მთავარი,სიახლეები

როცა მოსამართლე მხოლოდ პოლიციელის ჩვენებით გიშვებს ციხეში – ჩხრეკა ვიდეოგადაღების გარეშე

18.01.2024 •
როცა მოსამართლე მხოლოდ პოლიციელის ჩვენებით გიშვებს ციხეში – ჩხრეკა ვიდეოგადაღების გარეშე

მხოლოდ პოლიციელების ჩვენება არ შეიძლება იყოს ნეიტრალური მტკიცებულება – ეს გადაწყვეტილება „გიორგი ქებურიას საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბერს მიიღო. შეიცვალა კანონიც, თუმცა რას აკეთებს, მაგალითად, მოსამართლე, როცა მასთან პროკურორი ზოგიერთ საქმეზე ბრალის დასადასტურებლად მხოლოდ პოლიციელებს წარმოადგენს?

ადვოკატების და უფლებადამცველების თქმით, პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგაც კი, არსებითად არაფერი შეცვლილა. მაგალითად, ყოფილი მოსამართლე და ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ საჩვენებლად რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი მიიღეს საქმეზე, სადაც ნეიტრალური მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო.

საიას ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი კი, პარალელს საპროტესტო აქციების დროს დაკავებებზე აკეთებს: „არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – ამბობენ სასამართლო სხდომებზე სამართალდამცველები იმის ასახსნელად, თუ რატომ არ ჩართეს სამხრე კამერები. იურისტის დაკვირვებით, პარლამენტმა და სასამართლომაც სამართალდამცველებს დაუტოვა სივრცე თვითნებობისთვის.

რადგან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებები ელექტრონულ პლატფორმაზე აღარ ქვეყნდება და რესურსების სიმცირის მოტივით, სასამართლოები მათ მოწოდებაზე უარს გვეუბნებიან, „ბათუმელები“ მხოლოდ უზენაეს სასამართლომდე მისულ რამდენიმე საქმეს გაეცნო, სადაც საჩივრის ავტორებმა „გიორგი ქებურიას საქმე“ მიუთითეს – საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება და გამართლება ითხოვეს.

  • „არ ჩავთვალე საჭიროდ“ – პოლიციის „არგუმენტი“ თუ რატომ არ იღებენ ჩხრეკის ვიდეოს

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, სადაც „ნეიტრალური მტკიცებულების“ პრობლემა გამოჩნდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადვოკატმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას „გიორგი ქებურიას საქმე“ შეახსენა, „გალიფ ოზთურქის საქმეა“. ოზთურქის ჩხრეკა რომ გამომძიებლებს არ გადაუღიათ და არ უცდიათ ნეიტრალური მტკიცებულების მოძიება, ამას პროკურორმაც ვერ აუარა გვერდი.

„პირადი ჩხრეკა რატომ არ გადავიღეთ?“ – გამომძიებელს მიმართა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლევან მურვანიძემაც, რადგან ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს და კანონიც შეიცვალა.

არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – თქვა უფროსმა გამომძიებელმა, არჩილ სურმანიძემ უხერხული პაუზის შემდეგ, მოსამართლეს გახედა და ისე დაამატა: „მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მისი აპარტამენტებიდან გამოძიებამ 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღო. გალიფ ოზთურქის პირადი ჩხრეკა ასევე ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის შემთხვევის ადგილზე მისვლამდე ჩატარდა.

გალიფ ოზთურქი

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ამ საქმეზე გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მსჯავრდებული ა.კ. კი, რომელიც ბათუმში ასევე ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს, უზენაეს სასამართლოსთვის გაგზავნილ სარჩელში მოსამართლეებს „გიორგი ქებურიას საქმეზე“ მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მისი ჩხრეკის დროსაც პოლიციელებს „ნეიტრალური მტკიცებულება“ არ მოუპოვებიათ.

ეს 2021 წლის 26 აგვისტოს მომხდარი ამბავია: განაჩენის მიხედვით, სარფის საბაჟოს გავლით ა.კ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება „თებაინი“ [0,02 გრამი] და „ჰეროინი“ [16,84 გრამი] შ.ო.-სთან ერთად შემოიტანა. ნარკოტიკები ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს შ.-ს ნივთებიდან ამოიღეს.

„აღსანიშნავია, რომ შ. ო.–სა და ა. კ–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობით და მას გარეშე პირი არ ესწრებოდა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონის დარღვევით, რის გამოც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მსჯავრდებული ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ა.-ს ბრალი დასდეს იმ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში, რომელიც კონკრეტულად მისგან არ ამოუღიათ და ამოიღეს შ.-ს პირადი ჩხრეკისას. მსჯავრდებულის მტკიცებით, ქალმა მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა.

„მოწმე შ.–მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ა. კ–ე არის მისი ნათესავი, რომელიც 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტ ხანს ცხოვრობდა მის საცხოვრებელ სახლში და წვდომა ჰქონდა სახლში არსებულ ნივთებთან, სარგებლობდა ტანსაცმლის კარადით, აბაზანით და სამზარეულოთი. ექსპერტმა კი განმარტა, რომ ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილი სხვა პირის ტანსაცმელზე, ნივთზე, ტანზე შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი კონტაქტის გზით და შესაძლებელია, შენარჩუნდეს თვეების განმავლობაში.

კასატორის პოზიციით, შესაძლებელია, მათი თანაცხოვრების დროს სწორედ ამ გზით გადავიდა ა. კ–სის გენეტიკური პროფილი შ.–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ აზღუდზე და ამ აზღუდიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე…“ – აღნიშნულია განჩინებაში, რადგან პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერება პირადი ჩხრეკის დროს ქალის ბიუსტჰალტერში იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ შ.-ს პირადი ჩხრეკა პოლიციელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს, ა.-ს ჩხრეკა – არა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

„საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვინაიდან ა.-ს შემხებლობა ჰქონდა შ.-ს ნივთებთან, ასევე სარგებლობდნენ საერთო აბაზანითა და სარეცხის მანქანით, შესაძლებელი იყო მისი გენეტიკური პროფილი გადასულიყო მოწმის ბიუსტჰალტერზე,“ – აღნიშნავს უზენაესი სასამართლო და აქცენტს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც  „ა. კ–ს შემხებლობა ჰქონდა როგორც მოწმე შ. ო–ს ბიუსტჰალტერთან, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალასთან, რისი გათვალისწინებითაც კასატორის პოზიცია მოკლებულია დამაჯერებლობას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ შ. ო–მ გამოძიებას ა. კ–ს საწინააღმდეგო ჩვენება მისცა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნითა და საპროცესო შეთანხმების დადების სანაცვლოდ.

გასათვალისწინებელია, რომ შ.-მ. კ–ს საწინააღმდეგო ჩვენება მისცა დაკავების მომენტშივე, ასევე საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ა. კ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. მოწმის დაკითხვისას დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა მოწმისათვის დაესვა შეკითხვები. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ შ.-სა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მოწმის ჩვენებას არ უკარგავს სანდოობას.

დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. კ.–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატის საკასაციო საჩივარი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

კიდევ ერთ მსჯავრდებულს, დათო ს.-ს, სასამართლომ 2022 წელს 9 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივარიც დაუშვებლად ცნო.

„…მოცემულ შემთხვევაში დეტექტივ დ. თ–ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ირკვევა, რომ დათო გადაადგილდებოდა გლდანში, პატარა ტბის მიმდებარედ, რა დროსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამის შემდეგ, მოწმეები – ჯ. ნ., გ. ა. და ი. ბ. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ჩაატარეს დათოს პირადი ჩხრეკა, რომლის ჯიბიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროს  დ. ს–ი იმყოფებოდა მეგობარ ა. ბ–სთან ერთად, რომელიც  სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ა. ბ.-მ იცოდა, პირადი ჩხრეკის უკანონოდ ჩატარების შესახებ და ბრალდების მხარეს არ აწყობდა ნეიტრალური მოწმის სასამართლოში მოყვანა. მართალია, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა არის არასწორი,“ – მიუწერია დათოს მოსამართლეებისთვის.

მსჯავრდებული ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ პროკურატურამ არც დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები არ დანიშნა, რომლითაც დადგინდებოდა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დათოს შემხებლობა.

  • ყოფილი მოსამართლე: „აგერ თარჯიმანი ხომ ესწრებოდა, ესაა ნეიტრალური მტკიცებულებაო, ეს გამოსავალი ნახეს მოსამართლეებმა“ 

„ამას რომ დაგიწერს მოსამართლე, თარჯიმანი ესწრებოდა და ისაა ნეიტრალურიო, რაღა უნდა ვთქვათ?“ – ყოფილი მოსამართლე და მოქმედი ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არაფერი შეუცვლია.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე რამდენიმე ადვოკატს ესაუბრა. ადვოკატების თქმით, გამამართლებელი განაჩენებიც გამოუტანიათ მოსამართლეებს, ზოგ საქმეში კი, სადაც აშკარად ჩანს ნეიტრალური მტკიცებულების პრობლემა, საქმე საპროცესო შეთანხმებამდე [როცა ბრალდებული აღიარებს პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და სასამართლო განხილვა წყდება] მიდის.

ადვოკატ ირაკლი შავაძეს კი, სამი საქმე ახსენდება მას აქეთ მიღებული, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ნეიტრალურ მტკიცებულებებზე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოსამართლეებმა ამ მტკიცებულებების გარეშე მაინც გამამტყუნებელი განაჩენი მიიღეს.

ირაკლი შავაძე

„ერთ შემთხვევაში მოსამართლემ დაგვიწერა, რომ პროცედურას ესწრებოდა თარჯიმანი, სხვა საქმეებში კი, მიგვითითეს ექსპერტებზე. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებზე, რომლებსაც შსს უხდის ხელფასს. ეს რა ნეიტრალური მტკიცებულება?

არანაირი გამამართლებელი არ დგება ასეთ შემთხვევებში, შეიძლება, მოჩვენებითად რამდენიმე გაამართლონ. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეებში პოლიციელებმა თქვეს, რომ არათუ შეეძლოთ ვიდეოს გადაღება, ჰქონდათ ყველაფერი, დროც ჰქონდათ, მაგრამ არ ჩავთვალეთ საჭიროდო.

ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებენ მოსამართლეები, რომლებიც კონსტიტუციასაც არღვევენ. მოსამართლეები იღებენ უკანონო გადაწყვეტილებას და ამკვიდრებენ ამ პრაქტიკას: პოლიციელი არც კი ცდილობს, ვიდეო წარმოუდგინოს სასამართლოს, იცის, რომ პრობლემა არ აქვს. საერთო სასამართლოებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აფასებენ არაფრად,“ – მიიჩნევს ირაკლი შავაძე.

მას რამდენიმე სასამართლო პროცესზე ის შთაბეჭდილებაც შეჰქმნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე არც გასცნობია. ერთ-ერთ სხდომაზე ადვოკატს მოსამართლისთვის საკონსტიტუციოს პრეცედენტული გადაწყვეტილებაც მიუტანია.

რატომ აწყობს მოსამართლეს ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის მიღება?

„ერიდებიან პროკურატურას, მოსამართლე ასევე უფრთხილდება საკუთარ სავარძელს… მოსამართლის შერჩევის წესი უნდა იყოს მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ჩვენთან პირიქითაა, იმას ამოწმებენ, რამდენად შეიძლება მოსამართლე მზად იყოს, დაარღვიოს კანონი და კონსტიტუციაც, რამდენად კარგი კომპრომატები არსებობს მოსამართლის მიმართ?

ასე თუ არაა, აბა, რა თარჯიმანი? თარჯიმანმა მოსამართლეს მხოლოდ ის უნდა დაუდასტუროს, რომ მან შეასრულა თარგმანი ნამდვილად, რომ ზუსტია, რაც თარგმნა, იყო თუ არა ნამდვილად ჩართული ამ პროცედურაში, თორემ ფაქტობრივ გარემოებაზე მოსამართლემ არც უნდა დააკითხიოს თარჯიმანი. თარჯიმანმა არ შეიძლება ფაქტები დაადასტუროს, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს დაედება საფუძვლად. თარჯიმანმა სწორად უნდა თარგმნოს, ის დაინტერესებული არ უნდა იყოს…

მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელებაში არიან ჩართულები, შორს არიან მართლმსაჯულებისგან. საკონსტიტუციო სასამართლო იმას ხომ არ ჩაწერდა, რომ თარჯიმანი არ შეიძლება განიხილოთ ნეიტრალურ მოწმედ,“ – კატეგორიულია ყოფილი მოსამართლე.

  • რა არის „ნეიტრალური მტკიცებულება?“  

„გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება, თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში „გიორგი ქებურიას საქმე“.

ამ საქმეში ნახავთ, კიდევ რა შეიძლება მივიჩნიოთ „ნეიტრალურ მტკიცებულებად“. აქ ვერ ნახავთ ჩანაწერს, რომ მაგალითად, თარჯიმანი, ან შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტია „ნეიტრალური მტკიცებულება“. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცვალა, კანონმდებლებს შეეძლოთ, დეტალურად გაეწერათ, რა შეიძლება მივიჩნიოთ ნეიტრალურ მტკიცებულებად. პარლამენტარებს კონკრეტიკისკენ მაშინ, 2021 წელს, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ.

საკონსტიტუციო სასამართლო

რა თქვა კონკრეტულად „გიორგი ქებურიას საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლომ?

სამართლებრივი ნორმა, რომელიც ჩხრეკის ჩატარების მიზანს და საფუძველს ადგენს, მოქალაქე გიორგი ქებურიამ გაასაჩივრა. 2020 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. გასაჩივრებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ადგენდნენ ჩხრეკის ჩატარების მიზანსა და საფუძველს, ასევე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების იმგვარი სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, სამართალდამცავებს აღჭურავს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველყოფისათვის ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობით, მეორე მხრივ კი, შეამცირებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს.

ზოგადად, განუზომლად დიდია პოლიციელის მიერ განხორციელებული ქმედებისადმი ნდობის არსებობის მნიშვნელობა მართლმსაჯულების ეფექტურად აღსრულებისათვის. ამავე დროს, ვერც ერთი სახელმწიფო ორგანო, სასამართლოც კი, ვერ მოახერხებს ნდობის მოპოვებას საქმიანობის სათანადოდ განხორციელების გარეშე. როდესაც ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის მტკიცებულებად გამოყენების საკითხი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზეა დამოკიდებული, მათი სანდოობისათვის არსებითი იქნება ის, თუ რამ გამოიწვია ასეთი მოცემულობის შექმნა.

საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველეყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ამის აშკარა მაგალითია, როდესაც საქმის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის ან მისი მფლობელობის ჩხრეკის პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა არსებობდა და პოლიციელებმა ეს არ უზრუნველყვეს. მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია.

მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც, პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა. ოპერატიული ინფორმაციის მიღება ყოველთვის არ მოითხოვს გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას და უფლებამოსილ პირს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული დრო და შესაძლებლობაც, რომ ჩხრეკამდე მოემზადოს, აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და სადაც მოხერხდება, ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველყოს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„გიორგი ქებურიას საქმეც“ ეხებოდა კონფიდენტისგან ინფორმაციის მიღებას.

„კანონის სისტემური და გრამატიკული განმარტების საფუძველზე, გამორიცხული უნდა იყოს მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩხრეკის ჩატარება, ვინაიდან დასაბუთებული ვარაუდი მოითხოვს მინიმუმ კიდევ ერთ ინფორმაციას ან ფაქტს იმისათვის, რომ უფლებამოსილ პირს ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის ეჭვის საფუძველი. ამგვარად, ჩხრეკის კანონიერად ჩატარება მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გამორიცხული უნდა იყოს,“ – აღნიშნულია „გიორგი ქებურიას საქმეში“.

  • „საპროტესტო აქციებზე დაკავების დროსაც არ აქვთ პოლიციელებს ჩართული სამხრე კამერები“ – საია-ს ანალიტიკოსი 

„არ გაირთულა საქმე სახელმწიფომ და სივრცე თვითნებობისთვის ისევ დაუტოვა სამართალდამცავ ორგანოებს,“ – დაკვირვებას გვიზიარებს საიას ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი. პირველ რიგში, უფლებადამცველი პარალელს ადმინისტრაციულ საქმეებთან ავლებს, მაგალითად, მარტის საპროტესტო აქციებზე, როცა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ შემთხვევებშიც პოლიციელებს სამხრე კამერები არ ჩაურთიათ.

თუ ნეიტრალურ მტკიცებულებებზე სისხლის სამართლის საქმეებში სტანდარტი შეიცვლებოდა, ეს აისახებოდა ადმინისტრაციულ დაკავებებზეც, რაც ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად არახელსაყრელია, თუ ის ისევ აპირებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯას? – იურისტი გვპასუხობს, რომ ეს ეჭვი ლოგიკურია.

„არ გამოვრიცხავ, მოტივი ესეც ყოფილიყო. თუ დაუწესდებოდა მეტი სტანდარტი სამართალდამცველებს, მეტი ხარვეზი გამოვლინდებოდა, რაც ხელისუფლებას არ აწყობს,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მასობრივი საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებს განსაკუთრებით ექნებოდათ ვინმეს დაკავების მოლოდინი. ამის მიუხედავად, მათ კამერები არ ჩართეს.

თამარ ბოჭორიშვილი

საიას ანალიტიკოსი შენიშნავს, რომ ცალკეული მოსამართლეები გაბედულები არიან.

„მაგალითად, ჩვენი 2023 წლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა ერთი გამამართლებელი განაჩენი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში იყო ჰეროინი და ბრალდებულს ელოდა უვადოდ თავისუფლების აღკვეთაც კი. ამ დროს მოსამართლემ მიიღო გამამართლებელი განაჩენი, რადგან მიიჩნია, რომ ნეიტრალური მტკიცებულება საქმეში არ იყო და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები ვერ იქნებოდა მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენისთვის.

ჩვენ რამდენიმე საქმე გვქონდა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, სადაც დადასტურდა ჩხრეკის კანონიერების პრობლემა. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულს ვიღაც გადაეკიდა და ბოლო შემთხვევაშიც, მოსამართლე რომ არ ყოფილიყო გულისხმიერი, შეიძლება, უვადო თავისუფლების აღკვეთის რისკის ქვეშაც ყოფილიყო ადამიანი,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი.

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მოსამართლეს, როცა მას გამომძიებელი ვიდეოს გადაღებაზე პასუხობს: არ ჩავთვალე საჭიროდ?

„ასეთი პასუხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს მოსამართლის შინაგანი რწმენისთვის. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, რის გამოც მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი მიიღოს. თავისთავად, ჩანაწერის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ პირის ბრალეულობა არ დასტურდება, მაგრამ მოწმეთა ჩვენებზე ხშირად ბევრად უფრო მყარი მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სამართალდამცველმა ჩანაწერი უნდა გააკეთოს.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ჩანაწერი იყოს სრული, რელევანტური. შესაძლოა, ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ვერ ასახავდეს მნიშვნელოვან ფაქტებს, ჩანაწერის რელევანტურობასაც სასამართლო აფასებს,“ – გვითხრა თამარ ბოჭორიშვილმა.

„კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება არ არის ბოლომდე განმსჭვალული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული სულისკვეთებით და იგი უმეტესწილად ტექნიკურად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნული იყო საიას მიერ 2021 წელს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ორგანიზაცია პარლამენტის წევრებს კანონპროექტის შეცვლისკენ მოუწოდებდა:

შემოთავაზებული კანონპროექტით არ არის დაკონკრეტებული, რა შეიძლება მიჩნეული იყოს „სხვა მტკიცებულებებად“, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მკაფიოდ უთითებს ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობაზე და ამასთანავე საუბრობს, თუ რა შეიძლება იყოს ამგვარი მტკიცებულება – ერთის მხრივ ნეიტრალური მოწმის დასწრება, მეორეს მხრივ ვიდეოგადაღება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მარტივად შესასრულებელია.

კანონპროექტით განსაზღვრული ჩანაწერი, რომელშიც საუბარია წესისგან საგამონაკლისო შემთხვევაზე – „აღნიშნული წესი არ გამოიყენება, როცა სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია“, არის ზოგადი და ტოვებს ჩანაწერის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მით უფრო, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩხრეკა/ამოღება ტარდება საგამონაკლისო წესით, რაც გულისხმობს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩხრეკა/ამოღების ჩატარებას. ამასთანავე სუსტია ასეთი შუამდგომლობებისას სასამართლო კონტროლი,“ – წერდა საია.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: