სიახლეები

სასამართლოს აზრით, მუშტის რამდენიმე დარტყმა სახეში „პოლიციელზე თავდასხმა“არაა – სილის გაწვნა არის?

23.02.2025 •
სასამართლოს აზრით, მუშტის რამდენიმე დარტყმა სახეში „პოლიციელზე თავდასხმა“არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლაც გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მუშტის რამდენიმე დარტყმა სახისა და თავის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!

სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე დაადგინა შემდეგი:

„…დაახლოებით 21:00-დან-21:30 საათამდე პერიოდში, ქალაქ ბ.-ში, ს. ო.-ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ს.-ში“ ყოფნისას, ბ.-ის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ა. უ.-მ სუპერმარკეტის კართან შენიშნა გ. გ., რომელიც იდგა კარის შიგნითა მხარეს და მაღაზიაში მყოფ მოქალაქე ს. ს.-ს არ აძლევდა იქიდან გასვლის საშუალებას. ა. უ.-მ მოუწოდა გ. გ.-ს, რომ გაეტარებინა ს. ს., რაზეც გ. გ.-მ უხეშად, აგრესიული ტონით მიმართა – ,,ვინ გეკითხებაო“. ა. უ.-მ კვლავ მოუწოდა გ. გ.-ს, მაღაზიიდან გაეშვა ს. ს., რის შემდეგაც მაღაზიის გარეთ გაიყვანა გ. გ., რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა ა. უ.-ს, რამდენჯერმე დარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც ა. უ.-მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“  – ვკითხულობთ საქმეში [№365აპ-20], რომელზეც განჩინება უზენაესმა სასამართლომ 2020 წელს მიიღო.

ბრალდების შესახებ დადგენილებით დ.ფ-ს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავდასხმას პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა ბრალდებული დ.ფ 3531-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და დაადგინა, რომ მითითებული ქმედება არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გ.გ.-ს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფიზიკური ძალადობის მუხლით [სსკ-ის 126-ე მუხლი], რომელიც არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

  • რა ხდება?

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

ამ თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: