განათლება,მთავარი,სიახლეები

ინფორმაციას არ ვფლობთ – განათლების სამინისტროს პასუხი დეპუტატს „რუსული კლუბის“ ტრენინგებზე

30.07.2024
ინფორმაციას არ ვფლობთ – განათლების სამინისტროს პასუხი დეპუტატს „რუსული კლუბის“ ტრენინგებზე

შეკვეთილში „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგში ქართველი პედაგოგების მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა.

დეპუტატმა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხი გუშინ, 29 ივლისს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

„სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ამასთან, არც ერთ ორგანიზაციას, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლის ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის არ მოუმართავს.

ამიტომ, მიმართეთ შესაბამის სამსახურებს“- წერს საქართველოს განათლების სამინისტრო დეპუტატს.

განათლების სამინისტროს პასუხი დეპუტატს შეკვეთილში „რუსული კლუბის“ ტრენინგებზე

შეკვეთილში „რუსული ენის პოპულარიზაციის“ მიზნით პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის გამართული ტრენინგების შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ 12 ივლისს გამოაქვეყნა.

ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ ტრენერები რუსული უნივერსიტეტებიდან, მათ შორის, ერთ-ერთი უნივერსიტეტი უკრაინის მიერაა სანქცირებული.

„ბათუმელებმა“ შს სამინისტროს და სუს-ს ჰკითხა, ამ სემინარის მონაწილე რუსეთის მოქალაქე ტრენერებს ხომ არ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, თუმცა კითხვას არც ერთმა უწყებამ არ უპასუხა.

კითხვებზე არც განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომელსაც ასევე ვკითხეთ, თუ რატომ მონაწილეობდნენ ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ რუსულ ტრენინგში საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები და ჰქონდათ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია.

რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში Россотрудничество აფინანსებდა. ეს არის ორგანიზაცია, რომლის ვებგვერდზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცალკე ქვეყნებად არის წარმოდგენილი.

როგორც დეპუტატი თეონა აქუბარდია წერს, მას „რუსული კლუბის“ ტრენინგების თაობაზე წერილობით მიმართული აქვს შსს-სა და სუს-ზეც და პასუხს, მიღების შემთხვევაში, ასევე გაასაჯაროებს.

______________

ამ თემაზე:

შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებს და ბავშვებს წვრთნის – სუსი და შსს კითხვებს არ პასუხობენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: