„თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების ასაშენებლად“ და „ბანკის ვალებისგან თავის დასახსნელად“, – ასეთი არგუმენტებით ქობულეთის საკრებულომ გასულ კვირას კიდევ ორი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. მათ შორის, ერთი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებდა სანაპირო ზოლში.
ქობულეთის სანაპიროზე არსებულ ორსართულიან შენობებსა და გამწვანებულ ეზოებს ერთმანეთის მიყოლებით ანაცვლებს მრავალბინიანი კორპუსების პროექტები. ამ პროცესის პარალელურად, გარდა იმისა, რომ ქალაქი იერ-სახეს იცვლის, ძეგლის სტატუსის მქონე შენობებსაც კარგავს.
ქალაქი კარგავს ასევე ლანდშაფტური ძეგლის სტატუსის მქონე ბაღს იმ სახით, რა სახითაც მას სტატუსი მიანიჭეს.
ქობულეთის ზღვისპირა ბაღის ცენტრალურ შესასვლელში არსებულ კოლონადას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ბაღს კი საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2006 წელს მიანიჭა.
„ბაღი ზღვის სანაპიროსა და ქობულეთის ცენტრალურ, დ. აღმაშენებლის ქუჩას შორის, გარკვეულ მონაკვეთს იკავებს. გზის მხარეს ის დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლის კედლით არის შემოსაზღვრული, ზღვის მხარეს კი გახსნილია და სასეირნო ბილიკს მიუყვება. ქუჩისკენ, ტროტუარის მიმყოლად განლაგებული კედლის ფარგლებში მოქცეულია ბაღში შესასვლელი სადა, დაბალი კოლონადა, რომელსაც მარჯვნიდან, სამთაღოვანი დამატებითი ნაგებობა (მოსაცდელი) ებჯინება. ობიექტი მასიური „ბურჯებისა“ და მათ შორის მოქცეული, დორიული კაპიტელებით დაგვირგვინებული წრიული გეგმის მქონე სვეტების მწკრივით განისაზღვრება. სადა კოლონადა, მიუხედავად მცირე ზომისა, ყურადღებას იქცევს კარგად გაწონასწორებული კომპოზიციითა და ოსტატურად შესრულებული გამოსახულებით. ბაღის ტერიტორიაზე, ძირითადად, წიწვოვანი ხეებია დარგული“ – ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს პორტალზე განთავსებულ მასალებში.
ცენტრალურ კოლონადას და მის გასწვრივ არსებულ მოაჯირს სპეციალისტები ასე აღწერენ:
„საინტერესოდ არის დაგეგმარებული. მისი კიდეები სწორხაზოვნად არის განლაგებული, ცენტრალურ ნაწილში კი ნახევარწრეს შემოხაზავს, შუაღერძზე გახსნილია. შესასვლელის წინ, კიდეების სისწორეზე აღმართულია სამი მასიური „ბურჯისა“ და მათ შორის მოქცეული ასევე სამ-სამი სვეტისაგან შემდგარი, ცალკე მდგომი ზღუდე. ნახევარწრიულად და სწორხაზოვნად განლაგებული სვეტების კუთხეებში „ბურჯები“, სხვებთან შედარებით, კიდევ უფრო მასიურია. „ბურჯების“ მასიური კიდეები თითო-თითო, დიდი ზომის რუსტებით არის დაფარული. მათ თავზე კი, რამდენიმე საფეხურიან კვარცხლბეკზე დეკორატიული ქოთნებია მოთავსებული, რომელთან ნაწილიც განადგურებულია.
ქალაქის სხვა ნაწილში ისტორიული ღობე ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა არ ვიცით აქვს თუ არა ძეგლის სტატუსი ამ ნაწილში არსებულ შესასვლელებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა, ისინი სამშენებლო ღობეებად არის გამოყენებული.
ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში და ვერც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ გვიპასუხეს, ვის აქვს ვალდებულება აღებული ძეგლების კონტროლზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ შენობების მიმდებარედ მშენებლობა იწყება.
ისევ მოუვლელი და მიტოვებულია ე.წ. ეფენდიევის ვილაც, ქობულეთში აღმაშენებლის #568-ში. ეს სახლი იმ შენობების ჩამონათვალში იყო, რომლის რეაბილიტაციაც ფონდ „ქართუს“ უნდა დაეფინანსებინა. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა 2019 წელს განაცხადა.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რესტავრაციის პროექტი შეისყიდეს და მესაკუთრეს უსასყიდლოდ გადასცეს. მესაკუთრემ სახლის შენობის პროექტის შესაბამისად რესტავრაციის ვალდებულება აიღო, თუმცა არ დაუსრულებია, მოაწყო მხოლოდ ინტერიერი. ფასადის რეაბილიტაციის ნებართვის მისაღებად კი სააგენტოსთვის ჯერ კიდევ არ მიუმართავს.