განათლება,მთავარი,სიახლეები

40 წელია ირანში არ ვყოფილვარ, არც მე მინდა რეჟიმი და არც მას ვუნდივარ – მოჰამადის ცხოვრება ბათუმში

21.12.2023 •
40 წელია ირანში არ ვყოფილვარ, არც მე მინდა რეჟიმი და არც მას ვუნდივარ – მოჰამადის ცხოვრება ბათუმში

„ასეთი ირანული ანდაზაა, კაცს ეკითხებიან, სადაური ხარო, კაცი ამბობს, ჯერ ცოლი არ მომიყვანია და არ ვიცი სადაური ვარო“ – ამ ანდაზით იწყებს საუბარს მოჰამად რიგი „ბათუმელებთან“, წარმოშობით ირანელი იურისტი, რომელიც 30-ზე მეტი წელია საქართველოში ქართველ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რიგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ამბობს, რომ თავისუფლებადაკარგულ ირანთან ნათესაობას ვეღარ გრძნობს. „თავისუფლება კი, ჩემთვის ყველაფერია“, – გვეუბნება მოჰამადი.

  • მოჰამადის ცხოვრება ჩაქვისთავში და ქართველი მეუღლე

„ჩემი მეუღლე, მარინე გორგილაძე, რუსეთში გავიცანი. ორივე იქ ვსწავლობდით. მე იურისტი ვარ, ის ექიმია. 1993 წელს ვთხოვე ხელი, როსტოვში ვიქორწინეთ, 95-ში კი საქართველოში ჩამოვედით.

ოჯახი თავიდან წინააღმდეგი იყო, პირველი ირანელი ვიყავი, ვინც ცოცხლად ნახეს“, – სიცილით გვეუბნება მოჰამადი.

მისი თქმით, ქართული ოჯახისთვის მაინც პრობლემა იყო ირანელი სიძე. რისი ეშინოდათ? – ვკითხეთ მას. „ისტორიის, შაჰ-აბასის და კიდევ რა ვიცი, ბევრი რამის. შაჰ-აბასის შვილიშვილი ხარო, – მეუბნებოდნენ. მეთქი არ ვარ შვილიშვილი. საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს მის შტოსთან“- გვიყვება თავისი წარსულის ერთი ეპიზოდის შესახებ მოჰამად რიგი.

მისი თქმით, ირანის ისტორიაში საქართველოს შესახებ ბევრი კარგი რამ წერია და სწორედ ამან განაპირობა მისი საქართველოსადმი ინტერესი და სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში.

მოჰამადის ქალიშვილი, მიდია რიგი

„საქართველოს შესახებ ვსწავლობდით, რომ დიდი კულტურის, დიდი ცივილიზაციის მეპატრონე ქვეყანაა. თანაც ჩვენს მეფეებს ქართველი დედები ჰყავდათ ან ჩერქეზი და კავკასიასთან ეს კავშირები გვაახლოებდა.

აი, მე რუსეთშიც ვცხოვრობდი, მაგრამ რუსული კულტურა ძალიან უცხოა ჩემთვის, ქართული კი – უფრო ახლობელი, რადგან სტუმართმოყვარე ხართ, იცით მეგობრობა, აფასებთ ოჯახს, კავშირებს და ამაში გვაქვს მსგავსება.

რუსეთში რომ ვიყავი, ლექციაზე ვიღაც კაცმა შემოიხედა. ხელი დაუქნია ლექტორს და გაუღიმა. ვიფიქრე, ალბათ მეგობარია-მეთქი. ჩემი ლექტორი არ გავიდა გარეთ. მერე თქვა, ეს ჩემი ძმაა, შვიდი წელია არ მინახავსო. წარმოგიდგენიათ? შვიდი წელი. ქართველი კაცი რომ ყოფილიყო, სხვანაირად შეხვდებოდა. აი, ამაშია განსხვავება ქართულ და რუსულ კულტურას შორის“, – გვეუბნება მოჰამადი.

მოჰამად რიგი ოჯახთან ერთად ბათუმის ბულვარში

ის, რასაც მოჰამადი ქართულ კულტურაში ვერ შეეგუა, ალკოჰოლია. ამბობს, რომ ქართველებს ბევრი სმა უყვართ, თავიდან ვცადე კიდეც ფეხის აყოლა, თუმცა თავის ტკივილი მომიხშირდა, ხან რა ამტკივდა და ხან რაო. „ჰოდა, დავანებე თავი“ – ამბობს მოჰამადი.

კიდევ ერთი ამბავი, რის გამოც ქართველების სიძე გაწბილდა, ზედსიძობა იყო.

„ჩემი მეუღლე არის ჩაქვიდან, გორგაძეებიდან და ერთი წელი ვცხოვრობდი იქ, მისი მშობლების ოჯახში რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ. არ ვიცოდი, თუ ქართულ კულტურაში ეს მიუღებელი იყო. ჩასიძება არ უყვართ თურმე ქართველებს. ჩვენთან კი პირიქითაა, გოგომ პირველ ხანებში დედ-მამასთან უნდა იცხოვროს, რადგან შეიძლება ვერ შეეგუოს ახალ გარემოს. აქ პირიქით ყოფილა.

ერთ დღეს ნათესავის საუბარს მოვკარი ყური და მერე დავფიქრდი. მეუღლის მშობლებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მაინც ცალკე გადმოვედით საცხოვრებლად.

თუმცა ახლაც კი, როცა მეკითხებიან სადაური ხარო, ვეუბნები ჩაქვისთავიდან ვარ-მეთქი“, – გვიყვება მოჰამადი.

მოჰამადსა და მის მეუღლეს, მარინა გორგილაძეს ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

  • უცხოელის ბედი საქართველოში

„რთულია საქართველოში რეალიზება. საქართველო უყურებს, ვინ ხარ, ქართველი ხარ თუ არა. უცხოელი თუ ხარ, რომელი უცხოელი ხარ?! თუ ირანიდან ხარ, უარესი. არ უყურებს შენს ცოდნას, არც გამოცდილებას“, – ამბობს მოჰამადი.

მისი აზრით, დისკრიმინაციაა, როცა გვარის გამო ილახება თუნდაც მისი შვილის უფლება.

„ჩემს შვილს დედა ხომ ჰყავს ქართველი არა, მაინც არ მიიღეს პოლიციაში.

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, გამოცდები ჩააბარა, კარგად ისწავლა, სულ მაღალ ქულებზე დაასრულა. სპორტსმენიცაა, მაგრამ მაინც არ მიიღეს.

გასაუბრებაზე უთხრეს – დაგირეკავთო, მაგრამ არავინ არ რეკავს. რატომ? იმიტომ, რომ ირანული გვარი აქვს. არადა, ბავშვობიდან უნდოდა პოლიციელობა. დისკრიმინაციაა ეს, აბა რა. ჩემი გოგო ქართველზე ქართველია. ირანი არ უნახავს, სპარსული არ იცის, მაგრამ არც საქართველო იღებს.

ახლა როგორ ფიქრობთ, დედით ქართველ, აქ გაზრდილ, აქ განათლებამიღებულ ადამიანს რომ უჭირს ადგილის დამკვიდრება, ირანიდან ჩამოსული როგორ დამკვიდრდება?“ – გვეუბნება მოჰამად რიგი.

მოჰამადის აზრით, საქართველოში ორი სახის ტოლერანტობა არსებობს, ერთი ადამიანურია, მეორე კი – პოლიტიკური.

„ადამიანებში არსებობს მიმღებლობა და ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბევრი მეგობარი მყავს. თუმცა არსებობს პოლიტიკური „ტოლერანტობაც“, რომელიც სინამდვილეში არც არსებობს. ეს თამაშია. ქაღალდზე, კანონში არსებობს, თუმცა რეალურად არ არის.

ასე რომ არ იყოს, რატომ არ უნდა დაასაქმონ ადამიანი, რომელსაც განათლებაც აქვს და ღირსიც არის, რომ დასაქმდეს. მესმის, რომ ნეპოტიზმიც არსებობს, მაგრამ მაინც“, – გვეუბნება ის.

  • ორმაგი „აგენტი“ და 40 წელი სამშობლოს გარეშე

მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, მოჰამადი სამშობლოსთან თითქოს გაუცხოვდა.

„დიდი ხანია არ ვგრძნობ, რომ ირანელი ვარ, აქ მე ქართველი ვარ, მაგრამ ქართველებისთვის მაინც ირანელი ვარ“, – გვეუბნება ის.

„ისლამური რევოლუციის შემდეგ თავისუფლება რამდენიმე წელიწადი კიდევ შენარჩუნდა. გამოდიოდა წიგნები, გაზეთები, შემდეგ კი ყველაფერი შეიზღუდა. ირანის ისტორიაში ასეთი ცუდი პერიოდი არასდროს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ირანი მონღოლებისა და არაბების ხელში იყო.

ისლამურმა რევოლუციამ წაგვართვა თავისუფლება. ქალი დააბრუნა 1400 წლის გაგებაში, სადაც ქალი განიხილება როგორც ნივთი, საგანი. რომ ღმერთმა ქალი შექმნა იმისთვის, რომ კაცები კარგად იყვნენ.

მოჰამად რიგი ირანელი ქალების მხარდასაჭერ აქციაზე ბათუმში -„ქალი, ცხოვრება, თავისუფლება“

რეჟიმი ამბობს, რომ ეს არის ღმერთის ნება და ასე მანიპულირებს ღმერთის სახელით. ცხადია, არსებობს საზოგადოების ნაწილი, ვინც ხვდება, რომ ეს არ არის ღმერთის ნება, მაგრამ ისეთი ხალხიც არსებობს, ვინც ამას იჯერებს.

რომ მიხვდე ეს სიცრუეა, ამას სჭირდება სწავლა-განათლება, სხვა ქვეყნები უნდა ნახო, შედარება გააკეთო. ირანის რევოლუციის დროს 34 მლნ იყო მოსახლეობა, ახლა 90 მლნ-ია. სანამ ერთი 15 თაობა გაიგებს რამეს, ამას მეორე 15 ემატება, რომელმაც ასევე არაფერი იცის და ეს რთულია, რა თქმა უნდა.

ოდესმე ირანიც შეიცვლება, რადგან ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ როდის? – ეს უკვე სხვაა.

40 წელია ირანში არ ვყოფილვარ. არ ჩავდივარ. არც მე მინდა რეჟიმი და არც მას ვუნდივარ.

ვინც მენატრება, ვურეკავ, ვეკონტაქტები. მაგრამ სულ მესმის, რომ ყველა ტირის, ყვირის, ფიქრობენ, რომ იქ რაც ხდება არასწორია, მაგრამ ზოგი მაინც შედის სისტემაში, ფულს აკეთებენ, ბიზნესი აქვთ.

ქალის უფლება ნახევარი უფლებაა. მემკვიდრეობაშიც ასეა. ნაკლებია ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კაცის მოკვლას სისხლის ფასი აქვს, ქალის მკვლელობას კი ნახევარი ფასი. ადამიანობა არ არის, ლოგიკა არ არის, მეცნიერება არ არის, ცოდნა არ არის და სხვა ბევრი პრობლემაა.

ეს მოქალაქის უფლების დარღვევაა. დღევანდელ გაგებაში კი მთავარია მოქალაქე და არა ის, ვინ ხარ – სპარსელი, ქალი, კაცი, შავი, თეთრი, რელიგია და ასე შემდეგ“, – ამბობს მოჰამადი.

მოჰამად რიგი

მისი თქმით, რეჟიმს გამოქცეული ირანელი ბათუმში ცოტაა. არიან ისეთებიც, ვინც აქ ბინებს ყიდულობს, თუმცა ცხოვრებით ირანში ცხოვრობენ. დაინტერესებული არიან ბიზნესით.

„მე ფულზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ. სხვა ღირებულებებია ჩემთვის მთავარი. ამიტომ რეჟიმთან არასდროს მითანამშრომლია.

როცა აქ ჩამოვედი, ქართული არ ვიცოდი და პროფესიით ვერსად დავსაქმდი. თანაც იმ დროს, 95-ში, იურისტი არავის უნდოდა სამსახურში. ამიტომ სიმამრის საამქროში დავსაქმდი და კინაღამ თითიც შევწირე.

მოგვიანებით ინსტიტუტში დავსაქმდი რუსულ სექტორზე, თუმცა საათში 2 ლარს მიხდიდნენ.

შემდეგ მოხდა ვარდების რევოლუცია. აქციებშიც ვიღებდი მონაწილეობას, ერთი დღე-ღამე უნივერსიტეტშიც გავატარე. რევოლუციის შემდეგ რუსული სექტორები გაუქმდა და დავრჩი უმუშევარი. როცა ირანის საკონსულო გაიხსნა ბათუმში, კონსულმა დამიძახა. არ მინდოდა მათთან მუშაობა, თუმცა მაშინდელ კონსულს გერმანიაში ჰქონდა განათლება მიღებული და დასავლური ხედვა ჰქონდა. მითხრა, „შენც სამხრეთელი ხარ და მეც“, – რადგან ასე მითხრა, დავრჩი“, – ამბობს მოჰამადი.

საკონსულოში 5 წელი იმუშავა მრჩევლად, კონსულის შეცვლის შემდეგ კი სამსახური დატოვა.  „ისეთი ხალხი მოვიდა, არ იყვნენ დიპლომატები. პოლიციური გაგების ხალხი იყო და მათთან რთული იყო მუშაობა. დიდი ხელფასიც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი. ჩემთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. ჩემთვის ღირებულებებია მნიშვნელოვანი“, – გვეუბნება ის.

მოჰამადი ამბობს, რომ მის მიმართ ირანელებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ვიღაცისთვის ირანის აგენტია, ვიღაცისთვის კი საქართველოს აგენტი.

„აქ ბევრმა გახსნა ოფისი და ჩამოსულებს აკვალიანებს ბიზნესში. თუ უნდათ, რომ ჩემთან არ მოვიდნენ, ეუბნებიან „მუჰამადი საქართველოს აგენტია, არ მიხვიდე“. თუ ისეთი ვინმეა, ვინც არ არის კარგად ისლამურ რეჟიმთან, იმას ეუბნებიან, რომ ირანის აგენტი ვარ.

თუ სხვა გამოსავალი აღარ აქვთ და ყველა გზა ეწურებათ, მაშინ მოდიან ჩემთან“, – გვეუბნება ის.

  • საქართველო – მეორე სამშობლო

„კი, რა თქმა უნდა, სამშობლოდ მიმაჩნია. როცა ქართველი ცოლი არ მყავდა, მაშინაც კი რაღაცნაირი სიყვარული მქონდა ამ ქვეყნის. შესაძლებელია ეს შემთხვევითიც არ იყო, რადგან ხომ შემეძლო რუსი ცოლი მომეყვანა? მაგრამ არა, რუსეთშიც ქართველი ქალი ვიპოვე.

ირანში რომ  დავრჩენილიყავი, დიდი კაცი ვიქნებოდი, მაგრამ არ მინდა, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანი დაბადებით თავისუფალია და ასეც უნდა დარჩეს. 21-ე საუკუნეში ვართ, ირანი კი მე-8 საუკუნეში დაბრუნდა. ქვეყანა წინ არ წავა თუ თავისუფლება არ იქნება.

მარტო ადამიანი კი არა, თავისუფალი უნდა იყოს ეკონომიკა, ბიზნესი, საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული.

მე საქართველო ვნახე იმ დროს, როცა ყოველდღე უარესდებოდა ცხოვრება, შემდეგ კი ბევრად შეიცვალა მდგომარეობა. რა თქმა უნდა, კარგია კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო ქვეყანამ და აქვს ევროპული მისწრაფებები“, – გვეუბნება მოჰამადი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: