდება ვიღაცის სულში ჩავყო ხელები და გავიგო მათ რად უღირთ ასეთ სისტემაში დარჩენა, აკადემიური თავისუფლების გარეშე. მე ის ვიცი, რომ ჩემი, როგორც ადამიანის ონტოლოგიური მოთხოვნილება არის თავისუფლება“, – ამბობს ნინო.
„ბათუმელები“ ისაუბრა ნინო ძამუკაშვილსაც, რომელიც ასევე გაუშვეს უნივერსიტეტიდან.
„პირველ რიგში, ჩემი სრული სოლიდარობა და თანადგომა მზია ამაღლობელს გამძლეობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის“, – გვეუბნება ნინო ძამუკაშვილი.

ნინო ძამუკაშვილი
ნინო ძამუკაშვილიც მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის მოტივი პოლიტიკურია და უკავშირდება „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მის კრიტიკულ განწყობებს.
„როდესაც ათავისუფლებ 4 პროფესიონალს, ამდენი დამსახურების და მრავალწლიანი სტაჟის მიუხედავად, აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.
ჩვენი პროტესტი იყო გამოხატული აქციებზე, მას შემდეგ, რაც კობახიძემ გამოგვიცხადა, რომ ევროპული კურსის შეჩერებას აპირებენ. მას შემდეგ ვდგავართ ოთხივე საპროტესტო აქციებზე. აი, ეს იყო მიზეზი“.
მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ თავისუფალი აზრის გამო გაიმეტა ოთხი გამოცდილი პროფესიონალი მორჩილებაში მყოფმა ადმინისტრაციამ.
„ასეთი რეჟიმები ბოლო ეტაპებს ითვლიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით, გაძლიერდება მუხტი, ამით გაცილებით მეტ ადამიანს გააბრაზებენ და ეს მათი დასასრულის დასაწყისი იქნება“, – გვეუბნება ის.
სამსახურიდან გაშვებული პროფესორები ასევე საუბრობენ „ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის შედეგად საფრთხის ქვეშ დაყენებულ ვიზალიბერალიზაციაზე, რომელიც შესაძლოა დაკარგოს ქვეყანამ, რითაც მთელი ქვეყანა დაზარალდება.
„ჩვენ, როგორც ლექტორებმა, როგორც გაცვლითი პროგრამების მრავალჯერ მოსარგებლეებმა, გამოვხატეთ აზრი, თუ რას დაკარგავენ საგანმანათლებლო დაწესებულებები „ერაზმუსის“ დაკარგვით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით. ვსაუბრობდით იმაზე, რამდენი ლექტორისა და სტუდენტისთვის გაიხსნა ევროპული შესაძლებლობები, როგორ განვითარდნენ პიროვნულად, პროფესიულად და რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ეს ყველაფერი.
ვფიქრობ, უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი ამას აცნობიერებს, თუმცა დიდი ნაწილი მაინც შეშინებულია და პროტესტს ვერ ბედავს.
თუმცა, რამდენიმე სტუდენტი აქტიურად იდგა ჩვენ გვერდით ან ჩვენ მათ გვერდით“, – ამბობენ პროფესორები.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა უნივერსიტეტს რექტორს შალვა ჭკადუასაც და ჰკითხა, რა მიზეზით გაუშვა პროფესორები უნივერსიტეტიდან.
შალვა ჭკადუა ამბობს, რომ შტატების შემცირება უნივერსიტეტის რებრენდინგს მოჰყვა. თუმცა, დასძენს, რომ ზემოთ აღნიშნული პროფესორების გარდა სამსახურიდან სხვა ადამიანებიც გაუშვა. სულ 14 ადამიანი მოჰყვა შემცირებაში.
„რეორგანიზაცია არ შეეხო მხოლოდ 5 ადამიანს, შეეხო სხვა ადამიანებსაც. როგორც აკადემიური თანამდებობის პირებს, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს.
ჯამში, 8 აკადემიური თანამდებობის მქონე პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან და 3 ადმინისტრაციული დამხმარე თანამდებობის პირი, ასევე 3 ადმინისტრაციული დამხმარე პირი.
ეს არის უნივერსიტეტის ერთგვარი რებრენდინგი, რომელიც ორი ფაკულტეტების გაერთიანებას გულისხმობს. ეს არის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რაც ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტრატეგიულიგეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების გაძლიერებას.
ამ შემთხვევაში ეს არის განათლების მეცნიერებების მხარდაჭერა, რომელიც რესურსების აკუმულირებას ემსახურება ამ მიმართულებით“-ამბობს შალვა ჭკადუა.
მისი თქმით, საკითხი ისე კი არ დგას, ვინმე აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნილ კრიტერიუმებს, არამედ უნივერსიტეტის რა საჭიროებების გაძლიერებაა მთავარი.
„თუ გიორგი გოცირიძის შემთხვევაზე ვისაუბრებთ, პროფესორის ორი აკადემიური შტატი, არ არის რელევანტური გამომდინარე იქედან, რომ კვლევები რასაც პროფესორი უნდა ხელმძღვანელობდეს, არ არის განპირობებული ამაზე, არსებობს ერთი სამაგისტრო პროგრამა ისტორიის მიმართულებით და შესაბამისად, 1 აკადემიური შტატი პროფესორის მიმართულებით. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას რომ ადამიანური და ფინანსური რესურსი იყოს იმგვარად გამოყენებული რომ უნივერსიტეტის მიზნები იყოს მიღწეული“-ამბობს რექტორი.
მისი თქმით, ამჟამად ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე 4 სტუდენტი ირიცხება და „4 სტუდენტს არ სჭირდება ორი პროფესორი“.
ამ ორ პროფესორს შორის არჩევანი რის მიხედვით გააკეთეთ? – ვკითხეთ შალვა ჭკადუას. მისი თქმით, ეს მოხდა „ძალიან მკაფიო კრიტერიუმების მიხედვბით“, რომელიც შემუშავდა აკადემიური საბჭოს მიერ.
მას ასევე ვკითხეთ თუ რას უკავშირდება სტუდენტების რაოდენობის შემცირება უნივერსიტეტში, რაზეც რექტორი გვპასუხობს, რომ კატასტროფული შემცირება არ აქვთ და ეს ცვლილება ბაზრის ლოგიკურ მოთხოვნებს უკავშირდება.
„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან შრომის ბაზარი არ ითხოვს 100 ან 200 ისტორიკოსის ან ფილოლოგის ვაკანსიას, თუმცა ძალიან მოთხოვნადია ისტორიის, ქართულის ან ინგლისურის მასწავლებლობა საჯარო სკოლებში. ამიტომაც უნივერსიტეტის სტრატეგია დაეფუძნა იმას, რომ პრიორიტეტები არის განათლების მეცნიერებები და ამ ორი ფაკულტეტის ინტეგრაციაც ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ გვჭირდებოდა უფრო მეტი მასწავლებელი, ვიდრე უბრალოდ ისტორიკოსი ან ფილოლოგი“-ამბობს შალვა ჭკადუა.
მისი თქმით, ამ დროისთვის თელავის უნივერსიტეტს 1200 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, 1400-მდე კი აქტიური სტატუსის მქონეა.
„აქ არსებობს გამოწვევები, რომელსაც ვებრძვით და ეს არის მაგალითად სტუდენტების მხრიდან პარალელურ რეჟიმში შრომის ფაქტორი, რის გამოც ვერ ახერხებენ საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან ჩართულობას და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე დაფინანსების შენარჩუნებას.
ეს იწვევს სტუდენტთა სტატუსის შეჩერებას და ეს ნუნებრივია აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობაზე“.
მას დაზუსტებისთვის ასევე ვკითხეთ გათავისუფლებული პროფესორების შემთხვევაში იქონია თუ არა გავლენა ამ ადამიანების კრიტიკულმა დამოკიდებულებამ „ოცნების“ ხელისუფლებსი მიმართ და მათმა მონაწილეობამ საპროტესტო აქციებში?
შალვა ჭკადუა ამ პროფესორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. მისი თქმით, პოლიტიკურ დევნაში მისი დადანაშაულება …
„რეორგანიზაცია იმ ადამიანებსაც შეეხოთ, რომლებიც არ არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, შესაბამისად, იმის თქმა, რომ მათ შეეხოთ პოლიტიკური ნიშნით, ანგაჟირებული განცხადებაა და ვერ დავეთანხმები მათ ამ ნაწილში. არავითარი პოლიტიკური ნიშანი აქ არ ყოფილა“ – ამბობს შალვა ჭკადუა.
_______________
მთავარ ფოტოზე: გიორგი გოცირიძე, ქეთევან გიგაშვილი და ნინო გოგიაშვილი.






