მთავარი,სიახლეები

როგორც ჩანს, ივანიშვილსაც არ აქვს არჩევანი – ხათუნა სამნიძე რუსულ კანონზე

11.04.2024 • 4277
როგორც ჩანს, ივანიშვილსაც არ აქვს არჩევანი – ხათუნა სამნიძე რუსულ კანონზე

„ფაქტია, რომ ივანიშვილი ფსონს დებს რუსეთზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე. ის ხაზს უსვამს, რომ მთელი სახელისუფლებო რესურსის მობილიზების მიუხედავად, რუსულ კანონს პარლამენტი ვერ მიიღებს.

„გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდებების და პარტიული აქტიურობის გარეშე თავად რეაგირებს, როცა მის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება,“ – ამბობს ხათუნა სამნიძე. ის გასული წლის გაზაფხულზე განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა რუსული კანონის წინააღმდეგ.

„ბათუმელებმა“ ხათუნა სამნიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ხათუნა, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში რუსული კანონი დააბრუნა? 

რა თქმა უნდა გამახსენდა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, ჩვენი მმართველობის პერიოდში მსგავსი კანონი არ იქნება წარმოდგენილიო. თუმცა არ გამკვირვებია – არ მახსენდება მათი დაპირება, რომელიც შესრულდა.

გამიკვირდა ის, რომ ეს კანონი ისევ შემოატრიალეს. წესით უნდა იცოდნენ, რომ ამას ძალიან მწვავე რეაგირება მოჰყვება. ეს არის ერთადერთი საკითხი, რაზეც მყისიერად რეაგირებს საზოგადოება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ სჭირდება არანაირი ორგანიზება და პარტიული მოწოდებები იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ევროპული მომავალი.

  • წელსაც იმედიანად ხართ? მუშაობს სახელისუფლებო მანქანა პარტიული დავალების შესრულებაზე, საჯარო მოხელეებს აიძულებენ, დადონ ევროპული იდეის საწინააღმდეგო პოსტები, მუშაობს დეზინფორმაციული კამპანია… 

ამის მიუხედავად, მე ისევ იმედიანად ვარ, რადგან არასდროს მჯეროდა და ახლაც არ მჯერა, რომ შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის მთლიანად რუსეთისკენ შებრუნება.

შარშანდელისგან განსხვავებით ხელისუფლება მომზადებულია. ეს ჩანს მათ ნაბიჯში, მესიჯბოქსში, ქმედებებში, მათ აქვთ გაწერილი კამპანია. ამიტომაც, შარშანდელისგან განსხვავებით განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ: რა არის მათი სტრატეგია, რა გეგმით მოქმედებენ.

ისინი საჯარო მოხელეების რესურსსაც იყენებენ, ადამიანებს თრგუნავენ, მათ შორის, მათი ახლობლების და ნათესავების ჩართვით.

ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკები ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას. მათ სხვა არჩევანი არ გააჩნიათ: გინდა იყო ხელისუფლებაში, უნდა მიჰყვე ამ ბრძანებას. ივანიშვილის მთავარი მოტივი არის რუსეთი, იქიდან წამოსული შიში, თუ დავალების შესრულება, ეს ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რუსეთის გავლენა.

  • ნებისმიერ პოლიტიკურ ფასად შეიძლება აწყობდეს ივანიშვილს რუსული კანონის მიღება?  

ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება და რუსეთისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ის წავიდა ამ გადაწყვეტილებაზე. მასაც არ აქვს არჩევანი, როგორც ჩანს.

როცა მესამე ვადით ხარ ხელისუფლებაში, განსაკუთრებულად გერთვება ყოვლისშემძლეობის განცდა. ეს გვინახავს არაერთხელ. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს შეძლებენ.

ჩემი აზრით, შარშანდელთან შედარებით წელს საზოგადოება უფრო მობილიზებულია. ისინი ხედავენ, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს ევროპულ არჩევანს. მათ დაინახეს ხელისუფლების ეს თამაშები.

მე ამის იმედია მაქვს: ხელისუფლება შეიძლება უფრო მომზადებული იყოს, მაგრამ საზოგადოება წელს უფრო ფხიზელია, ვიდრე შარშან. ეს ჩანს მკაფიოდ ბოლო რეაქციით, მათ შორის, საპროტესტო აქციით, რაც თბილისში გაიმართა. გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდებების და პარტიული აქტიურობის გარეშე თავად რეაგირებს, როცა მის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება.

დროთა განმავლობაში სულ უფრო ფორმაშია საზოგადოება, ფხიზლადაა, რადგან იცის, რომ ხელისუფლებაში ჰყავს საეჭვო ძალა. ეს უკვე იცის საზოგადოების უმრავლესობამაც, რომ რაღაცაშია საქმე.

ხელისუფლების გზავნილები, რომ გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული ეს კანონი და სათაური შეუცვალეს, ვერ იქნება დამაჯერებელი, როცა შინაარსი იგივეა და როცა ამ შინაარსის კანონი მიიღეს რუსეთში. ეს ფაქტებით ცნობილია.

ჩვენ კი არ ვიგონებთ და ვვარაუდობთ, ფაქტებია, რაც აჩვენებს, რა მოჰყვება ამ შინაარსის კანონების მიღებას. ის, რომ პირდაპირ მიმართულია ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე, ეს ღიად ჩანს ტექსტში. ამას არც „ქართული ოცნება“ უარყოფს.

ხელისუფლება ცდილობს ემოციებზე ითამაშოს, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამოკიდებულია ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერაზე. ამას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ვერცერთი ხელისუფლება ამ ქვეყანაში.

  • აღნიშნეთ, ივანიშვილს სხვა არჩევანი არ ჰქონდაო. რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თქვენი ვერსიით? 

ფაქტია, რომ ივანიშვილი ფსონს დებს რუსეთზე. ის ავალებს ხელისუფლებას, რომ ახლა ერთი ნაბიჯი ისევ უნდა გადაიდგას რუსეთის მხარეს.

ისინი ხშირად აპელირებენ წინასაარჩევნოდ არეულობაზე, მათ სურთ დაპირისპირება საზოგადოებაში, ხმაური, სადაც ვერ მოხერხდება გზავნილებით მკაფიოდ მიტანა ამომრჩევლამდე. შესაძლოა, დღეს ოპოზიცია არ იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რომ ხმები არ ჰყოფნის დამაჯერებელი გამარჯვებისთვის, ეს ასევე ჩანს. მათ ერთ-ერთი მიზანი აქვთ, რომ არ იყოს სიმშვიდე წინასაარჩევნოდ.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაინახა, რომ ოპოზიცია ორიენტირებულია საქმიან დისკუსიაზე – ოპოზიცია ემზადება კონკრეტული გზავნილებისთვის. მათ ამაში დაინახეს საფრთხე და ფიქრობენ, რომ  პროვოკაციაზე წამოაგებენ საზოგადოებას. ამის იმედი აქვთ.

მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიტყვი, რომ პარლამენტში უნდა იყოს სერიოზული ბრძოლა ამ კანონის წინააღმდეგ უფრო მობილიზებულად, კარგად გათვლილი ყველა ნაბიჯით და გზავნილით. ჩვენ უნდა გვიმაგრებდეს ზურგს საზოგადოება, როგორც ეს მოხდა შარშან. ახლა კოორდინირება ყველა ჯგუფს შორის მაქსიმალურად საჭიროა.

როგორც კი შევძლებ, ბოლომდე მივიყვანო ქიმიოთერაპიის კურსი და ფიზიკურად ჩავერთო ამ პროცესში, რა თქმა უნდა, დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმიანობას. მინდა, აქვე სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ონკოპაციენტს – დავინახე ის ბარიერები და სირთულეები, რაც არსებობს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში.

წინასაარჩევნოდ ნამდვილად ვიქნები ფორმაში.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

____

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: