დღეს, 28 მაისს, აშშ-ს საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. საელჩოს განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ივანიშვილი, რომელმაც კვლავ ახსენა „ფული“ და „შანტაჟი“.
რეალურად, რაზე თქვა ივანიშვილმა უარი და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, შოთა კაკაბაძეს ესაუბრა.
- ბატონო შოთა, თქვენი აზრით, რატომ თქვა უარი ივანიშვილმა ამ შეხვედრაზე და რა შეიძლება ყოფილიყო ამ გზავნილში?
უარი რატომ თქვა, რთულია თქმა, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. როცა სანქციების საკითხი განიხილებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში, მაშინაც არ შეხვდა ივანიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს.
შეიძლება უბრალოდ სპეკულაციებია, პოლიტიკიდან გაწევა უნდა, ან არ აქვს რეალურად შესათავაზებელი არაფერი აშშ-ისთვის, ზუსტად ვერ გეტყვით.
- ამ განცხადებაში ნახსენები იყო ფრაზა -„ ურთიერთობის გადატვირთვა“, რის ხარჯზე შეიძლება გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა „ოცნებასა“ და აშშ-ს შორის?
„მეგობარ აქტში“, რომელიც ორპარტიულად არის მხარდაჭერილი კონგრესში და სავარაუდოდ მალე სენატშიც გავა, დეტალურად არის გაწერილი ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ანუ კონკრეტული ინსტრუქცია არსებობს და თუ გააკეთებს „ოცნება“ იმას, რასაც აშშ მოელის, მაშინ გადაიტვირთება ურთიერთობები.
- „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას, გაუქმდეს რეპრესიული კანონები და შეწყდეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ამის გაკეთება არ უნდა ივანიშვილს?
რა თქმა უნდა, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს იმ სწრაფად მზარდი ავტორიტარიზმიდან უკან შემობრუნებას, რაც ბოლო რამდენიმე თვე განსაკუთრებით სახეზეა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ სახეზეა ჩინური და რუსული გავლენების ზრდა, რაც ასევე აშფოთებს აშშ-ს და ამ გავლენების შემცირებაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტი ამისთვის.
- ჩვენ ვნახეთ კობახიძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, როგორ ელოდა ტრამპის გამოხმაურებას ოფიციალურ წერილზე, მაგრამ როცა ვერ მიიღო პასუხი, არ დაუმალავს უკმაყოფილება. თუ „ოცნებისთვის“ ასეთი მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს რეაქცია, მაშინ რატომ გაუშვეს ეს შესაძლებლობა ხელიდან?
აქ ორი ამბავია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აშშ-ში ძალიან კარგად იციან რეალურად ძალაუფლების ცენტრი სად არის საქართველოში. ამიტომ, მათი კომუნიკაცია მიდის ივანიშვილთან და არა კობახიძესთან ან „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან.
ბევრად უფრო მარტივია პირდაპირ ელაპარაკო ივანიშვილს, ვიდრე სხვა ადამიანის გავლით, რომელიც შუამავალი უნდა იყოს ივანიშვილთან.
გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი მესიჯიცაა აქ – ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც დღემდე არ არის ბოლომდე მოგვარებული არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ამ საკითხსაც გარკვეულწილად ღიად ტოვებს ის, რომ პრემიერ-მინისტრის მაგივრად ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა იყო.
- ეს უარი ან გაჯიუტება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა აღარ დააბრუნოს ქვეყანა დასავლურ გზაზე და შეთანხმებულია კრემლთან საბოლოოდ, თუ რა პოზიციაზე რჩება ის, კრიზისიდან გამოსვლას არ ცდილობს?
ლოგიკა და რაციონალური ახსნა ივანიშვილთან მიმართებით ცოტა რთულია, იმიტომ, რომ თუ ლოგიკას გავყვებით, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ სულ სხვანაირად უნდა იქცეოდეს, მაგრამ რუსული კანონის მეორეჯერ შემობრუნება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნა და ასე შემდეგ, რაციონალურ საქციელში არ ჯდება, ამიტომ რთულია ავხსნა, რა პირადი მოტივები ამოძრავებს ივანიშვილს.
შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს იმას, რომ უნდა ირაკლი კობახიძეს გადააბაროს პასუხისმგებლობა მთლიანად და თუ აშშ-თან ურთიერთობა საბოლოოდ არ დალაგდა, ხელს შეაწმენდს მერე ირაკლი კობახიძეს და იტყვის – „მე არაფერ შუაში ვარ“.
შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პოლიტიკიდან გაწევა უნდა საერთოდ და ამიტომ ამისამართებს იქეთ.
- წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 28 მაისს, საელჩოს განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა, ისევ საუბარია მის ფულზე, ამ ფულით შანტაჟზე და ასე შემდეგ.
ახალი არაფერი უთქვამს ივანიშვილს ამ წერილით. რაც უკრაინის ომი დაიწყო, 2022 წელს, იმის შემდეგ სულ იმეორებს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს. რა შეიძლება იდგეს ამის უკან, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ დასავლეთთან ვაჭრობს საკუთარ უსაფრთხოებაზე და იმაზე, რომ სურს ხელისუფლებაში დარჩენა.
ალბათ ამის ნაწილია ეს საჯარო პინგპონგი.
- როგორ ფიქრობთ, სანამ „მეგობარი აქტი“ შევა ძალაში, მანამდე უნდოდა ამერიკას მოესინჯა ივანიშვილთან პოზიციები?
საერთოდ, დასავლეთში აინტერესებთ რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რადგან ერთი მხრივ, იძახის, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა, საარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის დროშას იყენებს, ყრილობა როცა ჰქონდათ, ევროკავშირის დროშის ფონზე აირჩიეს თავმჯდომარე, დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებაზე ევროკავშირის დროშა გამოიტანეს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დასავლეთთან ურთიერთობა მაქსიმალურად გაიფუჭონ.
იძახიან, რომ აშშ-თან უნდათ ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც სასწაულ განცხადებებს აკეთებენ, რომ ელჩს უნდოდა აღლუმზე მისვლა, მაგრამ „დიფ სთეითმა“ არ მიუშვა და ასე შემდეგ.
- და რას უკავშირდება მათი ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები, თქვენი აზრით?
რა უნდათ, ეს პირველ რიგში ივანიშვილთან არის გასარკვევი. იმიტომ, რომ ის არის რეალურად მთავარი ძალაუფლების წყარო ამ ქვეყანაში.
- თუ ვეღარ მოხდება საერთო ენის გამონახვა დასავლეთსა და ივანიშვილს შორის, მაშინ აშშ-ის პოლიტიკა როგორ შეიძლება წარიმართოს, რას დაეყრდნობა დასავლეთი, როცა საქართველოსთან დაკავშირებით მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება?
საქართველო მაინც მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორია დასავლეთისთვის, მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია, ამიტომ დასავლეთი საქართველოს ასე მარტივად არ დაკარგავს, მაგრამ დაეყრდნობა პირველ რიგში მოსახლეობას, ხალხს და იმ სურვილს, რა სურვილიც მოსახლეობაში არსებობს.
განსხვავებით ბელარუსისგან ან აზერბაიჯანისგან, სადაც ევროკავშირი და დასავლეთი ზოგადად, მზად არის თვალი დახუჭოს ადამიანის უფლებების შელახვაზე, მზად არის თვალი დახუჭოს იმაზე, რომ ალიევს ერთპიროვნული მმართველობა აქვს, სადაც ოჯახური დინასტიაა ფაქტობრივად ჩამოყალიბებული, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც გვქონდა ჰიბრიდული რეჟიმები, მაგრამ ჯერ-ჯერობით გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და არსებობს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა დასავლეთთან ინტეგრაციის.
ამიტომ ამას ითვალისწინებს დასავლეთი, რადგან საზოგადოება საქართველოში ბევრად უფროა დასავლეთის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე რუსულ პოლიტიკას ატარებს.
- გრანტების შესახებ რეპრესიული კანონში ცვლილების შეტანა დაგეგმეს, რადგან აღარ უნდათ რეპრესიული მიდგომა გაავრცელონ ერაზსმუს+-ის პროგრამაზე, ასევე „ჰორიზონტ ევროპა“-ზე, რომელიც მეცნიერებას აფინანსებს. რას ცდილობენ ამით?
„ქართული ოცნება“ უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაშია იმ თვალსაზრისით, რომ ღიად პრორუსული ვერ იქნება, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ პრობლემას გვერდს ვერ აუვლიან, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ დაალაგებენ, სანამ რუსეთის საელჩო დგას აფხაზეთში და სამაჩაბლოში.
ამიტომ უნდათ – არ უნდათ, რჩება დასავლეთი, მით უმეტეს, რომ საზოგადოებაში ამხელა მხარდაჭერა აქვს დასავლეთს.
და ამას ემსახურება საგანმანათლებლო პროგრამებში ურთიერთობების გაგრძელებაც.
საბოლოო ჯამში, რუსული კანონიც, ე.წ „ფარაც“, ერთ მიზანს ემსახურება რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამისთვის საჭიროა მოაშორონ ის აქტორები, რომლებიც დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე მუშაობენ და ასრულებენ დამკვირვებლის როლს.
- თუ აქ რუსეთის ფაქტორია და ის ცდილობს საქართველო მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ საბოლოოდ, რა ვითარებას ვიღებთ დასავლეთთან გაყინული ურთიერთობებით? რა პროცესში შედის ქვეყანა?
თუ დასავლეთთან ვერ მიდიხარ და ვერც რუსეთთან ურთიერთობას ვერ აღადგენ, მაშინ გრჩება ჩინეთი და „ოცნება“ ცდილობს ჩინეთით დააბალანსოს დასავლეთი. თუმცა დასავლეთის ჩინეთით შეცვლა ასე მარტივი არ იქნება საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე. ამიტომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს.
როგორი იქნება გამოსავალი, ეს დამოკიდებულია იმაზე, „ქართული ოცნება“ კიდევ რამდენად შევა კონფრონტაციაში საკუთარ მოსახლეობასთან. თუ დამძიმდება კრიზისი, ამის განმუხტვაც ბევრად უფრო მძიმე იქნება. თუ ადრე წამოვა „ქართული ოცნება“ დათმობაზე, ნაკლებად მტკივნეული იქნება ამ კრიზისის განმუხტვა.
შეიძლება ამ სანქციებმა ისე იმოქმედოს სახელმწიფოზე, რომ უბრალოდ ჩამოიშალოს ის ძირითადი ინსტრუმენტები, რაზეც დგას დღეს „ოცნება“, იქნება ეს პროკურატურა, სასამართლო და თუ ასე შემდეგ.
მოსამართლეს რომ ბანკის ბარათი აქვს დაბლოკილი, მაინც და მაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს არც მისთვის და არც მისი ოჯახის წევრებისთვის, თუ ეს მათზეც ვრცელდება.
ამიტომ, ერთი გამოსავალი ალბათ ეს არის და მეორე, ბელორუსიასავით შეიძლება ჩამოყალიბდეს, სადაც იქნება ერთპიროვნული მმართველობა და ვისაც არ მოსწონს რეჟიმი, შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან.
იმასაც გააჩნია უკრაინაში ომი როგორ დამთავრდება და ასე შემდეგ – ბევრ ფაქტორზეა ეს პროცესი დამოკიდებული.






