დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადვოკატმა ირაკლი ზაქარიაძემ გამართა ბრიფინგი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ლევან არახამიას საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლევან არახამია 2015 წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის ნომერ მესამე დაწესებულებაში ისე, რომ მისი დაკავების ოქმი არ შემდგარა და მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა: „ამ სამი დღის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებელი ჯემალ ცეცხლაძე აიძულებდნენ მას სამი ქურდობის აღიარებას, იმ შემთხვევაში თუ ბრალს არ აღიარებდა, პოლიცია მას ოჯახის წევრებისა და მეგობრების დაჭერით ემუქრებოდა“ – ამბობს ადვოკატი. იგი ასევე დასძენს, რომ პოლიციის უფროსი არახამიას იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა, ამიტომაც მან დანაშაული აღიარა.
არახამიას სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავდა. 2016 წლის 17 მარტს მას 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სისხლის სამართლის კოდექსის #177-მუხლის მეორე ნაწილითა და 178 პირველი ნაწილით – ქურდობა და ძარცვა.
„2015 წლის 24 ნოემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ლევან არახამიამ დახმარების თხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საქართველოს იმჟამინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს. მისი განცხადება პრეზიდენტის და მთავარი პროკურატურის სახელზე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს გიორგი კვარაკვახიძეს, რომელიც ზედაპირულად მიუდგა საქმეს და შეგნებულად არ დაიწყო გამოძიება, რათა მიჩქმალულიყო პოლიციის მიერ ჩადენილი ზეწოლა და მუქარა“ – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.
ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე არახამიას უფლებებს 2016 წლის აპრილიდან იცავს.
„2016 წლის აპრილში მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ახალი გარემოებებით შუამდგომლობა მოწმეთა გამოკითხვის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა და არ გამოკითხა მოწმეები“ – აცხადებს ადვოკატი. ის ამბობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძე მიკერძოებულია და ცდილობს პროკურატურისა და პოლიციის ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვას.
ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე საქართველოს მთავარ პროკურორს სთხოვს კანონის შესაბამისად გაატარდეს სამართლებრივი ღონიძიებები ქალაქ ბათუმის პროკურატურის გამომძიებლის გიორგი კვარაკვახიძის მიმართ და მთავარმა პროკურორმა პირად კონტროლზე აიყვანოს საქმეზე შემდგომი რეაგირება.






