„ბატონმა თემურმა მითხა, მაშინ, როცა მზია ამაღლობელი შიმშილობს, არ ვაპირებ შიმშილობა შევწყვიტოო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა მას შემდეგ, რაც დღეს, 30 იანვარს, თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში მოინახულა.
ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], მე-14 დღეა შიმშილობს.
„ახლა მოვდივარ იზოლატორიდან, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუ შეიძლება ასე ითქვას, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. ბატონმა თემურმა მითხრა, რომ მასთან ყოველდღე შედის ექიმი, უღებენ ანალიზებს და უმოწმებენ შაქარს.
შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ საქმეებზე, რაც არის მიმდინარე ამ ეტაპზე. 3 თებერვალს აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ერთ-ერთ საქმეზე სხდომა.
კერძოდ, 3 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი დაკავების კანონიერების საკითხს. სანამ გაძევების საქმის განხილვა არ დასრულდება რამდენად კანონიერი იყო ეს დაკავება,“ – უთხრა მარიამ გაბროშვილმა „ბათუმელებს“.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 16 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.
16 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.






