მთავარი,სიახლეები

რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა გამომძიებელი, რომელმაც გალიფ ოზთურქი გაჩხრიკა

23.12.2022 • 18672
რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა გამომძიებელი, რომელმაც გალიფ ოზთურქი გაჩხრიკა

დღეს, 23 დეკემბერს, სასამართლოს ჩვენება უფროსმა გამომძიებელმა არჩილ სურმანიძემ მისცა. ის ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკის პროცესს ხელმძღვანელობდა, ასევე გალიფ ოზთურქის პირად ჩხრეკას.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მას ჯიბეში ჰქონდა 2400 ლარი, რაც თავად წარმოგვიდგინა, ასევე გვაჩვენა თანხა რკინის სეიფში“, – უფროსმა გამომძიებელმა  დეტალურად აღწერა, რა იპოვა ოზთურქის და მისი აპარტამენტის ჩხრეკის დროს, თუმცა აღარ დაუკონკრეტებია: რამდენი თანხა დახვდათ გამომძიებლებს მილიონერი ოზთურქის რკინის სეიფში.

„იქ შიდა კიბე იყო, გავემართეთ მეორე სართულზე… ოზთურქმა თანხმობა განაცხადა, მისი დასწრების გარეშე გაგვეგრძელებინა ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით“, – განაგრძო მოწმემ. მისი თქმით, ჩხრეკის დროს „ფხვნილისებრი ნივთიერება“ აბაზანაში იპოვეს.

„რკინის პატარა შეფუთვაში იყო“, – დასძინა გამომძიებელმა და შემდეგ ექსპერტიზის დასკვნაზეც მიუთითა. – „ეს იყო კოკაინის მარილი“, – დაამატა მან.

ვიდრე ადვოკატი კითხვებს დასვამდა, პროკურორმა არჩია ის საკითხები თავად გაერკვია, რაზეც დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას:

„პირადი ჩხრეკა რატომ არ გადავიღეთ?“ – გამომძიებელს მიმართა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – თქვა უფროსმა გამომძიებელმა უხერხული პაუზის შემდეგ, მოსამართლეს გახედა და ისე დაამატა: „მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“.

რატომ ჩატარდა ჩხრეკა აპარტამენტში, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით ოზთურქის საკუთრება არ არის? – ამ საკითხსაც შეეხო პროკურორი. ოზთურქის ადვოკატების მტკიცებით, ჩხრეკა უკანონო იყო და უკანონობა, პირველ რიგში, ამ ნაწილს ეხება: ბინის მესაკუთრე, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ჩხრეკას არ დასწრებია.

„თავად გალიფ ოზთურქი იძახდა, რომ ბინა ჩემია, შეგიძლიათ გაჩხრიკოთო“, – აღნიშნა მოწმემ და აღწერა, გამომძიებლები ლიფტით როცა მე-18 სართულზე ავიდნენ, პირდაპირ საცხოვრებელ ბინაში აღმოჩნდნენ.

„ადვოკატმა გააკეთა მსგავსი ჩანაწერი, აქ რა გინდათ საერთოდ, ეს არაა ოზთურქის ბინაო?“ – იკითხა პროკურორმა იმის ხაზგასასმელად, რომ ახლა რასაც ადვოკატები მიიჩნევენ უკანონოდ, თავის დროზე წინა ადვოკატს არ გაუპროტესტებია.

ადვოკატ დავით ჩავლეიშვილს ამ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს. მას ჯერ ჩვენება სასამართლოსთვის არ მიუცია.

„არა, ასეთი ჩანაწერი ოქმში არ ყოფილა“, – თქვა მოწმემ დავით ჩავლეიშვილის შესახებ, შემდეგ კი თქვა, რაც მიუთითა ადვოკატმა ჩხრეკის ოქმში.

„მიუთითა, ჩემ მოსვლამდე აქ 10-ზე მეტი პოლიციელი გადაადგილდებოდაო“, – მოსამართლეს გახედა ისევ უფროსმა გამომძიებელმა, არჩილ სურმანიძემ.

„თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წაკითხული გექნებათ“, – ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა უფროს გამომძიებელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა გაახსენა. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება უნდა მოიპოვონ, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგალითად, ვიდეო გადაიღონ ჩხრეკის დროს.

„ეს შეიძლება დამსწრე გარეშე პირიც იყოს“, – ადვოკატის შეჩერება სცადა პროკურორმა ლევან მურვანიძემ. მან კითხვის განრიდება ითხოვა, რადგან გამომძიებელმა მანამდე განმარტა, ვიდეოს გადაღება არ ჩავთვალე საჭიროდო.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ კითხვა არ განარიდა, გამომძიებელმა თქვა, რომ ოზთურქის პირად  ჩხრეკას მისი ადვოკატი – დავით ჩავლეიშვილი და თარჯიმანი ესწრებოდნენ.

„მაშინ ბინის ჩხრეკა რატომღა გადაიღეთ, ისევ იქ იყვნენ ხო დამსწრე პირები?“ – არ მოეშვა უფროს გამომძიებელს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„ბევრი ოთახი იყო, მოცულობითი იყო…“ – გამომძიებელმა სცადა, დამაჯერებელი პასუხი გამოსვლოდა.

„ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადაგვეღო, უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვების მიზნით“, – დასძინა მოწმემ.

ადვოკატმა ამჯერად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გადაშალა და უფროს გამომძიებელს ის სამართლებრივი ნორმა წაუკითხა, რომლის მიხედვითაც მესაკუთრე თავის საკუთრებაში ჩხრეკის პროცესს უნდა ესწრებოდეს.

„ახლა ვიცით, რომ ეს იურიდიული პირის საკუთრებაა“, – აღარ დამალა გამომძიებელმა, რომ ჩხრეკის დაგეგმვის და მისი ჩატარების დროს საგამოძიებო ორგანოს არ გამოურკვევია, ვის საკუთრებაში ატარებდა ჩხრეკას.

„იქ იყო რეგისტრირებული ოზთურქი… მან თქვა, იქ ცხოვრობდა“, – უხერხული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სცადა გამომძიებელმა.

„მე რომ თქვენს ბინაში გავიარო რეგისტრაცია, მე ვიქნები მესაკუთრე?“ – გაოცდა ადვოკატი.

„არ იქნებით, მე ვმოქმედებდი მოსამართლის განჩინებაში მითითებული მისამართით“, – მოსამართლეზე ამოფარებაც სცადა გამომძიებელმა.

„კარგით ახლა“, – გაიღიმა ადვოკატმა, მოსამართლეს გახედა და ისევ მიუბრუნდა უფროს გამომძიებელს: – „ჩვენ ხომ ვიცით, რომ საგამოძიებო ორგანო ამზადებს დასაბუთებას და აწვდის მას სასამართლოს. მოსამართლე თავისი ინიციატივით ხომ არ ჩაწერდა მისამართს?“ – იკითხა ადვოკატმა.

„არა… დრო არ გვქონდა საკმარისი“, – მხრები აიჩეჩა უფროსმა გამომძიებელმა.

გამომძიებელი არჩილ სურმანიძე გამოკითხვაზე

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.

———–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: