„ასე თუ გაგრძელდება ეს სიტუაცია ახლანდელი ჟანრით, საპროტესტო დინამიკა თუ დარჩა ასე მზარდი და ივანიშვილის რეჟიმმა თუ არაფერი გააკეთა, თუ გაგრძელდა ასევე სანქციების რეჟიმი და ეს მოიმატებს, ამ პირობებში ყველაფერი წავა რეჟიმის ჩამოშლისკენ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი.
ანალიტიკოსის აზრით, სანქციები და წინააღმდეგობის უწყვეტობა ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმს უკან დახევას აიძულებს. ის არ გამორიცხავს მოვლენების სახიფათო სცენარით განვითარებასაც.
„მესამე გზა არის პოლიციური დიქტატურის დამყარების გზა… შეიძლება ივანიშვილის რეჟიმმა გააკეთოს გათვლა, რომ ხალხი ოდესღაც დაიქანცება, შეწყვეტს აქციებს და მერე მოაყოლებს ტერორის ტალღას. მთავარი გამოწვევა არის გამძლეობა. საქართველოს მოქალაქეების გამძლეობაზეა ახლა დამოკიდებული ალბათ 70-80 % საქართველოს ბედი,“ – გვიყვება ზაალ ანდრონიკაშვილი.
„ბათუმელებმა“ პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო ზაალ, თქვენი აზრით, რა ფაქტორები აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას? ამის ერთ-ერთი პირობა არის თუ არა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი უილსონი წუხანდელი განცხადებები, მათ შორის ეს: „თუ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”?
ივანიშვილის რეჟიმის რესურსები მცირდება. მის ხელშია მხოლოდ ძალადობრივი ბერკეტები იმისთვის, რომ მართოს სიტუაცია. ერთ-ერთი შესაძლო გზა და ალბათ ერთადერთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, არის სრული ძალადობა და ტერორი. ივანიშვილის რეჟიმს ხელისუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ აქვს.
საკითხავია, რამდენად აქვს ივანიშვილს საქართველოში ძალადობრივი დიქტატურის დამყარების და მისი შენარჩუნების რესურსი? ჰყავს თუ არა მას საკმარისი ტერორისტული დაჯგუფებები სპეცრაზმის, ან ქუჩაში მარბეველების ჩათვლით? რამდენად აქვს მას ამის ეკონომიკური პოტენციალი? რამდენად გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა სანქციების რეჟიმს?
ზედაპირზე რასაც ვხედავთ სიმპტომების მიხედვით, მაგალითად, ივანიშვილის რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებიც აწრიალდნენ და უკვე ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას. ისინიც ახალ არჩევნებს ითხოვენ. ეს აჩვენებს, რომ ისინიც შფოთავენ და ღელავენ. მათი ბიზნესი პრეფერენციულ პირობებშიც კი, რომელშიც რეჟიმი ამყოფებს, რთულად გადარჩება ამ ვითარებაში.
მეორეა საგარეო ზეწოლა, რაც ივანიშვილის რეჟიმზე უფრო და უფრო ძლიერდება. ეს ყველაფერი დაიწყო ევროპარლამენტარების მხარდამჭერი განცხადებებით, რომელზეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, არ მივაქციოთ ყურადღება, ჩალის ფასი აქვსო.
მერე ამ „ჩალამ“ დაიწყო ფასის მატება და ამას შემოუერთდნენ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. შემდეგ ვნახეთ, როგორ დაურეკა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არა ირაკლი კობახიძეს, ან ყაველაშვილს, არამედ ივანიშვილს და ამით აჩვენა ისიც, რომ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება არ არსებობს.
ამას დაემატა აშშ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანი ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ 20 იანვრის – ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დავალაგებთ აშშ-თან ურთიერთობასო, თუმცა ამის მიუხედავად ტრამპის რესპუბლიკური პარტიიდანაც ვისმენთ მკაცრ განცხადებებს. უკვე ბევრად მკაცრს, ვიდრე ევროკავშირიდან.
სანქციებში უკვე მოყვა შს მინისტრი გომელაური, რაც არ არის მხოლოდ მისი პირადი კეთილდღეობის საგანი. გომელაურის მაგნიტსკის სიაში მოხვედრა გვიჩვენებს იმას, რომ გომელაური შეყვანილია იმ რანგის ადამიანების სიაში, რომლებიც სისტემატურ წამებას აწარმოებენ რუსეთში, ბელორუსში და სხვა ქვეყნებში. „ქართული ოცნება“, რომელსაც ამჟამად ხელში აქვს ჩაგდებული ძალაუფლების ბერკეტები, თავისი არსით გაიგივებულია რუსულ და ბელორუსულ რეჟიმებთან. ეს არის ამ სანქციის ძირითადი გზავნილი და არა ის, რომ გომელაური შეძლებს თუ არა ვიზა ბარათით სარგებლობას.
- ივანიშვილის სახელისუფლებო ვერტიკალი მაინც არ ირღვევა. კონკრეტული საჯარო მოხელეები ემიჯნებიან პრორუსულ კურსს, თუმცა განაგრძობენ ისევ „ოცნების“ დავალებების შესრულებას.
არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს სწრაფად მოხდებოდა. ამას რამდენიმე თვე მაინც სჭირდება.
რეჟიმს, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია და აშენებდა ამ ვერტიკალს, ემზადებოდა მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის – არ ველოდი, რომ ეს ერთი სულის შებერვით ჩამოინგრეოდა.
- დააჩქარებს ამ პროცესს ივანიშვილის დასანქცირება?
ვფიქრობ, ჯერჯერობით არის მუქარა ივანიშვილთან და ალბათ არის რაღაც ტიპის მოლაპარაკებები მასთან. ჩვენ არ ვიცით, მაკრონი რაზე ელაპარაკა, არ ვიცით, არის თუ არა არაფორმალური მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სალომე ზურაბიშვილთან. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც ტიპის მოლაპარაკებები ივანიშვილთან მიდის.
ვფიქრობ, ივანიშვილის დასანქცირება ალბათ უფრო ბოლო ინსტრუმენტი იქნება, მას უფრო გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი გააგრძელებს რადიკალიზაციას, წავა ესკალაციაზე.
- „ქართული ოცნება“ გადავიდა პროტესტის უგულებელყოფის ეტაპზე, თითქოს აღარ იმჩნევს დემონსტრაციებს. ეს რას აჩვენებს?
არ ვიცი, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ეს იყოს ამ არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგი. დროში თუ დავინახავთ, როდის შეწყდა ეს ძალადობა, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი პარტნიორების გააქტიურებას.
ასევე, „ოცნებამ“ დაინახა, რომ შიში ვერ შექმნეს. ვერ დაამკვიდრეს საქართველოში შიშის და ტერორის გარემო. აქციები რუსთაველის პროსპექტზე და მთელ საქართველოში არ ჩერდება იმის მიუხედავად, ისინი იჭერდნენ 100 კაცს ყოველი აქციის შემდეგ, ან ვიღაცას სცემენ და აწამებენ.
- ბელორუსში მსგავსს სიტუაციაში მოქალაქეებმა ამჯობინეს შინ დარჩენა, ან ქვეყნის დატოვება, საქართველოში კი, პირიქით, გაძლიერდა წინააღმდეგობა. ეს ვერ გათვალეს?
ამიტომაცაა, რომ ყოველგვარ შედარებას აქვს თავისი კონტექსტი. მე ხშირად ვესაუბრებოდი ბელორუს მეგობრებს და კოლეგებს, მათ შორის, გერმანიაში გადახვეწილებს. ბელორუსსა და საქართველოს შორის ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ლუკაშენკოს რეჟიმი ბევრად უფრო სტაბილურია და ის თავიდან შენდებოდა, როგორც პოლიციური სახელმწიფო. მას არავითარი დემოკრატიული ფასადი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი რეპრესიული აპარატი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე საქართველოსი.
თანაც, ბელორუსში ევროკავშირისკენ სწრაფვა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც საქართველოში. მათ არც „ვარდების რევოლუციის“ გამოცდილება ჰქონიათ და არ იყვნენ ისე ინტეგრირებული დასავლეთთან ურთიერთობაში, როგორც ჩვენ.
დასავლეთთან ურთიერთობის და ინტეგრაციის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. ამას გარდა, ბელორუსის ეკონომიკა ძლიერად არის მიბმული რუსულ ეკონომიკას. ქართული ეკონომიკა კი, სრულიად სხვა პრინციპებზე დგას, ის ბევრად სუსტია და ნაკლებად თვითმყოფადია, ვიდრე ბელორუსიის ეკონომიკა, ის ბევრად უფრო მოწყვლადია.
საქართველოში რეჟიმი მაინც ერთკაციანია. იქ კობახიძე, მდინარაძე, თუ გომელაური არ არიან საერთოდ სათვალავში. ამ ერთ ადამიანთან ბრძოლა ევროკავშირის და აშშ-ს უზარმაზარმა წარმონაქმნებმა თუ მოინდომეს, რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, მას ვერაფერი უშველის. რაც არ უნდა იყეყეჩონ ივანიშვილის სპიკერებმა, სადღაც ზურგის ტვინით მაინც უნდა გრძნობდნენ ამას.
საქართველო ბევრად უფრო ინტეგრირებულია დასავლეთთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბელორუსი თავისი არსებობის განმავლობაში. ამიტომაც, ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცის განცხადებას არ აქვს მნიშვნელობა, ვერ იქნება ასე. გერმანიის ელჩმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა საქმე. არსებობს ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
საქართველო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებები. ეს აძლევს საშუალებას სხვა სახელმწიფოებს მსგავს საკითხებში ჩაერიოს საქართველოს სრულიად ლეგიტიმურად, ხელშეკრულებებით გამყარებული საფუძვლებით.
აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნახავდით, რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის განცხადებას, ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვისო.
- თქვენი აზრით, რით შეიძლება რუსეთი დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს?
შესაძლებელია, მაგალითად, კადიროველების რაზმი გამოგზავნონ საქართველოში. დიდი სამხედრო ინტერვენციის თავი რუსეთს ახლა არ აქვს.
არ ვარ სამხედრო, ან უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ვმსჯელობ ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით. მედვედევის კომენტარი იყო, რომელიც არ ვიცი, რას ეხებოდა, შესაძლოა საქართველოს, შესაძლოა – მოლდოვას, მაგრამ თქვა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში აპრობირებული ხერხები სხვაგანაც გამოვიყენოთო, ანუ ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე.
ანექსიაზე სავარაუდოდ იგულისხმება დნესტრისპირეთი და ლაპარაკია სავარაუდოდ სამხრეთ ოსეთზე, ამ ტიპის ნაბიჯებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ვიდრე პირდაპირ სამხედრო ინტერვენციაზე, თუმცა ასეთი ნაბიჯები ივანიშვილის რეჟიმს მაინცა და მაინც ვერ გაამყარებს, პირიქით, სავარაუდოდ დაასუსტებს კიდეც.
- სალომე ზურაბიშვილზე მინდა გკითხოთ, რა მოლოდინი გაქვთ პრეზიდენტისგან?
ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პირდაპირ კონტაქტზეა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ლიდერებთან. როგორც ვხედავთ, პარტნიორები ელაპარაკებიან არა ცალ-ცალკე ოპოზიციის ლიდერებს, არამედ საქართველოს პრეზიდენტს. ამ თვალსაზრისით სალომე ზურაბიშვილის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვნად დარჩება იქამდე, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს.
- უშვებთ, რომ თუ ივანიშვილი ისევ ძალადობას არ დაუბრუნდება და დიქტატურის დამყარებას არ შეეცდება, მიტაცებული ძალაუფლებით ხელისუფლებაში ვერ დარჩება?
ამ შეკითხვას ალბათ უნდა უპასუხონ ადამიანებმა, რომლებმაც უკეთესად იციან, რა რესურსები აქვს ივანიშვილის რეჟიმს. აქვს თუ არა ივანიშვილის რეჟიმს საკმარისი მატერიალური და ფინანსური რესურსები, რომ საქართველოში დაამყაროს და შეინარჩუნოს გარკვეული დროით სამხედრო-პოლიციური დიქტატურა.
- ამ გადასახედიდან რა ჩანს მთავარი ფაქტორი, რომლის არსებობის შემთხვევაში ივანიშვილი ვერ შეძლებს დიქტატურის დამყარებას?
მე მგონია, რომ ეს ორმაგი ზეწოლა – აქციები ქვეყნის შიგნით, რომელსაც ვერაფერი გაუკეთეს, დაშლა ვერ მოხერხდა და პირიქით, მართლაც საყოველთაო გახდა პროტესტი, მისი მასშტაბი იზრდება. ეს არ არის მხოლოდ ენჯეოების და პოლიტიკური პარტიების აქცია. ეს საერთო-სახალხო პროტესტია, რომელშიც მონაწილეობენ განსხვავებული ჯგუფები, მთელი საქართველო უკვე ამ ტალღაში ჩართული და ის კიდევ უფრო ძლიერდება.
ძლიერდება საგარეო ზეწოლაც. ამ წუთას გვაქვს ეს ორი გზა: დინამიკა, რომელიც შეიძინა აქციამ და მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. ასე თუ გაგრძელდება ეს სიტუაცია ახლანდელი ჟანრით, საპროტესტო დინამიკა თუ დარჩა ასე მზარდი და ივანიშვილის რეჟიმმა თუ არაფერი გააკეთა, თუ გაგრძელდა ასევე სანქციების რეჟიმი და ეს მოიმატებს, ამ პირობებში ყველაფერი წავა რეჟიმის ჩამოშლისკენ – ვეღარ შეძლებენ, რომ ნორმალურად მართონ სახელმწიფო და შეინარჩუნონ ხელისუფლება ამ გზით.
მეორე გზაა მოლაპარაკებები და კომპრომისის გზა, რომლის შემდეგაც ინიშნება არჩევნები. ამ არჩევნებში „ქართული ოცნებაც“ მიიღებს მონაწილეობას და ხმების ნაწილს ალბათ აიღებს კიდეც.
მესამე გზა არის პოლიციური დიქტატურის დამყარება. ჩემი შეფასებით ეს სამი სცენარი გვაქვს. აქედან ორ სცენარში ახალი არჩევნები გარდაუვალია, ერთში უფრო მალე და მეორეში ამას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე თვე. შეიძლება ივანიშვილის რეჟიმმა გააკეთოს გათვლა, რომ ხალხი ოდესღაც დაიქანცება, შეწყვეტს აქციებს და მერე მოაყოლებს ტერორის ტალღას.
- მოქალაქეების მთავარი გამოწვევა რა არის ამ პროცესში?
მთავარი გამოწვევა არის გამძლეობა. 70-80 %-ით საქართველოს ბედი ალბათ ახლა დამოკიდებულია მოქალაქეების გამძლეობაზეა. ვიდრე ჩვენ გვეყოფა გამძლეობა და ჯანი, სურვილი, ქვეყანა გადავარჩინოთ და გამოვიყვანოთ ურთულესი მდგომარეობიდან, რაშიც შეიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა, იქამდე გვაქვს ყველანაირი იმედი და შანსი, რომ მართლაც დავუბრუნდეთ კონსტიტუციურ ჩარჩოს და დავდგეთ ისევ ევროინტეგრაციის გზაზე.
ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური და ემოციური გამძლეობა. ეს არის ფინანსური გამძლეობაც. ძალიან ბევრი ადამიანი ზარალდება, ვთქვათ, ვინც გაიფიცა, მათ ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნებათ, რაღაცით ხომ უნდა არჩინონ ოჯახები? მნიშვნელოვანია შეიქმნას ფინანსური მხარდაჭერის, სოლიდარობის მექანიზმები, რომ ამ ხალხს დავუჭიროთ მხარი.
მეორეა, რომ უნდა გამოვიხსნათ რეჟიმის ტყვეები, რომლებიც დაპატიმრებული ჰყავთ. უნდა ვიყოთ მზად, რომ ასეთი ტიპის შემოტევები კიდევ იქნება და ყოველი ადამიანისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
ქუჩაში ასე ხანგრძლივად დგომაც უზარმაზარ გამძლეობას მოითხოვს. ეს შეიძლება გაგრძელდეს ორი თვე, სამი თვე, ან უფრო დიდი ხანი.