მთავარი,სიახლეები

11-12 იანვარს ბათუმში აქციის 20 მონაწილე დააკავეს

13.01.2025 •
11-12 იანვარს ბათუმში აქციის 20 მონაწილე დააკავეს

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. მან ადვოკატს უთხრა, რომ ის  ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დავალებით დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

აქციაზე დააკავეს ასევე გიორგი კირთაძე – კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია – „დროას“ ლიდერი, ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი – სტუდენტი და აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები ფოთში გადაიყვანეს.

გიორგი კირთაძე მოგვიანებით გამოუშვეს, მას დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის გადაწყვეტილებით პარლამენტში არ შევიდა. გათავისუფლების შემდეგ ის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა, სადაც აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

11 იანვარს კი პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. ამ დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება, მათ შორის იყო ციალა ქათამიძე, ერთ-ერთი აქტივისტი.

დაკავებულებს შორის არიან სტუდენტი მათე ცენტერაძე – სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,  ვაჟა დარჩია – ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, თემურ ქათამაძე, მუჰაჯირების შთამომავალი, რომელსაც ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს უწოდებენ.

საიას ინფორმაციით პოლიცია დაკავებულებს ედავება 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

11 იანვარს დაკავება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაიწყეს, როცა საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ერთი აქტივისტი, თათია აბულაძე დააკავეს.

ამის შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.

სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იმავე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.

ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი.

ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.

სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ.

კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე.

რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები: თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.

სულ ბოლოს პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც პირდაპირ ეთერში ნახა, თუ როგორ დააკავეს პლაკატის გაკვრის გამო სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე. მის მიერ პლაკატის გაკვრა, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15 საათზე“, იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი ყველა უკანონოდ დაკავებულისადმი.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობელია.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: