„ვითხოვთ შველას, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არავინ გამოჩნდა ჩვენთან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო ჟღენტი.
ნინო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებიდან დაგვიკავშირდა. მისი თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, სოფელს კი არ აქვს გზა, ოჯახებში გამოელიათ საკვები:
„შუქი მოდის პერიოდულად და მალევე მიდის, მობილურების დამუხტვას ძლივს ვასწრებთ…
სანთელი გვჭირდება და საკვებიც დაგველია. გზა ისეთი გაუვალია, მეზობელთანაც ვერ მიხვალ.
ეზოშიც კი ვერ ვახერხებთ გადაადგილებას, არანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან, გადაუღებლად თოვს,“ – გვითხრა ნინო ჟღენტმა. მან გვითხრა, რომ მერიასთან დაკავშირება ვერ შეძლო.
გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა.
განვითარებულ სტიქიაზე, მთავრობის მხრიდან დაგვიანებული რეაგირების ფონზე, ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თვითორგანიზდნენ, შეაგროვეს საჭირო პროდუქტები და შესაბამისი აღჭურვილობით გაემგზავრნენ გურიაში.
დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა ვებგვერდი moxalise.ge, სადაც მოხალისეებს შეუძლიათ ნახონ დახმარების საჭოროების მქონეთა ადგილმდებარეობა.
ამ თემაზე:
ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად






