სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ, მამის – ზურაბ ცეცხლაძის განაჩენის გამოცხადების შემდგომ შიმშილობა დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.
20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე 24 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
25 ოქტომბერს, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ზურაბ ცეცხლაძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს ხაზგასმით პატიმრობას ითხოვდა მისი მისამართით, იქიდან გამომდინარე, რომ „45-ჯერ არის დაჯარიმებული“, რასაც ზურაბ ცეცხლაძემ უპასუხა, რომ ყველა ჯარიმა გასაჩივრებულია და ის არც ერთხელ არ გადასულა გზის სავალ ნაწილზე, როცა საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იყო და საპატრულო ეკიპაჟებს უკვე ჩაკეტილი არ ჰქონდათ რუსთაველი.
ზურაბ ცეცხლაძე შვილის, ზვიად ცეცხლაძის დაკავების შემდეგ პროევროპული საპროტესტო მოძრაობის აქტიური მონაწილეა სინდისის პატიმრების სხვა მშობლებთან ერთად.






