მთავარი,სიახლეები

ზრდადი კონფლიქტი, რომელიც კიდევ ერთი ომის დაწყების საბაბი შეიძლება გახდეს

14.07.2024 •
ზრდადი კონფლიქტი, რომელიც კიდევ ერთი ომის დაწყების საბაბი შეიძლება გახდეს

ევროკავშირის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის უკვე ჩავლილი და აშშ-ის მომავალი არჩევნების ფონზე, ნაკლები ყურადღება ექცევა კიდევ ერთ ზრდად კონფლიქტს, რომელიც აზიაში მორიგი ომის დაწყების საბაბი შეიძლება გახდეს.

ტაივანი (ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა) არის კუნძული და ქვეყანა, რომელსაც ჩრდილო დასავლეთით, 130 კმ-ის დაშორებით, ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩრდილო-აღმოსავლეთით იაპონია და სამხრეთით ფილიპინები. იმის მიუხედავად, რომ ტაივანი საქართველოზე ზომით დაახლოებით 2-ჯერ პატარა ქვეყანაა, მოსახლეობით ის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია მსოფლიოში და ამ მაჩვენებლით დაახლოებით 6-ჯერ უსწრებს საქართველოს, 24 მილიონი მცხოვრებით.

ტაივანში 1996 წლიდან დემოკრატიულად ტარდება არჩევნები, აქვთ დემოკრატიული მმართველობის ფორმა, კონსტიტუცია, ამის გარდა საკუთარი ვალუტა და ჯარი. მას, როგორც სახელმწიფოს ოფიციალურად მხოლოდ 12 ქვეყანა აღიარებს. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ის, რომ ჩინეთი ბევრ სხვა ქვეყანაზე ახდენს დიპლომატიურ ზეწოლას, რათა ხელი შეუშალოს ტაივანის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ტაივანს აღიარებენ, არ მიეკუთვნება საქართველო, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ტაივანის სტატუსი ჯერ კიდევ განხილვის თემაა და ხშირად იწვევს უთანხმოებებს, მაგრამ ტაივანისადმი  მხარდაჭერა დღითი დღე იზრდება დასავლეთის ქვეყნებში.

ამ სტატიიდან გაიგებთ:

  • რა ისტორია აკავშირებთ ტაივანსა და ჩინეთს? როგორი სიტუაციაა დღემდე?
  • რატომ არის აშშ და არამხოლოდ აშშ ტაივანით დაინტერესებული და რა ტიპის ეკონომიკური როლი უკავია ტაივანს მსოფლიო ბაზარზე?
  • როგორი გავლენა აქვს შეერთებულ შტატებს ამ კონფლიქტზე და რა მიზნები ამოძრავებს მას?

რამდენადაა მოსალოდნელი ომის დაწყება? – რას წერს გერმანული მედია

„ვფიქრობ, ომი არის თავიდან აცილებადი, მაგრამ დაძაბულობა გარდაუვალია, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდში. პეკინის ოფიციალური მიზანია „ერის გაერთიანება“, ანუ ჩინეთის შემადგენლობასა და დაქვემდებარებაში იყოს ტაივანი.

ერთი პერიოდი  ჩინეთმა წარმოადგინა „გაერთიანების“ შედარებით თავისუფალი წინადადება – ეგრეთწოდებული „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ სახით. ეს ნიშნავდა, რომ ტაივანს ექნებოდა საშუალება თავისი ეკონომიკური სისტემა შეენარჩუნებინა. აქვე პეკინი იძლეოდა გარანტიას, რომ კუნძულზე არ გააგზავნიდა ჯარს ან ადმინისტრაციული პერსონალს.

ამ დოკუმენტმა მას შემდეგ დაკარგა ძალა, რაც ჩინეთმა 2022 წელს შეთავაზება შეცვალა – განახლებულ ვერსიით „გაერთიანების“ შემდეგ ტაივანი მხოლოდ ავტონომიას შეინარჩუნებდა და გამოცხადდება, როგორც სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები გარანტირებული იქნებოდა.

პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავდა, რომ ტაივანის თავისუფლება, რომელიც მას დღეს აქვს, შეიზღუდებოდა ან სრულიად გაქრებოდა“, – წერს გერმანული გავლენიანი გამოცემის Die Zeit-ის ექსპერტი თავის ერთ-ერთ სტატიაში.

  • რატომ არის აშშ და არამხოლოდ აშშ ტაივანით დაინტერესებული და რა ტიპის ეკონომიკური როლი უკავია ტაივანს მსოფლიო ბაზარზე? 

ტაივანი დღეს მსოფლიო ბაზარზე წამყვან როლს თამაშობს თანამედროვე ჩიპების განვითარება-წარმოებით, რომლებიც სმარტფონებსა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკაში გამოიყენება. ისინი ასევე შეუცვლელია ავტო და თავდაცვით ინდუსტრიებშიც. მსოფლიო ბაზარზე  განსაკუთრებით პატარა და მაღალხარისხიანი ნახევარგამტარების დაახლოებით 2/3-ს ტაივანი აწარმოებს.

მსოფლიო ბაზარზე ჩიპების წამყვანი კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing (TSMC) აწარმოებს ეგრეთწოდებული LogicChip-ების დაახლოებით 90%-ს, რომლებიც 10 ნანომეტრზე პატარაა. კომპანიის ბაზრის მაღალი წილის გამო დასავლური ინდუსტრიები TSMC-ზე არიან დამოკიდებული. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი მომხმარებელია ეფლი (Apple).

თანამედროვე ჩიპების აქტიური მომხმარებელია დასავლეთი ჩინეთიც, რაც რამდენიმე ექსპერტს იმის ფიქრის საბაბს აძლევს, რომ ნახევარგამტარების ინდუსტრია ჩინეთის წინააღმდეგ ერთგვარი თავდაცვითი ფარია ტაივანისთვის.

  • როგორი გავლენა აქვს შეერთებულ შტატებს ამ კონფლიქტზე და რა მიზნები ამოძრავებს მას?

აშშ ოფიციალურ კავშირებს ინარჩუნებს პეკინთან და აღიარებს მას, როგორც ერთადერთ ჩინურ სახელმწიფოს, მაგრამ ასევე ტაივანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ ვალდებულია ტაივანს მიაწოდოს შეიარაღება.

2022 წლის აგვისტოში ტაივანს ეწვია წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირის უმაღლესი დონის ვიზიტია ტაივანში. ამ ვიზიტს მალავე მოჰყვა ჩინეთის მხრიდან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო, რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია.

აშშ-ისთვის ტაივანი არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არის საინტერესო, არამედ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოც. იმ შემთხვევაში თუ ჩინეთმა შეძლო კუნძულის მისაკუთრება, პეკინს ექნება კონტროლი ინდუსტრიაზე, რომელიც მართავს გლობალურ ეკონომიკას. ტაივანი აშშ-ისთვის ასევე არის გეოგრაფიულად დამაკავშირებელი ხიდი ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა და ფილიპინები, რომლებთანაც აშშ-ის მეგობრული ურთიერთობა აქვს.

დღევანდელი მონაცემებით ტაივანის მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს სურს ჩინეთთან გაერთიანება. ტაივანის ახალი თაობა ნაკლებად იდენტიფიცირდება, როგორც ჩინელი. ბოლო გამოკითხვებიდან ასევე ჩანს, რომ მხოლოდ 2,5%-ზე ნაკლები ადამიანი მიიჩნევს საკუთარ თავს ჩინელად.

  • ტაივანი და ჩინეთი – ისტორია და დღევანდელობა მოკლედ 

1894-1895 წლები: ჩინეთ-იაპონიის ომი

მას შემდეგ, რაც ჩინეთის ბოლო საიმპერატორო დინასტია პირველი ჩინეთ-იაპონიის ომის დროს დამარცხდა, ტაივანი გახდა იაპონიის ახალი კოლონია. მომდევნო 50 წელი ის იაპონიის დაქვემდებარებაში იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული გადაკეთდა საზღვაო და საჰაერო ბაზად. ის ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო იაპონია-ამერიკის დაპირისპირებების დროს. 1945 წელს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია, რითაც მეორე მსოფლიო ომი საბოლოოდ დასრულდა.

იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ კი, ტაივანი მოექცა ჩინეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ, რომლის სათავეშიც იდგა ჩინეთის ნაციონალისტური პარტია კუომინტანგი. (Kuomintang ან KMT).

1949 წელი: ჩინეთის სამოქალაქო ომი

1949 წელს საბოლოოდ დასრულდა ჩინეთის სამოქალაქო ომი, რომელიც რამდენიმე ათწლეული გრძელდებოდა. კონფლიქტი დასრულდა მაო ძედუნის კომუნისტური პარტიის გამარჯვებით, სადაც ჩინეთის რესპუბლიკის (ROC) ნაციონალისტური პარტია კუომინტანგი დამარცხდა.

დამარცხების შემდეგ კუომინტანგის ლიდერმა, ძიან ძეშმა დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანთან ერთად, მათ შორის დარჩენილი ჯარით, საბოლოოდ დატოვა ჩინეთის რესპუბლიკა და გადავიდა ტაივანში, სადაც დროებით დედაქალაქად ტაიბეი გამოაცხადა. მან გააგრძელა ტაივანის მართვა ჩინეთის რესპუბლიკის სახელით, დაამყარა დიქტატურა და მართავდა მას 1980 წლამდე. მისი სიკვდილის შემდეგ ტაივანმა ნელ-ნელა დაიწყო დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა.

1949 წელი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

კუომინტანგის დამარცხებისა და კომუნისტური პარტიის გამარჯვების შემდეგ, ჩინეთის დღევანდელ ტერიტორიაზე დაარსდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ან უბრალოდ ჩინეთი. მას შემდეგ ტაივანი, ანუ ჩინეთის რესპუბლიკა და დღევანდელი ჩინეთი, ანუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, თავის თავში ატარებენ სიტყვას – „ჩინეთი“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი) არასდროს ყოფილა დღევანდელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი. ჩინეთის რესპუბლიკა დაარსდა გაცილებით ადრე – 1912 წელს, მაშინ როცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (დღევანდელი ჩინეთი) დაარსდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს.

1950-1970 წლები: საერთაშორისო აღიარება და ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობები

იმის მიუხედავად, რომ კუომინტანგის ლიდერმა ძიან ძეშმა 1949 წელს უკან დაიხია და ტაივანში გადასახლდა, ის აგრძელებდა ჩინეთის რესპუბლიკის გამოცხადებას ჩინეთის სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლად საერთაშორისო დონეზე და მიზნად ისახავდა ჩინეთის ხელახლა ოკუპაციას.

მან ნამდვილად შეძლო ამ პოზიციის 1970 წლამდე შენარჩუნება და იყო აღიარებული კიდეც აშშ-სა და ევროპის მიერ, როგორც ჩინეთის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი. მაგრამ 1970 წლის შემდეგ დაიწყო განხილვა იმის შესახებ, რომ ტაივანს აღარ შეეძლო მთელი ჩინეთის სახელმწიფოს და ჩინელი ხალხის საერთაშორისო დონეზე წარმოდგენა.

1971 წელი: ტაივანი კარგავს ოფიციალურ აღიარებას

გაერომ 1971 წელს აღიარა პეკინი ჩინეთის სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლად, რასაც სხვა ქვეყნების მხრიდან მოჰყვა ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობების გაწყვეტა და მისი იზოლირება.

1978 წელი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენა

ჩინეთში 1978 წლიდან დაიწყო ეკონომიკის გაძლიერება, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია შეერთებული შტატების დაინტერესება ჩინეთთან ვაჭრობაზე, რასაც მომდევნო წელს პეკინთან დიპლომატიური კავშირების გაბმა მოჰყვა.

1979 წელი: ტაივანის ურთიერთობების აქტი

1979 წელს აშშ-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, ტაივანთან გააფორმა ტაივანის ურთიერთობის აქტი (Taiwan Relations Act ან TRA). ამ აქტის საფუძველზე აშშ-მ აიღო ვალდებულება, რომ ტაივანს დაეხმარება თავდაცვაში თუ მის სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას ან მოსახლეობას საფრთხე დაემუქრება.

1992 წელი: კონსენსუსი

1992 წელს პეკინმა წამოაყენა „ერთი ჩინეთის“ ან სხვაგვარად „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ იდეა. ძირითადი იდეა იყო ის, რომ ტაივანი უნდა მოქცეულიყო პეკინის მმართველობის ქვეშ იმ პირობით, რომ ის ავტონომიის შენარჩუნებას შეძლებდა. შემოთავაზებაზე უარის შემდეგ პეკინმა ტაივანის ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადა.

1996: ტაივანის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები

1996 წელს ტაივანმა ჩაატარა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რამაც გააძლიერა მისი დემოკრატიული მმართველობა. ეს ნაბიჯი პეკინმა განიხილა, როგორც ნაბიჯი ფორმალური დამოუკიდებლობისკენ, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.

2000-2004 წლები: DPP-ს გამარჯვება

პირველად 2000 და შემდეგ კი 2004 წელს ტაივანის ხელისუფლების სათავეში მოვიდა დემოკრატიული პროგრესული პარტია (Democratic Progressive Party ან DPP). ეს ფაქტი აღსანიშნავია, რადგან DPP ღიად უჭერდა მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას და დღესაც ტაივანის მმართველი პარტიაა.

2005 წელი: ანტი-სეცესიის კანონი

2005 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო ანტი-სეცესიის კანონი (Anti-Secession Law), რაც გულისხმობდა იმას, რომ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ „არამშვიდობიან“ საშუალებებს გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

2016-2020 წლები: ცაი ინ-ვენი – ტაივანის პირველი ქალი პრეზიდენტი

2016 წლისა და 2020 წლის ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ცაი ინ-ვენმა DPP-დან. ცაი ინ-ვენის პრეზიდენტად არჩევას დაემთხვა ჩინეთში სი ძინპინის კომუნისტური პარტიის მმართველობა, რომლის დროსაც აგრესია ტაივანზე მკვეთრად გაიზარდა. ცაი ინ-ვენის ადმინისტრაციის დროს ჩინეთმა გაწყვიტა ყველა ოფიციალური მოლაპარაკება ტაივანთან.

2021-2023 წლები: ზრდადი საჰაერო თავდასხმები

2021-2023 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაიწყო ზრდადი საჰაერო შეტევები ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში (ADIZ), რამაც გამოიწვია შეშფოთება პოტენციური კონფლიქტის თაობაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: