მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

როგორ დავემგზავრე მემთეურ ქალებს ექსკურსიაზე

02.08.2024 •
როგორ დავემგზავრე მემთეურ ქალებს ექსკურსიაზე

სოფელში გამიგია სკოლის მოსწავლეების, კურსდამთავრებულების, ბაღის თუ სკოლის თანამშრომლების ექსკურსიები, მაგრამ არასდროს – მემთეური ქალების.

მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორი მძიმე, რუტინული და მხუთავი შრომა აქვთ მემთეურ ქალებს. საკუთარ თავზეც გამომიცდია ეს. მოგვიანებით, როგორც ჟურნალისტმა, მოვამზადე არაერთი მასალა მემთეურების ცხოვრებაზე. ჩემთვის იქამდე უცნობ, ბევრ მემთეურ ქალთან მქონია ხანგრძლივი საუბარი, რამაც კიდევ უფრო მძაფრად დამანახა წარმოუდგენელი ჯაფა, რომელიც კლავს ხალისს და ტოვებს მხოლოდ დაღლას.

დღეს მემთეური ქალების ორგანიზებულ ექსკურსიაზე გიყვებით. მათ სრულიად შემთხვევით დავემგზავრე გასულ კვირას. რეპორტაჟის მომზადებაზე უარი მითხრეს, გამოჩენა არ უნდათ, მაგრამ მინდოდა ამ ქალების ამბავი მაინც მომეყოლა, თუნდაც მათი სახელების გარეშე, რადგან ექსკურსიაზე მიმავალი მემთეური ქალები არასდროს წარმომედგინა. ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო.

„ამ ყველაფერს ფრთები იმან შეასხა, რომ ახალი რძლები რომ ემატება სოფელს ყოველ წელს, ახალი იდეები აქვთ, ღია არიან სიახლეებისთვის და ამბობენ, ჰო, რატომაც არა“, – მითხრა ერთმა მემთეურმა ქალმა.

ქალებმა ორი „მარშუტკა“ იქირავეს და მძღოლები მკაცრად გააფრთხილეს, ადრიან დილას უკვე ყოფილიყვნენ მათი იალაღის ცენტრში. ამ იალაღზე, ძირითადად, ხულოს ერთი სოფლიდან მემთეურობენ ქალები.

ნაწვიმარი დილა იყო იალაღზე. გაჩერდნენ თუ არა „მარშუტკები“, სხვადასხვა მხრიდან ჯგუფ-ჯგუფად მომავალი ქალებიც გამოჩნდნენ. ზოგი ასაკოვანია, ზოგი – არც ისე, ზოგი კი – „მემთეურობისთვის ზედმეტად ახალგაზრდა“. ყველას რაღაც ეჭირა ხელში პარკებით, ჩანთებით, ჭურჭლით. საგულდაგულოდ მოემზადებინათ წინა ღამით ექსკურსიაზე საგზლად წასაღები ტკბილეული და ათასი სასუსნავი.

აქ მითხრეს, რომ პირველად ექსკურსიაზე მემთეური ქალები 2020 წელს წასულან. იქამდე პიკნიკებს მართავდნენ ხოლმე და ერთის ქალის იდეა ყოფილა, მოდი, პიკნიკებიდან ექსკურსიებზე გადავიდეთ და ჩვენც სადღაც წავიდეთ, როგორც ჩვენი შვილებიო.

„რა თქმა უნდა, რთული იყო, იმიტომ, რომ პირუტყვის დამტოვებელი არავინ არ გვყავდა. ზოგიერთს მოსავლელი დედამთილები გვყავს…

ისეთ ექსკურსიაზე, რომ დავრჩეთ ერთი ან ორი დღით, არასდროს არ ვყოფილვართ. დილით უთენია მივდივართ და საღამოს ვბრუნდებით.

თუ დედამთილ-რძალი მოდის ექსკურსიაზე, საქონელი ქმრებს უნდა დაუტოვონ, თუ შეუძლიათ ქმრებს დატოვება, თუ არა – მეზობელს, რომელიც არ წამოვიდა ექსკურსიაზე. თუ მხოლოდ დედამთილი მოდის, რძალი დაიტოვებს, თუ რძალი მოდის – დედამთილი და ასე. უფრო მეტად ამ ამბავში კაცები გვეხმარებიან“, – მითხრა ერთ-ერთმა მემთეურმა.

მე იალაღზე საქონლის საძოვარზე გაშვების დროს შევხვდი მემთეურ ქალებს.

„წარმოიდგინეთ, დილით ისედაც ადრე გვიწევს გაღვიძება და თუ იმ მომენტში უკვე არ არის მთაში ჩვენი შემცვლელი, დილის საქმეს ისევ ჩვენ ვაკეთებთ. შუადღიდან რომ ამოვლენ რძლები, თუ ვინც უნდა შეგვცვალოს, ის გააკეთებს სხვა საქმეებს.

დილის ექვსი საათისთვის ძროხები უკვე მოწველილი უნდა გვყავდეს და საღამოს 10-11 საათისთვის მაინც უნდა დავბრუნდეთ სახლში, ცოტა დასვენება და მეორე დღეს ისევ ჩვენი საქმის გაკეთება რომ შევძლოთ“, – ამბობს ერთი ქალი.

სანამ ამ ექსკურსიაზე გავაგრძელებდე თხრობას, იქამდე ამ მემთეური ქალების ბრძოლაზე მინდა დაგაფიქროთ. წლების ბრძოლაზე, რომელიც ამ ექსკურსიას უძღოდა წინ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ექსკურსიების მოწყობა, გართობა, ერთმანეთზე და საკუთარ თავზე ზრუნვა ამ ქალებს აქამდე არ სდომებიათ ან აზრადაც არ მოსვლიათ? ცხადია, ეს ასე არ არის. უნდოდათ, უნდოდათ, თუმცა ვერ ახერხებდნენ იმის შიშით, თუ რას იტყოდნენ მათი ქმრები, დედა-მამამთილები, ნათესავები და ა.შ. აქ ხომ სჯერათ ან იქნებ სჯეროდათ, რომ ქალმა მხოლოდ სულ უნდა იშრომოს, იშრომოს დილიდან დაღებამდე და არა თუ ექსკურსიების, არამედ მცირე ხნით ჩამოჯდომის დროც არ არის.

„ეზოს რომ დაგვიდი და ხელებმოწყვეტილი კორდზე ჩამოჯდებოდი, მამამთილი კიბის თავიდან გადმოგძახებდა: ადე, მანდ რას ზიხარო. რა უნდა გექნა? დგებოდი“ – ასე მითხრა ერთმა მემთეურმა ქალმა იმ დღეს.

ამ ქალებისთვის ყოველ დღე აშენებდნენ და ავიწროებდნენ ჩარჩოებს, რაც შრომისგან ისედაც გამოფიტულებს ყველაფრის ხალისს უკარგავდა. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ამ ქალებს არასდროს ჰქონიათ თავისი გამომუშავებული ფულის განკარგვის შესაძლებლობაც.

„თავიდან ასე ამბობდნენ – სად გაგონილა ქალების ექსკურსია?! მათ შორის ის ქალებიც, რომლებიც ამ ექსკურსიებში მონაწილეობას არც აქამდე იღებდნენ და არც ახლა. ასაკობრივი ფაქტორიცაა, შედარებით ხნიერებისგან იმასაც გაიგონებ – ჩემი ხნის ქალს ექსკურსიაზე რაღა მინდაო.

„მარშუტკის“ მოძებნაც გვიჭირს, იმიტომ, რომ ჩვენს სოფელში ვისაც მანქანა ჰყავს, თითქმის ყველა ქალაქშია სამუშაოდ წასული. სხვა სოფლიდან ვიქირავეთ მანქანები წელს. ჩვენი იალაღი ცენტრალური გზიდან მოშორებითაა, ჩვენამდე მოსასვლელი გზა კი ძალიან ცუდია. უჭირს აქ მანქანებს ამოსვლა“ – ამბობს ერთი ქალი.

იალაღის ცენტრში გაჩერებულ „მარშუტკებთან“ ქალებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ, მალევე მოითათბირეს, ვინ სად ჯდებოდა.

ყველაფერზე ნაფიქრი ჰქონდათ. დაიძრა თუ არა მანქანა, საიდანღაც დიდი, ფერადგანათებიანი ხმის გამაძლიერებელი და მიკროფონი გამოაძვრინეს. ცეკვავდნენ, მღეროდნენ… უკანა სავარძლებზე მსხდომები წინ გადასძახებდნენ, ტაში არ გაჩერდესო, წინა სავარძლებზე მსხდომები კი უკან – ვინც არ იცეკვებთ, ტაში არ მოგვაკლოთო.

აღმაფრთოვანა ამ ქალების ბრწყინვალე თვალების, ერთობისა და ერთმანეთზე ზრუნვის ნახვამ.

ერთმანეთზე იცინოდნენ და ერთმანეთს ეშველებოდნენ, როცა „მარშუტკაში“ მოცეკვავეები ცუდი გზების გამო ხან ერთ მხარეს ირწეოდნენ, ხან მეორე მხარეს.

წამოსვლამდე დაუგეგმავთ ტრაფარეტი გაეკეთებინათ წარწერით – „პირველები“. მძღოლმა 10 წუთით გააჩერა მანქანა გზად. მემთეურები მაშინვე დაფაცურდნენ, მუყაო და მარკერი მოძებნეს და მანქანაზე მათივე გაკეთებული ტრაფარეტი მიამაგრეს, მერე ტრაფარეტთან ფოტოები გადაიღეს, აჭარული იცეკვეს და გზა განაგრძეს.

მემთეური ქალების წლევანდელი ექსკურსიის მარშრუტი ასეთი იყო: ვარძია, რაბათი, ბორჯომი.

მე მემთეურ ქალებს სულ ცოტა ხნით შევუერთდი ექსკურსიაზე, ამიტომ, დაბრუნებულებს ვკითხე, როგორ გაატარეს ის დღე და ვკითხე ისიც, ყველაზე მეტად სად უნდათ წასვლა შემდეგ ექსკურსიაზე.

„ძალიან კარგად. გავერთეთ. ვნახეთ ბორჯომი, ახალციხე, რაბათი, მაგრამ ყველაზე საინტერესო, ყველაზე დასამახსოვრებელი და მთავარი იცით რა იყო? ყოველდღიურობას გავქცეოდით და ერთად გაგვეტარებინა დრო. მოსაწყენია, როცა მთელი სამი თვე იალაღზე ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ.

ყოველ წელს ახალ-ახალი ქალები გვემატება. კარგი დრო გავატარეთ. ერთი სოფლიდან ვართ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და საერთოც ბევრი გვაქვს. კიდეც ვიცეკვეთ, კიდეც ვიმღერეთ.

წასვლა სად გვინდა და…. ფშავ-ხევსურეთი, ყაზბეგი, დარიალის ხეობა… მაგრამ იქ წასვლა ძალიან რთულია ჩვენთვის. ერთ დღეში რაც ესწრება, ეს არის. იქ 2-3 დღე დაგჭირდება და ამიტომ ვერ მივდივართ. ამდენი ხნით ვერავის დავუტოვებთ ჩვენს საქმეს“.

მემთეური ქალები, რომლებზეც ახლა გიყვებით, ბოლო ოთხი წელია, რაც წელიწადში ერთხელ, ერთდღიან ექსკურსიებს აწყობენ. ეს ის დღეა, როცა ცხოვრებას საკუთარი თავისთვისაც „გამორჩებიან“.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ ჰქონდათ ერთი და იგივე მარშრუტი ქალებს. ყველაზე მთავარი მათთვის ის არის, რომ ახერხებენ ყოველი წლის ზაფხულში ერთ გუნდად შეკრებას, წასვლას და ერთად დაბრუნებას“, – მითხრა ახალგაზრდა მემთეურმა ქალმა, რომელიც იმ დღეს ექსკურსიაზე იყო.

მჯერა, რომ ეს ქალები საკუთარ თავზე ზრუნვას და ბედნიერი, მხიარული დღეების დაგეგმვას გაახშირებენ.

ცეკვა? სიმღერა? გართობა? თქვენ მემთეური ქალების უნდა ნახოთ!

 

მემთეური ქალების ექსკურსია ტრაფარეტით – “პირველები”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: