სიახლეები

პოლიციელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ორშაბათს ამტკიცებს ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო

05.04.2025
პოლიციელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ორშაბათს ამტკიცებს ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო

აჭარის ანტიკონსტიტუციური მთავრობის ახალი შემადგენლობა ორშაბათს, 2025 წლის 7 აპრილს დაამტკიცებენ. ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო დღეს, 5 აპრილს, არასამუშაო დღეს ბიუროზე შეიკრიბა და შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას.

ვინ არიან მინისტრების ახალი კანდიდატები? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა წესით დეპუტატებს შესაბამისი კანდიდატები უნდა წარუდგინოს. როგორც „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში უთხრეს, ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ ბიუროს სხდომაზე დღეს გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, სულხან თამაზაშვილი აჭარაში არცერთი მინისტრის შეცვლას არ აპირებს.

სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. იგი შს მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული სანქციები აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს გულისხმობს.

აჭარის მთავრობის წინა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა ფეისბუქპოსტით გუშინ, 4 აპრილს დატოვა. გუშინვე აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სულხან თამაზაშვილი წარუდგინა.

ამ თემაზე:

რით დაგამახსოვრდათ თორნიკე რიჟვაძე – „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“ და სხვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: