მთავარი,სიახლეები

ადიგენში მუსლიმების დევნის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს

12.03.2024 • 2808
ადიგენში მუსლიმების დევნის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების დევნის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და 8 მარტს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს წარმოადგენს.

ორგანიზაცია შემდეგი შინაარსის მიმართვის ტექსტს ავრცელებს:

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი 2024 წლის 8 მარტს გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეო მასალა, რომელიც აჩვენებს დაბა ადიგენში რელიგიური მიზნით მოქმედი შენობის მესაკუთრის, იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის მიმართ ძალადობრივი მუქარის და სიძულვილის ენის გამოყენების, ასევე რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.

კერძოდ, 8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი (200-მდე ადამიანი) დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობასთან შეიკრიბა და იქ მყოფ მუსლიმებს სახლის დატოვება მოსთხოვა. ამ დროს იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ლოცვას აღავლენდნენ.

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ზარზმის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე, პოლიციის კორდონის მიუხედავად, ცდილობდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში შეჭრას და ძალადობით ემუქრებოდა მას.

ვიდეოში ისმის ნიკოლოზ გეწაძის ხმა და იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს მერაბ მიქელაძეს: „გაგიხევ სახეს შე [გინება]”, “დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ.“

მღვდელი ასევე უთითებდა: „ეს სახლი შენი ვერასდროს ვერ იქნება“ და შემდეგ მისი თანმხლებლები პირები იმეორებდნენ: „ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის“, „ქრისტიანების იქნება“.

აღსანიშნავია, რომ წინა პარასკევს, პირველ მარტს ასევე ჰქონდა ადგილი მსგავს ეპიზოდს, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, მათ შორის ნიკოლოზ გეწაძემ, მუსლიმებს ამ შენობის დატოვება მოსთხოვეს.

მუსლიმი თემის შევიწროების მსგავსი ეპიზოდი მოხდა 2023 წლის ივლისის თვეშიც.

მაშინაც ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მერაბ (იუსუფ) მიქელაძის შენობასთან მივიდნენ და მუქარით მუსლიმი ლიდერებისგან რელიგიური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს. ადგილზე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც, რომელიც პოლიციამ განმუხტა.

მომხდარის შემდეგ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც კონფლიქტისა და დაპირისპირების თავის აცილების მიზნით, დათმობაზე წასვლა მოუწიათ. კერძოდ, ისინი დათანხმდნენ, რომ დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში დროებით გააგრძელებდნენ ლოცვას ვიდრე, მოშორებით მდებარე სოფელ იჯარეთში ადგილობრივი თვითმმართველობა არ შეუძენდა ახალ ფართობს რელიგიური საქმიანობისთვის.

თუმცა, ამ დრომდე თვითმმართველობას არ გადაუცია მუსლიმებისთვის ალტერნატიული შენობა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მუქარის, დევნისა და რელიგიური საქმიანობისთვის ხელშეშლის არც ერთ ეპიზოდს სამართალდამცავი ორგანოების სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

მუქარისა და შევიწროების განგრძობადობა, ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის აშკარა მოტივი აჩვენებს, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების, მათ შორის, ნიკოლოზ გეწაძის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი აქვს დევნას რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით.

აღნიშნული დანაშაულის გამოძიება კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მანდატში ექცევა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა.

წინა წლებში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დაუსჯელობის კლიმატს ქმნის და ძალადობის განმეორების რეალურ წინაპირობებს აჩენს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს მძიმე გავლენა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებზე, არამედ მთელს თემზე, რომელსაც უფლების დარღვევის მსხვერპლი მიეკუთვნება.

მას ასევე მძიმე გავლენა აქვს სოციალურ მშვიდობაზე და განსხვავებული ჯგუფების დემოკრატიული თანაარსებობის პრინციპზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავსი დანაშაულების გამოუძიებლობა უმცირესობებში აღრმავებს დაუცველობის განცდას და მკვეთრად ამცირებს ნდობას სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ…

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს მოჰყვეს დროული და სათანადო რეაგირება და ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დაცვისთვის სახელმწიფომ რეალური სამართლებრივი გარანტიები შექმნას“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

აღნიშნული ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად დაიწყოს გამოძიება და „საქმეზე ეფექტიანი რეაგირებისთვის ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის, დევნაში ჩართული სასულიერო პირების დროული გამოკითხვა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: