ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება სააგენტოს უფროსმა დღეს, 2024 წლის 14 აგვისტოს გამოსცა.
„შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტაციის, დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ანგარიშში წარმოდგენილი ტექნოლოგიური სქემის, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების, ასევე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების, შერბილების და თავიდან აცილების ქმედებების,
ავარიულ სიტუაციებზე რეაგირებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შესაბამისად, მათ შორის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მონიტორინგის გეგმისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების/გარემოსდაცვითი სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, 2023 წლის 24 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა ქ. ბათუმში, საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში და კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია.
წარმოების ფარგლებში, სააგენტომ უზრუნველყო საექსპერტო კომისიის შექმნა და შესაბამისი უწყებების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა…
წარმოების ეტაპზე, შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა კორესპონდენცია, რომლის თანახმად, შპს „ტერმინალ 1“ დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნიდა ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას.
აღნიშნულის საფუძველზე, 2024 წლის 2 აგვისტოს სააგენტოს მიერ კვლავ შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ეთხოვა შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა.
აღნიშნულ საკითხზე შპს „ტერმინალ 1“- მა სააგენტოს დამატებით მიმართა 2024 წლის 5 აგვისტოს. ვინაიდან, წერილებში დასმული საკითხები სცილდებოდა გზშ-ს ფარგლებს და, შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეთხოვა დაზუსტებული მოსაზრებების წარმოდგენა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1″;
ასევე, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს ,,ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 2024 წლის 12 აგვისტოს წერილის საფუძველზე მოხდა ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება.
წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის საექსპერტო კომისიის დასკვნების შეჯერებისა და არსებული დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, ქ. ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.“
ამავე თემაზე ვრცლად:
კუნძული თუ ნავთობტერმინალი, ვის დარჩება ზღვა – სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა შეაჩერა