მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რას გვეუბნება სისხლში მომატებული ლეიკოციტების დონე

25.12.2023 • 6323
რას გვეუბნება სისხლში მომატებული ლეიკოციტების დონე

ლეიკოციტოზი არის სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი რაოდენობა, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს მთელი რიგი მდგომარეობების, მათ შორის ინფექციების, ანთების, დაზიანებებისა და იმუნური სისტემის დარღვევების შესახებ.

როგორც თქვენი იმუნური სისტემის ნაწილი, ლეიკოციტები ცირკულირებენ სისხლში და რეაგირებენ სხვადასხვა სახის დაზიანებასა თუ დაავადებებზე. სისხლის საერთო ანალიზი, ძირითადად სწორედ ლეიკოციტოზის შესამოწმებლად ტარდება. „ ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი-ჰემატოლოგი დარეჯან ეფაძე სისხლში ლეიკოციტების რიცხვის მატებისა და კლების მიზეზებზე საუბრობს. 

  • ქალბატონო დარეჯან, რა ფუნქცია აქვთ ლეიკოციტებს?

ლეიკოციტებს თეთრ ბურთულაკებს ვუწოდებთ, ფორმიანი ელემენტებია, ისინი უშუალოდ მონაწილეობენ ორგანიზმის იმუნურ პასუხში. ეს ნიშნავს, რომ აკისრიათ ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია და მონაწილეობენ ორგანიზმში შემოჭრილი უცხო სხეულების, მაგალითად, ბაქტერიული და ვირუსული აგენტების ამოცნობა-განეიტრალებაში.

Cleveland Clinic: შეადგენს თქვენი სისხლის 1%-ს. თქვენ სხეულში სისხლის გაცილებით უფრო მეტი წითელი უჯრედია, ვიდრე სისხლის თეთრი უჯრედები. კერძოდ, ლეიკოციტები სისხლში არსებული უჯრედების 1 პროცენტზე ნაკლებია.

  • რა უნდა იყოს ლეიკოციტების ნორმა და რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს მათი ცვლილება ანალიზში?

ზოგადად, ლეიკოციტების ნორმა არის 4-დან 10 ათასამდე, თუ ლეიკოციტების მომატება გვაქვს, ამას ვუწოდებთ ლეიკოციტოზს, 4 ათასზე ნაკლები თუა ლეიკოციტების მაჩვენებელი, ეს არის – ლეიკოპენია.

სხვადასხვა მდგომარეობის, როგორც ჰემატოლოგიური, ისე არაჰემატოლოგიური დაავადებების დროს, ძალიან ინფორმაციულია ლეიკოციტების რიცხვის ცვლილება და არამარტო რიცხვის, არამედ მისი სხვადასხვა ტიპის: ნეიტროფილების, ეოზინოფილების, ბაზოფილების, მონოციტებისა და ლიმფოციტების პროცენტული და აბსოლუტური რიცხვის ცვლილება.

სხვადასხვა დაავადების დროს, მხოლოდ რიცხობრივად კი არ მცირდება ან იზრდება ლეიკოციტები, ლეიკოგრამის [ლეიკოციტური რიგის უჯრედების პროცენტული შეფარდება] შემადგენელი ნაწილებიც იცვლება, იმის მიხედვით თუ, რომელი აგენტი მოქმედებს ან რა დაავადებასთან გვაქვს საქმე.

Cleveland clinic: ორსულობის დროს სისხლის უჯრედების მაღალი რაოდენობა ნორმად მიიჩნევა, რადგან ამ დროს სხეული უბრალოდ განიცდის ბავშვის ტარების სტრესს.

  • რა იწვევს ლეიკოციტების მომატებას?

ლეიკოციტების მომატებას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, როგორც ჰემატოლოგიური, ისე არაჰემატოლოგიური დაავადებების დროს. 

ზოგადად, ყველა მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს – ვირუსული იქნება ეს თუ ბაქტერიული, ლეიკოციტები იმატებს. ასევე ყველანაირი სახის ანთებითი პროცესის დროს.

მაგრამ ლიმფოგრამით შესაძლებელია იმის დიფერენცირება, ბაქტერიით არის გამოწვეული ესა თუ ის პროცესი ორგანიზმში, თუ ვირუსით.

კერძოდ, თუ ვირუსით არის გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება (ცხელება იქნება ეს, სურდო თუ რა), მაშინ ლიმფოციტების რაოდენობა მატულობს და აღინიშნება ლიმფოციტოზი. ბაქტერიებით გამოწვეული დაავადების დროს იმატებნეიტროფილების რაოდენობა;

როცა არის ეუზინოფილია, ანუ მომატება ეუზინოფილების რიცხვის, რომლის პროცენტული შემადგენლობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი, უპირველეს ყოვლისა უნდა გამოირიცხოს ჰელმინთოზი, ანუ ჭიებით ინვაირება (როგორც ბავშვებში ისე დიდებში), შემდეგ უკვე ალერგიული პროცესები; ბაზოფილები – ხშირად იმატებს ანთებითი პროცესებისას, ყელის ანგინების დროს.

Cleveland Clinic: სისხლის თეთრი უჯრედების 5 ტიპი და როგორ იცავენ ისინი ორგანიზმს

  • ლიმფოციტები: შედგება T უჯრედებისგან, ბუნებრივი მკვლელი უჯრედებისგან და B უჯრედებისგან, რათა დაიცვან ორგანიზმი ვირუსული ინფექციებისგან და გამოიმუშაონ ცილები, რომლებიც გვეხმარება ინფექციასთან ბრძოლაში (ანტისხეულები).
  • ნეიტროფილები იცავენ სხეულს ინფექციებისგან ბაქტერიულ და სოკოვან აგენტების მოკვლით.
  • ბაზოფილები: იწვევს ალერგიულ რეაქციას, როგორიცაა ხველა, ცემინება ან სურდო.
  • ეოზინოფილები ამოიცნობს და ანადგურებს პარაზიტებს, კიბოს უჯრედებს და ეხმარება ბაზოფილებს ალერგიული რეაქციის წარმოებაში.
  • მონოციტები იცავენ ორგანიზმს ინფექციისგან დაზიანებული უჯრედების გაწმენდით.

 

  • რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება?

ნაკლებობის მიზეზი შეიძლება გახდეს მძიმე ანთებითი დაავადებები, ჩირქოვანით მიმდინარე, მიზეზი შეიძლება გახდეს ძვლის ტვინის დაზიანება [სისხლის თეთრი უჯრედები ფორმირდება ძვლის ტვინში], როგორიც არის აპლაზიური და ჰიპოპლაზიური ანემიები, ასევე შემცირება შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი B12-ის დეფიციტურმა ანემიამ, რადიაციურმა დასხივებამ და ა.შ.

Cleveland clinic ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს: როცა ძვლის ტვინს თავს ესხმის კიბოს უჯრედები (ლეიკემია), წამლის ზემოქმედება (ქიმიოთერაპია), ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსი.

  • ალბათ უშუალოდ ლეიკოციტების მომატებას ცალკეული სიმპტომატიკა არ ახასიათებს, რა აწუხებს ამ დროს პაციენტს?

ჰემოგლობინის ნაკლებობის დროს თუ არის სიფერმკრთალე და შეიძლება შეხედვითაც იეჭვო, რომ ჰემოგლობინის პრობლემაა, ლეიკოციტოზზე ასეთი გამოხატული ნიშანი არ არის, აქ უფრო ლეიკოციტოზის გამომწვევი პრობლემის სიმპტომი შეიძლება იყოს გამოხატული.

მაგრამ ეს მდგომარეობა (ლეიკოციტოზი), თუ ხანგრძლივია, აუცილებლად შეაწუხებს პაციენტს, რადგან იქ რაღაც კერა იქნება აუცილებლად, მაგალითად ჩირქოვანი კერა, ან სადღაც ანთება უნდა ვეძებოთ, თირკმლები შევამოწმოთ, ფილტვები შევამოწმოთ, გული შევამოწმოთ, ყველა სისტემის ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს.

თუ ჰემატოლოგიურ დაავადებასთან გაქვს საქმე, იქ ლეიკოციტების რიცხვი ძალიან მატულობს – 150 ათასამდეც შეიძლება ავიდეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: