გუშინ, 15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭი, ჩავარდა. ბავშვები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა. შემთხვევის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან დაახლოებული „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“, „აჭარა თაიმსის“, ტვ პირველის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, „ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისა და ოპერატორების მისამართით. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფების მიმართ“.
ბათუმში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ჟურნალისტებზე თავდასხმის წახალისება.
„ჟურნალისტები ინფორმაციას აგროვებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისგან. მათ კითხვებით მიმართეს ადგილზე მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. ამ დროს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები. ისინი ითხოვდნენ, ჟურნალისტებს არ დაესვათ კითხვები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და სასწრაფოდ გაცლოდნენ ტერიტორიას. ეს აგრესიული მოქალაქეები სხვებსაც არ აძლევდნენ ჟურნალისტებთან დალაპარაკების საშუალებას, ჟურნალისტებს კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სცადეს მათი ტექნიკის დაზიანებაც.
„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი, სულხან მესხიძე, 16 თებერვალსაც გახდა აგრესიული კაცის სამიზნე, რომელმაც თავი ადგილობრივ მცხოვრებად წარადგინა. ჟურნალისტი ამ დროს დღის შუქზე იღებდა შემთხვევის ადგილს და ადგილზე არსებულ ანტისანიტარიასა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. აგრესიულმა კაცმა მისკენ გაიწია და დარტყმით მიკროფონი გააგდებინა. ადგილზე მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეესწრენენ მოქალაქის ძალადობას ჟურნალისტზე, ინციდენტი რეაგირების გარეშე დატოვეს,“ – ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
ქარტია მომხდარს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების მიმართ წახალისებული აგრესია და ძალადობა სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ჟურნალისტები მუშაობისას არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად.
„15 და 16 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ შემთხვევის ადგილას მისული ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ – ისინი ცდილობდნენ დროულად მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რასაც ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
მსგავს შემთხვევებში კვალიფიციური მედიაგაშუქება ხელს უწყობს გამოძიების სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და ტრაგედიების პრევენციას.
„ქართული ოცნება“ იმის ნაცვლად რომ მოსახლეობას მედიაგაშუქების მნიშვნელობას განუმარტავდეს და ჟურნალისტებს პირობებს უქმნიდეს თავიანთი მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად, უკვე წლებია, ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული. ძალოვანი სტრუქტურები და მათგან ხელშეწყობილი მოძალადეობრივი ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის 120-მდე შემთხვევა აღრიცხა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შსს-სგან მოითხოვს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიანთი პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობების მიმართ და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები უზრუნველყონ როგორც ეს კანონით ევალებათ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებით დაინტერესდეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში 15 თებერვალს დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაღუპული ბავშვების ოჯახებს თანაუგრძნობს.
„ოცნების“ გამოხმაურება „ოცნების ქალაქში“ ბავშვების დაღუპვაზე