„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით,“ – გვიყვება მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე ორთაბათუმიდან. მისი სახლი გუშინ, 26 თებერვალს დაიწვა.
სოფელ ორთაბათუმში გზა დღესაც არაა გაწმენდილი. ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია.
„სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით.
შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 წლის… არავინ არ მოსულა, არ უკითხავს ჩვენი ამბავი, არც მერიიდან მოსულა ვინმე. მოვიდნენ მაშველები და მოგვეხმარნენ, მაგრამ სახანძრო ვერ ამოვიდა. თოვლი ახლაც მეტრ-ნახევარია ყველაზე ცოტა.
ბიძაშვილს შევაფარეთ თავი, ყველაფერი გვჭირდება: ტანსაცმელი, საჭმელი…,“ – გვითხრა უშანგი მაჭუტაძემ.
ინფორმაციის განახლება:
მოგვიანებით ამ შემთხვევას ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა“.
„არ ვიცი, ეს რატომ თქვა მერმა, ეტყობა, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ხანძრის გაჩენის დროს სახლში იყვნენ ჩემი მამა, დედა, მოხუცი ბაბუა და ჩემი ორი ბავშვი. მე მეუღლესთან ერთად მაღაზიასთან ვიყავი ჩასული და შორიდან დავინახე, როგორ გაჩნდა ხანძარი,“- უთხრა „ბათუმელებს“ უშანგი მაჭუტაძემ.
ხელვაჩაურის მერი თავის ფეისბუქპოსტში არ განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა გზის გაწმენდა – უგზოობის გამო ადგილზე მეხანძრეებმა ვერ იმუშავეს.
ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის თქმით, შვიდსულიანი ოჯახი ეკომიგრანტია და 2022 წლის მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გადაყვანილი.
„ნამდვილად ქირით ვიყავით გასული, მაგრამ ბოლო დროს მერიის მიერ მოცემული 500 ლარით ვეღარ ვიქირავეთ ბინა და ამიტომ ბოლო ორი თვე ისევ სახლში დავბრუნდით, ვეძებდით ახალ ბინას, ხომ იცით უკვე რა ფასებია… მანამდე დევნილების დასახლებაში ვიყავით ქირით, 500 ლარს მიხდიდა მერია და 300 ლარს მე ვამატებდი. ის ბინა გაიყიდა და მოგვიწია იმ ბინის დაცლა, ახალი კი, ამ ფასადაც ვერ ვიპოვეთ.
სახლში დაგვეწვა ავეჯი და სხვა პირადი ნივთებიც, ნაქირავებში არაფერი არ მქონდა წაღებული,“ – გვითხრა უშანგი მაჭუტაძემ.

ხანძრის შედეგად სოფელ ორთაბათუმში სახლი დაიწვა

დამწვარი სახლი ორთაბათუმში

დამწვარი სახლი ორთაბათუმში

დამწვარი სახლი ორთაბათუმში






