მთავარი,სიახლეები

„რომ გადმოიტანოს, რა?“ – დეპუტატი ოფშორიდან ივანიშვილის მიერ ფულის უფასოდ შემოტანაზე

18.04.2024 • 4664
„რომ გადმოიტანოს, რა?“ – დეპუტატი ოფშორიდან ივანიშვილის მიერ ფულის უფასოდ შემოტანაზე

რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტმა დღეს, 18 აპრილს, დაჩქარებული წესით და უკვე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც ოფშორული ზონიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანა გადასახადების გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი.

მეორე მოსმენაზე პარლამენტის 75-მა წევრმა დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, კანონპროექტის მოწინააღმდეგე მხოლოდ 9 დეპუტატია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააანონსა, რომ კანონპროექტს მესამე მოსმენით, ანუ საბოლოო ვერსიას პარლამენტი დღესვე უყრის კენჭს საღამოს 5 საათზე.

პარლამენტში მყოფი ოპოზიცია მიუთითებს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე მორგებული, რომელიც აპირებს,  ოფშორში არსებული გაუმჭვირვალე ქონება დასანქცირებამდე საქართველოში გადმოიტანოს. არც „ქართული ოცნება“ უარყოფს, რომ ცვლილება კანონში, რასაც დაჩქარებულ რეჟიმში უჭერს მხარს „ოცნება“, ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

ოპოზიცია მიუთითებს იმაზეც, რომ ოფშორიდან ბიზნესის გადასახადების გარეშე გადმოტანა „შავი ფულის სამრეცხაო“ და ფულის გათეთრების შესაძლებლობა იქნება, რაც საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს.

„გამჭვირვალობას“ დღევანდელ სხდომაზე ხშირად ახსენებდა ოპოზიცია: როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ სწორედ „გამჭვირვალობით ხსნიდა რუსული კანონის მიღების საჭიროებას, ამავდროულად კი, ოფშორში ბიზნესი პირდაპირ ნიშნავს ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე.

„სანამ პანამის საქმე არ გასკდა და არ აღმოჩნდა, რომ იქ ივანიშვილი იყო ძირითადად, არავინ იცოდა, რომ პანამის ოფშორში მას ეს კომპანია ჰქონდა,“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა რომან გოცირიძემ.

„გუშინ თქვენ მიეცით კანონს ხმა, რომელსაც ჩვენ ვეძახით რუსულ კანონს. თქვენ ამბობდით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. ახლა ჩემი შეკითხვა: რამდენად გამჭვირვალეა ოფშორული ზონა? რამდენად გამჭვირვალე იქნება იქიდან შემოსული ფული? კონკრეტულად ვის შეეხება ეს, იქნება ეს ინფორმაცია ღია, რომელი წყაროს მეშვეობით შეგვეძლება ამ ინფორმაციის მიღება?“ – იკითხა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

„უცბად აღმოჩნდა, რომ დაჩქარებულად, 2 დღეში უნდა მივიღოთ კანონი ივანიშვილის ოფშორში განთავსებული აქციების, წილების, ქონების, თვითმფრინავების საქართველოში დაუბეგრავად გადმოტანის შესახებ… ხომ არ მოჰყვება ამას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის უკიდურესად გაუარესება? ამით ისარგებლებს პირი, რომელსაც საქართველოში ფულის გათეთრების შანსი გაუჩნდება, ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენს ქვეყანა?“ – იკითხა რომან გოცირიძემ.

„ოფშორებში კომპანიების გადამწყვეტი უმრავლესობა ეკუთვნის დასავლეთის ქვეყნებს, არავითარი რუსული აქ არ არის, დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ქვეყნებია…“ – უპასუხა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ, რომელიც კანონპროექტის ავტორია.

„მსოფლიოში ვერავინ ვერ გაარკვია, ოფშორში რა ფულია და თქვენ საიდან გაარკვიეთ? თქვენ როგორ დაადგენთ, როდის შეიქმნა და იქ რა ჰქონდა?“ – კითხვა დაუბრუნა საპარლამენტო უმრავლესობას დავით უსუფაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დეპუტატმა გია ვოლსკიმ დღევანდელ სხდომაზე იცრუა, როცა თქვა, რომ კვიპროსი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ოფშორი იქაცაა. ეს რომ ასე არაა, ისევ „ქართული ოცნების“ წევრმა და კანონპროექტის მომხსენებელმა პაატა კვიჟინაძემაც დაადასტურა – როცა კვიპროსი ევროკავშირის წევრი გახდა, პირველ რიგში, საგადასახადო კანონმდებლობა შეიცვალა ამ კუთხით: „კვიპროსი თვითონ იყო ამ სისტემაში და გამოვიდა,“ – აღნიშნა კვიჟინაძემ მას შემდეგ, რაც გია ვოლსკიმ კვიპროსზე ისაუბრა.

„თუ იქნება სანქციები, რომელსაც თქვენ ასე სიამოვნებით შეხვდებით, რომ აქ ეკონომიკას არავითარი განვითარების საშუალება არ მიეცეს, საინტერესოა, დამატებითი ინფორმაცია გვქონდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე: კვიპროსში არსებობს ოფშორში მყოფი კომპანიები და ამას თავისი დიდი შემოსავლის წვლილი აქვს ქვეყნის ბიუჯეტში. რა საფრთხე არსებობს თუნდაც ოფშორული ზონიდან კომპანია გადმოვიდეს საქართველოში?“ – იკითხა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნებიდან“

პაატა კვიჟინაძეს ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია, თუმცა ოპოზიციის აქცენტზე, რომ კანონს „ქართულ ოცნება“ ივანიშვილის დასანქცირების გვერდის ასავლელად ცვლის, უპასუხა.

„ამერიკამ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის? ვერაფერს ვერ გააკეთებ, თუ სანქცია დაწესდა. აქამდე იძახდით, გარბის საქართველოდან, ახლა შემოდის და აქ აბანდებსო. რუსეთს არ აქვს ოფშორი, დასავლეთის იურისპრუდენციაშია ეს კომპანიები,“ – ისევ დასავლეთზე გააკეთა აქცენტი პაატა კვიჟინაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე ასევე იკითხეს, არის თუ არა ეს ცვლილება შეთანხმებული ევროპელ პარტნიორებთან, როცა საქართველოს გაცხადებულად სურს ევროინტეგრაცია?

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეხმარებიან საქართველოს საგადასახადო სისტემას, ფინანსურ სისტემას, ეკონომიკურ კეთილდღეობას… ასეთი საორჭოფო კანონპროექტი იყო შეთანხმებული პარტნიორებთან? პარტნიორების აზრს საერთოდ ვითვალისწინებთ? არც კი თვლით საჭიროდ, რომ მათთან კონსულტაცია გაიაროთ – სავალუტო ფონდი მაქვს მხედველობაში,“ – დააზუსტა არმაზ ახვლედიანმა.

„მოქალაქემ 300-ლარიანი ნივთი რომ გამოიწეროს, 18 % უნდა გადაუხადოს ბიუჯეტს, ადამიანებს კი, რომლებსაც ოფშორში აქვთ ფული, შეუძლიათ მთლიანად ეს აქტივი შემოიტანონ და საგადასახადო სისტემას გვერდი აუარონ. სად არის აქ თანასწორობა?“ – იკითხა იაგო ხვიჩიამ.

„ამ კანონს იღებთ ბიძინასთვის“, – მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სალომე სამადაშვილმა. – „უამრავი ფული აქვს გადამალული ოფშორში, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე ოლიგარქია მსოფლიოში…

გვესაუბრებით, რომ ივანიშვილი ყველაზე დიდი ქველმოქმედია… ახლა იღებთ კანონს, რომ ქართველი ხალხი გაძარცვოს მორიგ ჯერზე?“ – იკითხა სალომე სამადაშვილმა.

„თქვენი ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში,“ – აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ, მანაც კვიპროსის შემთხვევა ახსენა, თუმცა იმის საილუსტრაციოდ, რომ სისტემური საგადასახადო ცვლილებები განხორციელდა, ამ ქვეყნის ევროკავშირში მიღება რომ გამხდარიყო შესაძლებელი.

უპასუხოდ დარჩა ოპოზიციონერი თეონა აქუბარდიას ეს შეკითხვაც: „ამ კუთხით ევროპული პრაქტიკა როგორია? ვინ დაგიკვეთათ ამ კანონის მიღება, რუსული ინტერესები როგორ იკვეთება, ხომ გინდათ გამჭვირვალობა? ხალხს უპასუხეთ, რატომ დააკლდება ფული, ვისი ინტერესია ეს?“ – იკითხა თეონა აქუბარდიამ.

„თქვენ კენჭი უყარეთ კანონს, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოტანას საქართველოში და დიდი ალბათობით ღიად დაუტოვებს კარს რუსულ ფულს, რომლის წარმოშობაც ჩვენ არ ვიცით. რუსული კანონი დასავლური ფულის შემოსვლას ზღუდავს და შავი ფულის შემოსვლას უწყობს ხელს. დიდი ალბათობით ეს სჭირდება ივანიშვილს, თავი დააღწიოს მოსალოდნელ სანქციებს,“ – აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა, ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„არავითარი პრობლემა არ იქნება, ყველა ქვეყანა იღებს თავისთვის საჭირო გადაწყვეტილებას, ზოგი ამნისტიას იღებს, არავითარი კავშირი ამას ევროკავშირთან არ აქვს,“ – აღნიშნა ოპოზიციის საპასუხოდ პაატა კვიჟინაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

საინტერესოა ისიც, რომ „ქართულმა ოცნება“ ეს კანონპროექტში ერთიან პაკეტში წარმოადგინა, სადაც გათვალისწინებულია ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა:

„გამოვა ისე, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ გაჭირვებული მოსახლეობისთვის ამნისტიას, მოსახლეობას თუ რამე შეღავათი ექნება, ეს კარგია, მაგრამ ის რომ ოფშორიდან გადმოვიდეს ყოვლად გაუმჭვირვალე თანხები საქართველოში და საქართველომ ამით არაფერი დადებითი არ მიიღოს, რა თქმა უნდა, ამას ოპოზიცია მხარს ვერ დაუჭერს,“ – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

„ეს არის დისკრიმინაციული კანონი, რომელიც აზიანებს ლეგალურ, პატიოსან ბიზნესს,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე. მან ასევე სცადა აეხსნა, რატომ ეჩქარებოდა ამ კანონპროექტის მიღება „ქართულ ოცნებას“- „ რა გეჩქარებათ? თქვენ ის გეჩქარებათ, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ,  ივანიშვილის თავისუფალ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება.

დემოკრატიის ძალა და მსახვრალი ხელი მისწვდა ყველგან სანქციების სახით და მათ შორის ოფშორებს. უნდა ახლა, რომ თავისი აქტივები გადმოიტანოს ყველა. უნდა, რომ გადმოიტანოს ყველაფერი აქ „ქართუს ბანკის,“ ან „ელიტა ბურჯის“ ბალანზე დაარეგისტრიროს, გადასახადები არ გადაიხადოს, შექმნას საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ. ის არის სანქციების მოლოდინში, მათ შორის „აგენტების კანონიდან“ გამომდინარე. თქვენც დაელოდეთ სანქციებს, ასე მარტივად ვერ გადარჩებით,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

პაატა კვიჟინაძემ ამჯერად ახსენა ბიძინა ივანიშვილი.

„რაც შეეხება ბატონ ბიძინას, მინდა ვთქვა, საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ჯერ ერთი,  რომ გადმოიტანოს, რა? თქვენ არ იძახით გაუმჭვირვალე არის და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება, რა არის ამაში ცუდი. მით უმეტეს, გეუბნებით, რომ აქ არის 3 ათასამდე კომპანია. ვერიდები ხოლმე ბატონ ბიძინაზე საერთოდ საუბარს. თუ საქართველოში რამე კარგი გაკეთდა, სახელმწიფოს გარდა, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული არ არის ყველაფერი?“ – იკითხა პაატა კვიჟინაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: