მთავარი,სიახლეები

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა

04.12.2024
სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა

3 დეკემბერს თბილისში სპეცრაზმმა ორ შშმ პირს – დათო აბულაძესა და რომან გოგოლაძეს სასტიკად სცემა.

როგორც შშმ პირთა უფლებადამცველმა დეა ერემაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, სპეცრაზმის მიერ ნაცემ რომან გოგოლაძეს საყოველთაო დაზღვევამ მკურნალობის თანხა არ აუნაზღაურა.

რომან გოგოლაძე სმენისარმქონე პირია, ამიტომ კლინიკის მენეჯერმა, როგორც დეა გვეუბნება, ფურცელზე დაუწერა, რომ აჯანყებულ პირებს სადაზღვევო მკურნალობას არ უნაზღაურებს.

„თქვენმა დაზღვევამ არ დააფინანსა მომსახურება. გვითხრა, რომ გამონაკლისში გაქვთ აჯანყება, აქციაში მონაწილეობის დროს მიღებული დაზიანება“- წერია კლინიკის მიერ და ფურცელზე  დაწერილ წერილში.

დეა ამბობს, რომ რომან გოგოლაძის მკურნალობის თანხა – 210 ლარი, მისმა ორგანიზაციამ გადაიხადა.

სპეცრაზმის მიერ ნაცემი რომან გოგოლაძის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა.

„რომანს დაჟეჟილობები ჰქონდა და დღეს გამოწერეს რუსთავის კლინიკიდან, დათო აბულაძეს კი მძიმე ტრავმები აქვს მიყენებული და ეჭვი მაქვს, რომ დღეს გამოწერონ“- გვითხრა დეა ერემაშვილმა.

სმენისარმქონე პირები – დათო აბულაძე და რომან გოგოლაძე, სპეცრაზმმა სასტიკად სცემა.

დათო აბულაძეს 3 დეკემბერს ქუჩაში, საკვების მიღების დროს სცემეს.

„საჭმლის საყიდლად იყო ჩასული მარკეტში და ამ დროს ეცნენ რობოკოპები და სასტიკად სცემეს. დათო სმენისარმქონეა და ხმას რომ ვერ იღებდა, ამაზე კიდევ უფრო სასტიკად სცემეს. ცემის შემდეგ, მოჰპარეს მობილური ტელეფონიც.

დაკავების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციაში, ძალიან მტკიოდა ყველაფერი, თვალიდან სისხლი მდიოდა და ვერ მიჩერებდნენ და მერე წამივიდა გულიო, ასე უყვებოდა თარჯიმანს დათო საავადმყოფოში. ჩვენც გვიან გავიგეთ, თუ სად იყო და რა მდგომარეობაში.

დედა ემიგრაციაში ჰყავს დათოს და რადგან ტელეფონიც აღარ აქვს, ვერ ვახერხებთ მასთან დროულ კომუნიკაციას“-გვითხრა დეა ერემაშვილმა.

დათო აბულაძე ამჟამად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დაფარავს თუ არა მისი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო.

_____________

საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას გაწევრიანების თაობაზე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია, სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება. დაკავებულია და მძიმედ არის დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

სპეცრაზმი განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობს დაკავებულ პირებზე. ალყაში აქცევს დემონსტრანტებს, არბევს წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: