„ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 37 დღეა შიმშილობს. იგი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული.
დღეს, 22 თებერვალს, თემურ ქათამაძე აკაკი გვიანიძემ მოინახულა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.
„ფიზიკურად კლება აქვს დიდი, მაგრამ მხნედ ვარ, არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტასო… ყველას უთხარით, რომ არ ვაპირებ თავის მოკვლას, მაგრამ ვიდრე შეძლებს ორგანიზმი, ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგო. აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს,“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ.
თემურ ქათამაძე უარს ამბობს მოთავსების ცენტრში ექიმების მომსახურებაზეც.
„ის რამდენიმე დღის წინ, როგორც იცით, იყო გადაყვანილი კლინიკაში და მისი მოთხოვნის მიუხედად, დარჩენილიყო კლინიკაში, უკან დააბრუნეს, დროებითი მოთავსების ცენტრში, ამიტომაც, პროტესტის ნიშნად იგი მინიმალურ პარამეტრებსაც არ იმოწმებს დროებითი განთავსების ცენტრში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ გაბროშვილი, საიას იურისტი. იგი თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს სასამართლოში.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია და თურქეთის მოქალაქეა. იგი ბოლო წლებია ბათუმში ცხოვრობს და უშედეგოდ საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს. მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძე პროევროპული აქციების მედროშედ იქცა, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი, შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა. თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა.
ვიდრე სასამართლო მუჰაჯირების შთამომავლის ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს, თემურ ქათამაძემ ლტოლვილის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შსს-მ უარი თქვა. ამჯერად თემურ ქათამაძე შსს-ს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
„შსს-ს პოზიციით, არ იყო წარდგენილი დამაჯერებელი არგუმენტები, რომ გაძევების შემთხვევაში მას საფრთხე ემუქრება. უცნობია, რა ვადაში განიხილავს სასამართლო სტატუსის მინიჭების საკითხს…
თემურ ქათამაძის დაკავების ბრძანება არსებობს თურქეთში, მას, როგორ ეთნიკური უმცირესობის ლიდერს თურქეთში, ემუქრება საფრთხე და ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საელჩომ საქართველოში მიაწოდა თემურს ელექტრონულ ფოსტაზე. რის გამო გაიცა თურქეთში მისი დაკავების ბრძანება – დეტალებზე მას ინფორმაციას არ აწვდიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის ინტერესების დამცველმა, მარიამ გაბროშვილმა.
თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრში მაქსიმუმ 3 თვის ვადითაა მოთავსებული, თუმცა, როგორც იურისტი მარიამ გაბროშვილი განმარტავს, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შსს-მ შეიძლება ვადის გახანგრძლივება ითხოვოს.
——–
თემურ ქათამაძე ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ, 11 ინვარს დააკავეს. თემურ ქათამაძის თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.
თემურ ქათამაძე 30 თებერვალს კლინიკაში გადაიყვანეს გამოკვლევებზე, თუმცა მალევე დააბრუნეს იზოლატორში.
ამ თემაზე:
ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ – პეტიცია